განათლების მინისტრის მოადგილე განმარტავს, რა შემთხვევაში დაგჭირდებათ სკოლის დირექტორის თანხმობა რეპეტიტორობისთვის
მასწავლებელს, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასწავლის, სკოლის გარეთ რეპეტიტორობის უფლება არ ეზღუდება, თუმცა თუ პედაგოგი რეპეტიტორია კონკრეტულ ტრენინგ-ცენტრსა თუ მოსამზადებელ ცენტრშიც, მას ამ საქმიანობისთვის სკოლის დირექტორის წერილობითი თანხმობა დასჭირდება.
განმარტება კერძო რეპეტიტორობის თემაზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ 9 ნოემბერს გააკეთა.
მისი თქმით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა.
„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.
იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, – განაცხადა ზვიად გაბისონიამ.
ასევე იხილეთ:
საჯარო სკოლებში ფორმების შემოღება იგეგმება – როგორია მოქალაქეების განწყობა და ხედვა თბილისში
-
მასწავლებლობის მსურველი ბათუმიდან – „აუცილებლად მივიჩნევ ფსიქოლოგიური ტესტის გავლასაც“
by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
-
„35 წელია პედაგოგი ვარ და ვიცი, რომ გამოცდებით ვერც სკოლას და ვერც მომავალ თაობას ვერ ეშველება“ – შეფასებები ტესტირების შემდეგ
by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
-
გამოქვეყნდა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები უცხოურ ენებში
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე