„ეს ის ფრაზებია, რომლებიც მოსწავლეებმა დაასახელეს, როგორც ყველაზე გამაღიზიანებელი და დამთრგუნველი“
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, სასკოლო სახელმძღვანელოს თანაავტორი ნინო ლომიძე იმ ფრაზებს აქვეყნებს, რომლებიც მოსწავლეებისგან მოისმინა, როგორც მათთვის დამთრგუნველი და იმ საფრთხეებზე მუთითებს, რაც ასეთ მიმართვებს ხანგრძლივ პერსპექტივაში მოჰყვება ხოლმე. ამასთან, პედაგოგი კოლეგებისა თუ მშობლების საყურადღებო მიდგომებსაც გვიზიარებს ამ ყოველივეს გამოსწორებისთვის.
“ჩვენ – მშობლები და მასწავლებლები – ზოგჯერ შინაგან ხმებად ვიქცევით ხოლმე.
ჩვენი შვილების, მოსწავლეების „იდუმალ ხმებად“, საკვირველ ხმებად. მხარდამჭერ ან პირიქით, მომცელავ, დამაბრკოლებელ ხმებად.
„დებილი რომ იყო, თავს დაგანებებდი!“, „იმას თუ შეუძლია, შენ რა გჭირს!“, „არ გაქებ, არ გეგონოს რამეს მიაღწიე!“, „შენ მეტი მოგეთხოვება!“, „თავში არ აგივარდეს!“, „ ნუ ფილოსოფოსობ!“, „მეტი შეგიძლია!“, „შენგან ამას არ ველოდებოდი“, „ეს ხარ სულ?!“, „როდემდე უნდა იყო ასე!“, „ზარმაცი, უქნარა, უვარგისი ხარ!“, „ყველა გჯობია!“, „სხვას თუ გამოსდის, შენ რა გჭირს!“, „ქულა არ გეკუთვნის!“, „ჭკუა გაქვს საერთოდ?“ ,“ჩამორჩენილი ხარ!“, „შენ ვერ გაუმკლავდები ამას!“, “რატომ არ შეგიძლია N-სავით შენც?“, „ნიჭი არ გაქვს!“, „შენ ვერ გაიგებ“, „სულ როგორ უნდა აცდენდე!“, „რა გეშველება!“”სულ ასე უნდა იყო?” …
ეს ფრაზები მოზარდებისგან „ავკრიფე“. „მოსავალი“ ორ სხვადასხვა კლასში „ავიღე“.
ეს ის ფრაზებია, რომლებიც მათ დაასახელეს, როგორც ყველაზე გამაღიზიანებელი, დამთრგუნველი, ერთმა თქვა და მომეწონა – „მომცელავი“ ფრაზები.
„ჩვენთან „კაი ტონად“ ის უფრო ითვლება, რომ მასწავლებელი არ „წუწუნებს“, არამედ „ასრულებს“
ასე იზრდებიან შიგანში შინაგანი ცენზორები, შინაგანი კრიტიკოსები, რომლებიც თავს მაშინ წამოყოფენ ხოლმე, როდესაც ქმედება, თვითგამოხატავა, გამოთქმაა საჭირო.
“ბავშვებთან საუბარი განსაკუთრებული ხელოვნებაა, რომელსაც თავისი კანონები აქვს“ – ამბობს ჰაიმ ჯინოტი წიგნში „მშობელსა და შვილს შორის“.
რა გზავნილებს ვუტოვებთ ჩვენი „ხმოვანი შეტყობინებებით“?
რა რჩებათ, რას იტოვებენ, რას აქცევენ შინაგან ხმებად?
რა უნდა შევცვალოთ ჩვენს სასაუბრო ენაში, მიმართვის ფორმებში…როგორ დავეუფლოთ ამ ხელოვნებას, ამ განსაკუთრებულ ხელოვნებას?
დაკვირვებით. საკუთარ თავზე დაკვირვება. იმ ფრაზების, გზავნილების ამოწერა ფურცელზე. სწორედ ასე – ამოწერა, რომ უფრო თვალსაჩინო იყოს, რომ ვეღარ “შევალამაზოთ” იუმორით ან “იუმორით”.
გაფილტვრა.
მუდმივი შეხსენება, რომ დუმილი ოქროა, მოსმენა – ზოგჯერ მეტად საჭირო და ჭკუისსწავლება, დარიგება, ჩიჩინი და “მეუკეთვიცი” – სულ სხვა ნაერთი და ნივთიერება. ტოქსიკური. უვარგისი.
ილუსტრაცია: Brian Kershisnik everyone is carrying stuff
- „საქართველოში განათლების მინისტრი თვეში დაახლოებით 4000 აშშ დოლარს აიღებს, მაშინ როცა მასწავლებლების ხელფასი 600 დოლარამდეა“ by სოციალური ქსელები
- „გადახედეთ „მგზავრის წერილებს“ – როგორ ხსნის განათლების სპეციალისტი ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოების პროტესტს by სოციალური ქსელები
- „ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვლიდან როცა ამოიღებ ილიას „ბენდიერ ერს“, განდეგილს“, გასაგებია თუ რა იდეით იმართება „განათლების“ სისტემა“ by სოციალური ქსელები