განათლების კვლევებზე პოლიტიკური კონტროლის დამყარების სურვილი? – რატომ შექმნა მთავრობამ ახალი ცენტრი
„ამ ცენტრის შექმნით, თავისთავად, არაფერი გამოსწორდება, რადგან კიდევ ერთი ორგანიზაციის გაჩენით პოლიტიკური ნების ცვლილება ვერ მოხდება. ჩნდება ეჭვი, რომ ეს ორგანიზაცია იქმნება არა სისტემის გაძლიერებისთვის, არამედ იმისთვის, რომ განათლების კვლევებზე მეტი კონტროლი დამყარდეს“, – ასე ხედავს ახალი, საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის შექმნის მიზანსა და დანიშნულებას განათლების მკვლევარი, ექსპერტი სიმონ ჯანაშია, რომლისთვისაც ცხადია, რომ ცენტრს არსებული მაგალითებისა და პოლიტიკური ნების პირობებში, უკეთეს შემთხვევაში ფორმალური, უარეს შემთხვევაში კი პარტიული ინტერესების გამტარებლის ფუნქცია ექნება.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ ინფორმაცია 2023 წლის იანვრის ბოლოს გახდა ცნობილი, როცა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით გამოქვეყნებული შესაბამისი დადგენილება ძალაში შევიდა. მოგვიანებით, ცენტრის შესახებ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ გამოცემული დებულების მეშვეობით მეტის გაგება გახდა შესაძლებელი, რაზეც EDU.ARIS.GE-მ დეტალური ინფორმაცია უკვე მოგაწოდათ. და სტატიის ქვეშ საინტერესო შეფასებებიც ამოვიკითხეთ. თუმცა, ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ცენტრის მიზანსა და ფუნქციებს აღწერს, არაფერს ამბობს ისეთ მნიშვნელოვან კითხვებზე, როგორიცაა ის, თუ რატომ დადგა მისი დაარსების აუცილებლობა, აქვს თუ არა ქვეყანას კიდევ ერთი ასეთი ცენტრის არსებობის ფუფუნება, რამდერნად ღირებული იქნება სამუშაო, რომელსაც იგი შეასრულებს, როგორ უნდა მოახერხოს საზოგადოების ნდობის მოპოვება და სხვა.
სწორედ ამ და სხვა კითხვებით მივმართეთ სიმონ ჯანაშიას, რომლისთვისაც რეალობა არცთუ ისე ნათელ ფერებშია და არ ელის, რომ ცენტრის დაარსებას კეთილშობილური და საქვეყნო მიზნები აქვს.
სიმონ ჯანაშია: არ ჩანს რატომ აკეთებენ ამას. დაახლოებით იგივე ფუნქციები, დღეს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს გააჩნია და ისე გამოდის, თითქოს გაყოფა ხდება – ერთი უწყება კვლევებს ჩაატარებს, მეორე კი – გამოცდებს. ის ფუნქციები, რაც ახალი ცენტრის დებულებაში წერია, ჩემი აზრით, სახელმწიფოს საერთოდ არც უნდა ჰქონდეს და აქამდე რომ ჰქონდა, ეგეც შეცდომა იყო. განათლების კვლევები სახელმწიფო ორგანიზაციის ჩასატარებელი არ არის. ასეთი კვლევების სანდოობა, სამეცნიერო წრეებში, დაბალია, რადგან ხშირადაა პოლიტიკურად მართული.
მაგალითად, ჩვენ ვნახეთ, რომ 2020 წელს საერთაშორისო კვლევების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებამ სპეციალურად დაიგვიანა, არჩევნების გამო. იგი მხოლოდ არჩევნების შემდეგ გამოქვეყნდა. არ უნდოდათ არჩევნების წინ გამოეჩინათ. როცა ვხედავთ, განათლების კვლევები ასე იმართება იმ ორგანზიაციაში, რომელსაც განათლების სამინისტრო კურირებს, ბუნებრივია, მათ მიმართ ნდობა დაბალია. ამ კვლევებს უნივერსიტეტები უკეთ ჩაატარებდნენ. მეტი ახალაგზრდა ჩაერთვებოდა და ეს, თავისთავად, დარგს გააძლიერებდა.
– გასაგებია, რომ განათლების ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია, მაგრამ თუკი განათლების სისტემის ინტერესებიდან გამოვალთ, რამდენად სწორი და შესაძლებელია ჩვენი რეალობისთვის ასეთი ცენტრის შექმნა, მისი შენახვა.. რა იყო ამ ცენტრზე აუცილებელი, რის გაკეთებაც შეეძლო სახელმწიფოს განათლების სისტემის გაჯანსაღებისთვის?
– სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული და გაკონტროლებული კვლევა სისტემას მინიმალურ სიკეთეს მოუტანს. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ ხელი შეუწყოს დამოუკიდებელი, ავტონომიური და ამავდროულად განვითარებადი ორგანიზაციების შექმნას, როგორებიც უნდა იყოს უნივერსიტეტები, რომ განათლების კვლევებში მნიშვნელოვანი, სანდო და სასარგებლო განვითარება ვნახოთ. რაც შეეხება პრიორიტეტებს, სახელმწიფო სულ უფრო მეტ ძალისხმევას დებს კონტროლსა და შემოწმებებზე – ამოწმებს მასწავლებლებს, სკოლებს, უნდა შეამოწმოს მოსწავლეების შედეგები, უნდა შეამოწმოს სახელმძღვანელო, უნივერსიტეტის პროგრამა და ა.შ. და ძალიან ცოტას აკეთებს იმისთვის, რომ სკოლებში იყოს უკეთესი გარემო, იყოს პირობები უკეთესი მასწავლებლების განათლებისთვის, სკოლებს ჰქონდეთ მოტივაცია, რომ განვითარდნენ, განსაკუთრებული საჭიროებების მქონეებს, განსაკუთრებით სოფლებში და მაღალმთიან დასახლებებში ჰქონდეთ უკეთესი პირობები სწავლისთვის.
– რა მინუსები შეიძლება ჰქონდეს კვლევითი საქმიანობის ასეთ ცენტრელიზებულ ჩარჩოებში მოქცევას?
– სახელმწიფოს მიერ ჩატარებული კვლევა ხშირად აღიქმება როგორც შეფასება. მაგალითად, როცა დამოუკიდებელი მკვლევარი სკოლაში მიდის და კვლევას ატარებს, სკოლას სჯერა, რომ ამ კვლევას, მისთვის, რეპუტაციული ზიანი არ მოაქვს. იმ დროს კი, როცა სახელმწიფო აქვს უფლება განსაზღვროს ვინ იქნება სკოლის დირექტორი, ცხადია, რომ მის მიერ ჩატარებულ კვლევებს ნაკლებად ენდობიან და მეტად ეშინიათ. ასე რომ, ჩემი აზრით, ახლაც შეცდომაა ეს ფუნქცია შეფასებისა და გამოცდების ცენტრს რომ აქვს და არა უნივერსიტეტებს.
გარდა ამისა, მსგავსი კვლევები, ჩვენთან, თითქმის ოცი წელია ტარდება, მაგრამ თუკი შედეგებს არ ვითვალისწინებთ, რა საჭიროა მათ ჩასატარებლად კიდევ ერთი ცენტრის შექმნა? ჩნდება ეჭვი, რომ ეს ორგანიზაცია იქმნება არა სისტემის გაძლიერებისთვის, არამედ იმისთვის, რომ განათლების კვლევებზე მეტი კონტროლი დამყარდეს, რაც პარტიას შეიძლება აინტერესებდეს, რათა საზოგადოებაში, თუნდაც განათლების დაბალ ხარისხთან დაკავშირებით, ნაკლები პროტესტი იყოს. მეორე ეჭვი უკვე ისაა, რომ იგი ადამიანთა გარკვეული ჯგუფის დასასაქმებლად იქმნება. როცა კადრებს დანიშნავენ, მერე გამოჩნდება ასეა თუ არა.
– დაახლოებით რა ოდენობის ფულადი და ადამიანური რესურსით უნდა იყოს აღჭურვილი ცენტრი, რათა ჩამოთვლილი მიზნები მეტნაკლებად მაინც შეასრულოს?
– ვერ გეტყვით. თუ ეს პოლიტიკური პროექტი იქნება, პარტიის უპირატესობების შესანარჩუნებლად სახელმწიფოს ფული არ ენანება.
– გსმენიათ თუ არა მსგავსი ცენტრის ანალოგის არსებობის შესახებ სხვა ქვეყნებში?
– კი, მაგალითად ყირგიზეთში და არ მგონია, რომ ყირგიზეთის მაგალითი საუკეთესოდ მისაღები იყოს. საერთაშორისო პრაქტიკას თუ გადავხედავთ, იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ითვლება, რომ კვლევები სახელმწიფოს საქმეა, ამას დამოუკიდებელი ორგანიზაციები აკეთებენ – სახელმწიფო ტენდერს აცხადებს და გამოავლენს ორგანიზაციებს, რომელთაც ამის ადმინისტრირება შეუძლიათ. ასე ხდება ისეთი საერთაშორისო კვლევების დროს როგორიცაა, მაგალითად, PISA. ჩვეთან ეს სახელმწიფოს აქვს მონოპოლიზებული, რაც არახარჯთეფექტიანია, რადგან ძალიან ბევრი იხარჯება იმაზე, რისი გაკეთებაც, ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში, უფრო იაფად შეიძლება. მეორეს მხრივ კი, იგი გამოყენებულია როგორც კონტროლის მექანიზმი.
– ცენტრი, ნაწილობრივ, ბიუჯეტიდან დაფინანსდება და მის ხელმძღვანელს მინისტრი დანიშნავს. რა პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა ეს მის დამოუკიდებლობასთან, ობიექტურობასა და ეფექტურ მუშაობასთან დაკავშირებით?
– სამინისტროსგან დამოუკიდებელი ცენტრი რომ შექმნილიყო, რომელიც, მაგალითად, პრეზიდენტს ემორჩილება, კიდევ რაღაც არგუმენტი ექნებოდათ. დღეს, გამოცდების ორგანიზებისთვის, შეფასებისა და გამოცდების ცენტრი 17 მილიონ ლარს იღებს ბიუჯეტიდან. ამ თანხის მცირე წილი იხარჯება უშუალოდ გამოცდების ორგანიზებისთვის. დანარჩენი, დიდი წილი კი ბიუროკრატიასა და ადმინისტრირებაში მიდის. ამას კიდევ სხვა ხარჯები ემატება – ახალი ორგანიზაციის შექმნისა და შენახვის. გაუგებარია, რატომ ჯობია ბიუროკრატიული ხარჯები გაიზარდოს და რატომ არ ჯობია იგივე ფუნქციები უნივერსიტეეტბზე გადანაწილდეს.
– ცენტრის საქმიანობების ჩამონათვალში წერია: „ცენტრი ხელს უწყობს სამეცნიერო და გამოყენებით კვლევების წარმართვას განათლების სისტემის ყველა საფეხურზე“. როგორ უნდა მოხერხდეს ეს და მისი საქმიანობის გამჭვირვალობის კონტროლი?
– იდეალურ შემთხვევაში, იგი არ უნდა ექვემდებარებოდეს პარტიის ინტერესებს, მაგრამ სამინისტრო აკონტროლებს ყველა იმ ცენტრის საქმიანობას, რომელიც მის დაქვემდებარებაშია. სხვა სამინისტროებიც კი თითებს უქნევენ და ეუბნებიან, რომ პირველ რიგში მათი პოლიტიკა უნდა გაატარონ. ანუ, დღევანდელ სიტუაციაში ვერ ვხედავ როგორ უნდა იყოს სახელწმიფოს მიერ პირდაპირ ორგანიზებული სამუშაო დამოუკიდებელი. საპირისპიროს კი ბევრს ვხედავთ, მაგალითად იმას, რომ ერთ-ერთი სამინისტრო სამეცნიერო ფონდს საყვედურს უცხადებს იმისთვის, რომ კვლევებისთვის გრანტების გაცემამდე ჯერ ბიუროკრატებს არ დაეკითხნენ.
ვფიქრობ, რომ ეს ხელს შეუშლის მეცნიერების მუშაობას. უნივერსიტეტების ერთ-ერთი სისუსტე არის ისიც, რომ იქ დასაქმებული ადამიანების დიდი ნაწილი, დამატებითი შემოსავლის მიღების გამო, მსგავს ორგანიზაციებში იწყებს მუშაობას და ამით, ფაქტობრივად, სახელმწიფოზე დამოკიდებულები ხდება. დამოუკიდებელი კვლევების ჩატარების ნაცვლად, ძირითადად, სახელმწიფოს დაკვეთას ასრულებენ. ჩუმად არიან მაშინ, როცა საზოგადოებისთვის მტკივნეულ საკითხებზე მთავარი მოსაუბრეები უნდა იყვნენ და თავიანთი კვლევის შედეგები საზოგადოების სამსჯავროზე უნდა გამოჰქონდეთ. ამას არ აკეთებენ, რათა სახელმწიფო დასაქმების ადგილები არ დაკარგონ. ასე რომ, განათლების სფეროში მომუშავე ადამიანები პოლიტიკურ პარტიებზე დამოკიდებულები ხდებიან.
– გამოდის, ნდობას ვერ მოიპოვებს? მაგალითად, მათ მიერ გამოცემული სამეცნიერო ჟურნალი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვერ იქნება წონიანი ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე?
– სამეცნიერო ჟურნალებს სახელმწიფო არ ქმნის. სამეცნიერო ჟურნალებს ქმნიან მეცნიერები და მეცნიერები არ არიან ისინი, ვინც ბიუროკრატიით არიან დაკავებულები. ესაა უბრალოდ ბიუროკრატიული ორგანიზაცია, სამინისტროს ნაწილი, რომელიც სახელმწიფოს მიერ მოცემულ დავალებებს ასრულებს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქამდეც არსებობდა და სამეცნიერო პუბლიკაცია მათ არ გაუკეთებიათ. რაღაც კვლევებს ატარებდნენ, მაგრამ ეს სამეცნიერო კვლევები არ არის, რადგან ისინი არ გადიან იმ ეტაპებს, რომელსაც ნებისმიერი სამენიერო კვლევა გადის. ანუ, ისინი ქვეყნდებიან არა სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალებში, არამედ იმ ორგანიზაციები ანგარიშებში, რომლებიც თავად არიან ამ კვლევების ონიციატორები. მერე საკუთარ თავს ციტირებენ და ამით იმიჯს იქმნიან.
– მაშინ რას წაადგება საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის შექმნა, არის ასეთი საგანმანათლებლო სფეროში?
– არ ვიცი. შეიძლება, რაღაც ტექნოლოგიების შემოტანას, რაც ჯერ საქართველოში არ არის, დაეხმაროს. ამ ცენტრის შექმნით, თავისთავად, არაფერი გამოსწორდება, რადგან კიდევ ერთი ორგანიზაციის გაჩენით პოლიტიკური ნების ცვლილება ვერ მოხდება.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება