„იმედია, შეფასება სასკოლო სისტემის ნაწილი აღარ იქნება – დღევანდელ გაკვეთილზე შენ დაიმსახურე უმაღლესი შეფასება…“
“შეფასება სასკოლო სისტემის განუყოფელი ნაწილია. ასე იყო ოდითგანვე, ახლაც ასეა და იმედია, ასე აღარ იქნება მომავალში. შესრულებულ სამუშაოებში, მოსწავლეთა ნაააზრევში, ნაფიქრში, ნაწერში, გაკეთებულში სისტემა ეძებს და „აწითლებს“ შეცდომებს. მეტწილად სწორედ შეცდომების აღმოჩენასა და გამოსწორებას ვასწრებთ და ვახერხებთ”, – ამის შესახებ საკუთარ წერილში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, სასკოლო სახელმძღვანელოს თანაავტორი ნინო ლომიძე წერს.
ის ფიქრობს, რომ შეცდომებზე ორიენტირება პროცესს უფრო ვნებს, ვიდრე რგებს, რომ შეცდომების ტაბუირება და ქულაზე/ნიშანზე ორიენტირება არაა ის აქტი, რომელიც მყისიერ შედეგს იძლევა და შეცდომების აღნუსხვასთან ერთად, მნიშვნელოვანია მიღწევების შემჩნევა და აღნიშვნა.
“რასაკვირველია, შეცდომების აღმოჩენა მნიშვნელოვანია. შეცდომების გამოსწორება სავალდებულოა. პრობლემა ჩნდება მაშინ, როდსაც პროცესი ამაზეა მიმართული და სხვა ასპქეტები ნაკლებადაა გათვალისწინებული.
გვავიწყდება, რომ შეცდომების გარდა ნამუშევარში, ნაფიქრში, გაკეთებულში არის შესანიშნავი და აღსანიშნავი დეტალები.
ამ სისტემისგან, ამ მატრიცისგან თავის დასაღწევად მნიშვნელოვანია შევყოვნდეთ.
მარათონულ რბოლას ჰგავს სასწავლო სემესტრი.
მოსწრებაზე ვართ.
ამ მოსწრებისას, ამ დოღში, დაუღალავად ვაფასებთ და ვაფასებთ. ვაწერინებთ შემაჯამებლებს. ამ შემაჯამებლებში გამოვყოფთ და ვამინუსებთ შეცდომებს. ვაკლებთ ნიშნებს. ვწერთ ნიშნებს. ვთხოვთ ნიშნების გამოსწორებას შვილებსა და მოსწავლეებს. და გვავიწყდება, რომ ნიშნებისა და შეცდომების მიღმა არსებობს შემეცნების თავგადასავალი. შემეცნების მრავალწახნაგოვანი პროცესი. შემეცნების წყურვილი.
ადამიანი ცნობისმოყვარე არსებაა. არა მხოლოდ შეფასებისა და აღიარების მსურველი, არამედ შემმეცნებელი. ადამიანი არ არის საცდელი თაგვი, რომელსაც სასურველ შედეგს დავასწავლით სასჯელისა და წახალისების გზით. ჩვენი სისტემა დღეს სწორედ ასე მუშაობს – კარგი შედეგები წახალისდება კარგი ნიშნებით. ცუდი შედეგები „დაისჯება“ ცუდი ნიშნებით.
„ცუდია“ – „კარგია“ კატეგორიებს მიღმა არსებობს მთელი სპექტრი. მთელი საბადო აუთვისებელი და გამოუყენებელი მეთოდებისა და სიტყვიერი, განმავითარებელი გზავნილები ამ არსენალშია.
„დღევანდელ გაკვეთილზე შენ დაიმსახურე უმაღლესი შეფასება აქტიური მოსმენისა და საინტერესო კითხვების დასმისთვის, რომლებზე პასუხების გაცემითაც სხვებმაც შეიტყვეს ის, რაც არ იცოდნენ“.
მაშ,
სხვაგვარად:
„დღევანდელ გაკვეთილზე შენ დაიმსახურე უმაღლესი შეფასება აქტიური მოსმენისა და საინტერესო კითხვების დასმისთვის, რომლებზე პასუხების გაცემითაც სხვებმაც შეიტყვეს ის, რაც არ იცოდნენ“, – წერს ნინო ლომიძე.
პედაგოგი განმარტავს, რომ არასასურველი მიმართებები ღრმად იბუდებს და სტერეოტიპებად, გამჯდარ ინტროექციებად ყალიბდება. მაღალ კლასებში, უნივერსიტეტში, შემეცნების პროცესში ეს შეიძლება გამოვლინდეს იმით, რომ ადამიანს გაუჩნდეს სურვილი და მოლოდინი, შეასრულოს მხოლოდ საუკეთესოდ, მხოლოდ უმაღლესი შეფასების მისაღებად.
- „ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გამათავისუფლეს“ – სკოლის დირექტორის მიმართვა მოსწავლეებსა და მშობლებს by სოციალური ქსელები
- „ეს ის ფრაზებია, რომლებიც მოსწავლეებმა დაასახელეს, როგორც ყველაზე გამაღიზიანებელი და დამთრგუნველი“ by სოციალური ქსელები
- „ვოცნებობ დღეზე, როდესაც მასწავლებლებიც დავწერთ ისტორიას და ყველა ერთად ვეტყვით „არას“ ტყუილს!“ by სოციალური ქსელები