GE

განათლებაში ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასებია, მედიანური ხელფასების გაანგარიშებით კი, ეს სფერო ბოლოდან მეოთხეა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს, 10 ოქტომბერს, 2021 წელს დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასების სტატისტიკა გამოაქვეყნა. ცნობისთვის, მედიანური ხელფასი ასახავს ანაზღაურებას, რომელსაც საშუალოდ ყველაზე მეტი ადამიანი იღებს. საშუალო ხელფასი ყველა დასაქმებულის მიერ აღებული ხელფასის საშუალო არითმეტიკულია, მედიანური ხელფასი კი ასახავს ზუსტ მაჩვენებელს ყველაზე მაღალსა და დაბალ ხელფასებს შორის.

საქსტატის ინფორმაციით, 2021 წელს, საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 11.2 პროცენტით გაიზარდა და 900 ლარი შეადგინა, თუმცა საშუალო თვიური ხელფასის რაოდენობა განათლების სფეროში დასაქმებულთათვის ყველაზე დაბალია ყველა სხვა დარგთან შედარებით. რაც შეეხება მედიანურ ხელფასს, განათლების სფერო ამ ჩამონათვალში ბოლოდან მეოთხე ადგილზეა.

მედიანური ხელფასის ოდენობა განათლების სფეროში დასაქმებულებისთვის 649 ლარია, ხოლო საშუალო თვიური ხელფასი – 835. მედიანურ ხელფასში განათლების სფეროს ჩამორჩებიან: ხელოვნება, გართობა და დასვენება – 645 ლარი; წყალმომარაგება, კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები – 625 ლარი და სხვა სახის მომსახურებები – 500 ლარი.

საქმიანობების სახეების მიხედვით, 2021 წელს, შედარებით მაღალი მედიანური ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 509 ლარი; სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 1 386 ლარი; ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 1298 ლარი; მშენებლობა – 1 276 ლარი. სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება – 1 273 ლარი.

როგორც საქსტატი განმარტავს, მომხმარებელთა მხრიდან ხელფასების სტატისტიკურ მონაცემებზე მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, მათ შრომის სტატისტიკის დამატებითი მაჩვენებლის, დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასის წარმოება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემების საფუძველზე დაიწყეს.

„გასათვალისწინებელია ისიც, რომ არსებული გამოკვლევის ფარგლებში, მედიანური ხელფასის გასაანგარიშებლად, საწარმოებისგან/ორგანიზაციებისგან საჭირო იქნებოდა ინდივიდუალური მონაცემების მოპოვება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდიდა რესპონდენტების ტვირთს. ამიტომ, აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მედიანური ხელფასის გაანგარიშება მთლიანად ეფუძნება ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროებს“, – წერია საქსტატის დოკუმენტში.

ასევე იხილეთ:

„ახალი სტანდარტით სკოლის დირექტორის პასუხისმგებლობა გაიზარდა და ხელფასების გაზრდის მოლოდინიც უნდა გვქონდეს“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური