იუნესკო ყველა ქვეყანას დისტანციური სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისკენ მოუწოდებს
კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად 56 ქვეყანაში სასწავლო პროცესი შეწყდა. ამჟამად მსოფლიოს მასშტაბის სკოლაში 370 მილიონი მოსწავლე არ დადის. იუნესკოში თვლიან, რომ წამყვანი ტექნოლოგიების საუკუნეში საგანგებო მდგომარეობამ უწყვეტ სასწავლო პროცესს ხელი არ უნდა შეუშალოს.
პარიზში, იუნესკოს შტაბ-ბინაში გამართული საგანგებო შეხვედრისას განათლების მინისტრებმა შექმნილ სიტუაციასა და დისტანციური სწავლების პროგრამების დანერგვაზე ისაუბრეს.
ერთი თვის წინ, ჩინეთი იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც სკოლების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. დღეს კი კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად მსოფლიოს 50-ზე მეტმა ქვეყანამ იმავე ზომას მიმართა. ამჟამად მსოფლიოში ყოველი მე-5 ბავშვი სკოლაში არ დადის.
ორგანიზაციის შეხვედრაზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა ერთმანეთს დისტანციური სწავლების ორგანიზების საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
იუნესკოს გენერალური დირექტორმა, ოდრი აზულემ ხაზი იმას გაუსვა, რომ ჯანდაცვის სფეროში არსებულმა პრობლემამ ბავშვებს განათლების მიღების უფლება არ უნდა წაართვას. ,,ჩვენ ახალი პრობლემის წინაშე ვდგავართ. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან მის გადაწყვეტაზე ვმუშაობთ. მთავარია რომ ბავშვებისთვის სწავლების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფა შევძლოთ“, – განაცხადა ოდრი აზულემ და დასძინა, რომ ამ საკითხში ეფექტური მიდგომის შემუშავებაში საერთაშორისო თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
იუნესკომ თავის მხრივ ონლაინ სწავლებისთვის განკუთვნილი ხელმისაწვდომი აპლიკაციებისა და პლატფორმების სია გამოაქვეყნა. მათი გამოყენება როგორც მასწავლებლებსა და მშობლებს, ისე მოსწავლეებსაც შეუძლიათ.
იუნესკოს გენერალური დირექტორის მოადგილის, სტეფანია ჯანინის თქმით მსოფლიო რთული სიტუაციის წინაშე აღმოჩნდა და ბევრ ქვეყანას ერთი და იმავე პრობლემის გადაწყვეტა უხდება. მან განაცხადა, რომ საჭიროა არა მხოლოდ განათლების სფეროში მიმდინარე უპრეცენდენტო კრიზისის დაძლევა, არამედ სამომავლო გეგმაზე დაფიქრებაც.
დღეს ბევრი სკოლა დისტანციური სწავლების მეთოდს წარმატებით იყენებს. თუმცა რიგი ქვეყნები მისი ორგანიზებისთვის მზად არ არის. ყველა მასწავლებელსა და მოსწავლეს არ აქვს კომპიუტერი ან მობილური ტელეფონი შესაბამისი აპლიკაციის გადმოსაწერად.
ოდრი აზულეს თქმით, ამ მდგომარეობიდან გამოსავლის მოძებნა აუცილებელია, ვინაიდან სკოლის დახურვა არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფ ბავშვებზე ყველაზე ცუდად აისახება.
მოამზადა თეა ინაშვილმა
წყარო: news.un.org
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი