GE

„გადავხედოთ კარგად, ვინ ხეირობს?!“ – ვის ინტერესშია მასწავლებლის სქემის არსებული სახით შენარჩუნება და რატომ

„სქემის შემუშავება მასწავლებლის სახლის ფუნქციაა! -ეს დავიმახსოვროთ“, – ამბობს განათლების მეცნიერებათა დოქტორი, ზოგადი განათლების მკვლევარი ელზა ბადაშვილი და სოციალურ ქსელში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს საკუთარ ხედვას უზიარებს, თუ ვის ინტერესშია არსებული სახით მასწავლებლის სქემის შენარჩუნება და რატომ.

„მიმოხილვას 2015 წლიდან დავიწყებ, ვინაიდან აქედან დაიწყო, როდესაც მავანმა გადაწყვიტა მასწავლებლებისთვის დიპლომი გაეუქმებინათ და – პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭებინათ ყველა არასერტიფიცირებული მასწავლებლისთვის – საშუალო/პროფესიული განათლების მქონეთ, ბაკალავრებს, მაგისტრებს, დოქტორებს.

შემდეგ გადაწყვიტეს, რომ პრაქტიკოსი მასწავლებელი არ უნდა არსებობდეს სისტემაში. არადა, გადის წლები და მასწავლებლები ვერ აბარებენ გამოცდებს. თუ ყველას გაუშვებენ, სკოლები მასწავლებლის გარეშე დარჩება. ამიტომ, ისევ ტრენინგებით/კრედიტებითა და გამოცდის ნაწილობრივ ჩაბარებით გახადეს შესაძლებელი სტატუსის ამაღლება… ამ მეთოდით, პრაქტიკოსი პენსიონერების სახლში გაშვებით მიაღწიეს მიზანს და სისტემაში პრაქტიკოსი მასწავლებელი აღარ არსებობს.

ახლა, ამ უფროს მასწავლებლებზეც ხომ უნდა „იზრუნონ“?
უფუნქციოდ ხომ არ უნდა დარჩნენ ამდენი ტრენერ-ქოუჩები??
ჰოდა, დაიწყო „ზრუნვა” მათ (მასწავლებლების) კარიერულ ზრდაზე წამყვან-მენტორობამდე, მათ ტრენინგებზე და შემდეგ მათ შეფასებაზე.

ყველას გვახსოვს, 360 გრადუსით რომ უნდოდათ მასწავლებლებზე დაკვირვება (ჩვენ გვექნება მასწავლებლის ე.წ. 360-გრადუსიანი შეფასება, რაც გულისხმობს იმას, რომ შევაფასებთ როგორც მის პორტფოლიოს, ისე მთლიანად მისი საქმიანობის ამსახველ ყველა მტკიცებულებას. მანანა რატიანი, 2020 წელი, edu.aris.ge).

ისიც კარგად ჰქონდა მავანს გააზრებული, რომ ამ მარათონულ რბოლაში მასწავლებლები არ ჩაებმებოდნენ, რომ არა ფინანსური ინტერესი…

და არც შემცდარან!

გადავხედოთ კარგად, ვინ ხეირობს ამ სქემთ?! (აღარაფერს ვამბობ წელიწადში ერთხელ აუცილებელ ტრენინგებზე).

ამ დროს, მასწავლებლის სახლი არის მონოპოლისტი ტრენინგებში, რომელიც გასცემს კრედიტებს!!!

ჩემი ხედვა ასეთია: შუაში არის ტრენერ-ქოუჩების ინტერესი და ამაზე მორგებული სქემა. ასევე, ყოვლად დაუშვებელია სტატუსის „ჩუქება”, მაგრამ ამასაც თავისი ახსნა აქვს -მასწავლებლების დაყოფისთვის აუცილებელია შეიქმნას „ელიტ ჯგუფები“, რომლებიც ყოველთვის დაიცავენ სქემის შემქმნელებს და ხელს შეუშლიან მასწავლებლების გაერთიანებას უსამართლობის წინააღმდეგ!

ამ ისტორიას კიდევ აქვს გაგრძელება. მაგალითად, დაპირისპირება ესგ-ის დამნერგავებსა და მასწავლებლის სახლს შორის! ისე, ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა მასწავლებლის სახლის ფუნქციაა და ისმის კითხვა – რა საჭიროა სამინისტროში ასეთი ჯგუფის არსებობა? ჩემი ხედვა -აბა, მარტო მასწავლებლის სახლმა უნდა ატაროს ტრენინგები და აითვისოს ბიუჯეტი?! არა ბატონო, სამინისტროშიც არის ინტერესები, გაჩნდნენ ქოუჩები და დაუსრულებელი ტრენინგები…

ერთი კითხვა: რა თანხები დაიხარჯა მასწავლებელთა „ზრუნვაზე“ თუგინდ 2015 წლიდან დღემდე?

შედეგები კი ვიცით…

ახლა მასწავლებლებსაც გეკითხებით: როდემდე უნდა იყოთ სხვათა გამდიდრების წყარო? რას უნდა ებრძოლოთ? როდის გადმოგიგდებენ ერთ ბარტყს და ამით დაკმაყოფილდებით?

ჩვენ გვეუბნებიან – ეს თუ არ მოგწონთ, შემოგვთავაზეთ თქვენი ვერსიაო… ჯერ ერთი, ვერსიების შემოთავაზება არის „მავანის” საქმე. მიუხედავად ამისა, ჩვენ შეგვიძლია, შევთავაზოთ ძალიან ბევრი ვერსია, რათა მავანთა მოთხოვნები სამართლებრივ ჩარჩოებში მოვაქციოთ. ამისთვის კი, საკუთარი ამბიციების გვერდით გადადება და მოსწავლეზე ორიენტირებაა საჭირო!”, – წერს განათლების მეცნიერებათა დოქტორი 15 მაისს გამოქვეყნებულ წერილში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური