GE

„ახალი სტანდარტით სკოლის დირექტორის პასუხისმგებლობა გაიზარდა და ხელფასების გაზრდის მოლოდინიც უნდა გვქონდეს“

პედაგოგი, სკოლის დირექტორობის მსურველი მაგდალინა უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ რადგან 2023 წელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისთვის მოსამზადებელი პერიოდია, სკოლის დირექტორს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობები დააკისრეს.

ამის შესახებ ის EDU.ARIS.GE-ს სკოლის დირექტორის ახალი სტანდარტის შესახებ დასმული კითხვების პასუხად ესაუბრა.

საჯარო სკოლის ყოფილი მასწავლებელი კახეთის რეგიონში გეგმავს დასაქმებას და ფიქრობს, რომ დირექტორების ყველაზე დიდი გამოწვევა კადრებისა და რესურსების გადანაწილების კუთხით აქვთ და მისთვისაც ეს იქნება არსებითი.

რა ვალდებულებები აქვს დირექტორს სკოლის ფილოსოფიის შექმნისთვის, რომელიც ახალი სტანდარტით მოეთხოვება და ავტორიზაციას დაეხმარება

„8 წელი ვმუშაობდი სკოლაში. საცხოვრებლის შეცვლა მომიხდა და 6 თვე იქნება, რაც აღარ ვასწავლი, კერძო მოსწავლეები მყავს. დიდი სურვილი მაქვს, წარმატებით ჩავაბარო დირექტორის გამოცდა და ჩემს რეგიონში დავსაქმდე, არ ვგეგმავ დედაქალაქში გადმოსვლას. ეს არ არის პირველი მცდელობა, რომ დირექტორის გამოცდა ჩავაბარო, წაკითხული მაქვს ძველი სტანდარტებიც და ახალში უფრო მეტი კონკრეტიკაა. ის, რომ ლიდერი უნდა იყოს დირექტორი, ძველ სტანდარტში ასე იყო და ლიდერობა გულისხმობს მართვის, თანამშრომლობის, პრობლემის ადეკვატურად გადაჭრის უნარს, რესურსების სწორად გადანაწილებას.

მე რომ დირექტორი ვიყო, ჩემთვის ალბათ, ყველაზე დიდი გამოწვევა კადრებთან და რესურსების სწორად გადაწილებასთან იქნებოდა დაკავშირებული, საჯარო სკოლის ბიუჯეტი რომ მცირეა, ეს ყველამ ვიცით და რესურსებიც ასევე მცირე. 1 ლეპტოპი, რომ აქვს 50 მასწავლებელს უკვე დიაგნოზი მგონია“, – გვეუბნება მაგდალინა უსუფაშვილი.

მისი თქმით, იმ პასუხისმგებლობებთან მიმართებით, რომელსაც სკოლის მმართველს ახალი სტანდარტი აკისრებს, დირექტორის ხელფასი მცირეა.

„ახალ სტანდარტში დავინახე, რომ რადგან 2023 წელი არის ავტორიზაციის პერიოდი, დირექტორს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობები დააკისრეს, რაც ლოგიკურია და აქვე დირექტორის ხელფასზეც მინდა ვთქვა, რომ ძალიან მცირეა. მით უმეტეს, ახალი სტანდარტი მის შრომით დატვირთვასაც ზრდის. ალბათ, ხელფასი უნდა იყოს მინიმუმ 1800-2000 ლარი, თუმცა ეს თანხაც მცირეა თუ გავითვალისწინებთ, რომ დირექტორი მმართველ პოზიციაზეა და მასწავლებელს მასზე მეტი ანაზღაურება არ უნდა ჰქონდეს. დღეს, სამწუხაროდ, ასეა და რადგან პასუხისმგებლობები გაიზარდა, მოლოდინი იმისა, რომ სკოლის დირექტორთა ხელფასებიც გაიზრდება, უნდა გვქონდეს“, – აღნიშნა სკოლის ხელმძღვანელობის მსურველმა.

შეგახსენებთ, რომ საჯარო სკოლის დირექტორის ან მოვალეობის შემსრულებლის ანაზღაურება დღესდღეობით 650 ლარიდან იწყება და 2800-მდე მერყეობს(თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორთან გადამოწმებული ინფორმაციით. ავტ.) ხელფასის ოდენობა კი სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობაზეა დამოკიდებული და მათი კონტინგენტის პროპორციულად იზრდება.

ამავე თემაზე:

საჯარო სკოლის დირექტორის როლი და ფუნქციები – ახალი სტანდარტი დამტკიცდა

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური