სიმონ ჯანაშია: ამ სქემით შესრულდა მიზანი, რომ მასწავლებლის დაბალი ხელფასი „მისი ბრალია“ და არა სახელმწიფოსი
„მიზანი, რომლისთვისაც მასწავლებლების პროფესიული ზრდის სქემა შეიქმნა, შესრულებულია – მასწავლებლებმა არ აპროტესტონ დაბალი ხელფასები, ერთდროულად არ მოუწიოთ ყველა მასწავლებლისთვის ხელფასების ზრდა და პროცესი გაიწელოს 10 წელიწადზე“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს განათლების მკვლევარმა სიმონ ჯანაშიამ მასწავლებელთა პროფესიული უნარების გამოცდების საკითხზე საუბრისას.
მოგეხსენებათ, 2022 წლის მასწავლებლებისათვის და მასწავლებლობის მსურველებისათვის საგნის/პროფესიული უნარების/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდების განრიგი უკვე გაწერილია, გამოქვეყნდა და 6 ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
მოქმედი მასწავლებლები, პროფესიული უნარების გამოცდას, რომლის საფუძველზეც შეუძლიათ წამყვანის ან მენტორის სტატუსი მოიპოვონ, წელს პირველად ჩააბარებენ. გამოცდა არ არის სავალდებულო, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ სტატუსის ამაღლებასთან ერთად, პედაგოგებს ხელფასიც ეზრდებათ, გამოცდის ჩასაბარებლად მათი მოტივაციაც უფრო მაღალია, თუმცა, მხოლოდ გამოცდით სტატუსს ვერ მოიპოვებენ – უფროსმა და წამყვანმა მასწავლებელმა, სტატუსის ასამაღლებლად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით დადგენილი სხვა ვალდებულებებიც უნდა შეასრულოს. ერთი სიტყვით, გამოცდის მომდევნო ეტაპია მასწავლებლისგან პორტფოლიოს წარდგენა სპეციალური კომისიისთვის, რომელშიც შედიან მასწავლებლის სახლის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის და ეროვნული სასწავლო გეგმის შეფასების ცენტრის თანამშრომლები…
განათლების სპეციალისტი სიკო ჯანაშია კი ფიქრობს, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემით სახელმწიფომ შექმნა სისტემა, რომელიც მას აცილებს პასუხისმგებლობას, პედაგოგებს ხელფასი მოუმატოს.
„მასწავლებლების პროფესიული განვითარების სქემა ერთადერთ მიზანს ემსახურება – განაწილდეს ხელფასის მომატების პერიოდულობა მრავალ წელიწადზე ისე, რომ მასწავლებლების პასუხისმგებლობა იყოს და არა სახელმწიფოსი ის, რომ მათ დაბალი ხელფასი აქვთ. ამ სქემით, სახელმწიფომ, პასუხისმგებლობა ხელფასის ზრდასთან დაკავშირებით, მასწავლებლებს გადააბარა. დღეს მასწავლებელს, რომელიც იტყვის, რომ დაბალი ხელფასი აქვს, სახელმწიფო ყოველთვის უპასუხებს, რომ ეს მისი ბრალია, რადგან თვითონ არ მოინდომა, ყველაფერი ისეა გაკეთებული, რომ ყველა პედაგოგმა ერთდროულად ვერ გადალახოს“, – ამბობს სიმონ ჯანაშია.
როგორც განათლების ექსპერტი აღნიშნავს, არ არსებობს სტატისტიკა, რომელიც დაადასტურებდა, რომ გამოცდებმა თუ სხვა აქტივობებმა პედაგოგების პროფესიულ წინსვლას მართლაც შეუწყო ხელი.
„იზრდება კი ამით მასწავლებელი პროფესიულად? უფრო უკეთესი მასწავლებლები გვყავს, ვიდრე 10 წლის წინ გვყავდა? საიდან ვიცით ამის შესახებ? მე ასეთი კვლევა არ მინახავს, რომელიც იტყოდა, რომ უკეთესი კომპეტენციის პედაგოგები გვყავს და გამოცდამ თუ სხვა აქტივობებმა უკეთესი გახადა. დღევანდელ სკოლაში სხვა უამრავი პრობლემაა. ძალიან ნელა მიიღება ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც სკოლების განვითარებას დააჩქარებდა. სკოლებს სჭირდებათ განვითარება რესურსების თვალსაზრისით, ცოდნის თვალსაზრისით, ახალი მასწავლებლების მიღების თვალსაზრისით, ახალი საგნების შემოღებით, ახალი მართვის პრინციპების შემოღებით, მაგრამ სისტემა იმდენად ხისტია, რომ ძალიან ნელა ვითარდება, მთლიანად არასწორად არის მოწყობილი და გადაწყვეტილებები, რომელიც შეცვლიდა ამ სისტემას არის იშვიათი“, – უთხრა სიმონ ჯანაშიამ EDU.ARIS.GE-ს.
სპეციალისტი ასევე შეეხო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პრობლემებს, სკოლის როლს სისტემის განვიტარებაში და დეცენტრალიზაციის საკითხს. მისი თქმით, სკოლებს პრობლემა აქვს ყველა მიმართულებით, სახელმძღვანელოს, მასწავლებლის, სასწავლო გეგმის, შენობის, ჰიგიენის… ამ ყველას კი ცალ-ცალკე და ერთდროულად ვერცერთი სახელმწიფო ვერ გადაწყვეტს.
„რაც სახელმწიფომ უნდა გააკეთოს, არის, რომ უნდა დააჩქაროს განვითარება. ეს არის მთავარი პრობლემა. ეს სისტემა იმდენად ნელა ვითარდება, ჩვენ წლები ვუნდებით, რომ ელემენტარული საკითხები სკოლის დონეზე გადაიჭრას. სკოლა ყველაფერს სახელმწიფოს ეკითხება, რადგან ეს სისტემა მოითხოვს მათგან და მარტივი საკითხები, რაც შეიძლებოდა სკოლის დირექტორის მიერ გადაწყვეტილიყო, უნდა გადაწყდეს მაინცდამაინც იმის მიერ, ვისაც ათასი სხვა საქმე აქვს. სანამ ასე იქნება სისტემა მოწყობილი, ის ვერ განვითარდება“, – აღნიშნა სიმონ ჯანაშიამ საუბრისას.
2022 წლის მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდის ჩასაბარებლად სულ 35 500-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა. საგნის გამოცდა 19 500-მდე მსურველმა აირჩია, 2 500-ზე მეტმა – უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, ხოლო 12 500-ზე მეტმა – წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდა.
ასევე იხილეთ:
მასწავლებლის საგნის, პროფესიული უნარების და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდების განრიგი 2022
- ვისი დასაქმება იქნება შესაძლებელი სკოლაში კონკურსის გარეშე – ჩამონათვალი განახლდა by ARIS.GE-განათლება
- „ნახეთ მეთორმეტეკლასელების ცხრილი? სრული კატასტროფა! როგორ უნდა მოასწრონ ბავშვებმა მეცადინეობა!“ by ARIS.GE-განათლება
- 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ნათია უჩავა გახდა by ARIS.GE-განათლება