GE

მასწავლებელთა ახალი სქემის პროექტი სკოლებს გადაეგზავნათ – EDU.ARIS.GE დოკუმენტს გიზიარებთ

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემის დამტკიცებას განათლების სამინისტრო 2026 წლის იანვარში გეგმავს.

სქემის პროექტი საჯარო სკოლებს გადაეგზავნათ და სამინისტრო მათგან უკუკავშირსა და მოსაზრებებს ითხოვს.

EDU.ARIS.GE-მ მოიპოვა პროექტის პირველადი ვერსია და 9 გვერდიან დოკუმენტს უცვლელად წარმოგიდგენთ:

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის კონცეფციის პროექტი (სამუშაო ვერსია)

შესავალი

განათლების სისტემის რეფორმამ (საჯარო სკოლების ავტორიზაცია, ავტონომიურობის გაძლიერება, ეროვნული სასწავლო გეგმის ახალი სტანდარტების შემუშავება და ა.შ.) დღის წესრიგში დააყენა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი მოდელის შემუშავების საჭიროება.

ახალი მოდელი ეფუძნება განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებს, რომლებიც მიმართულია დეცენტრალიზაციის, საჭიროებაზე დაფუძნებული და შედეგზე ორიენტირებული მიდგომების გაძლიერებისკენ. მისი შემუშავებისას გათვალისწინებული იქნა სსიპ საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის („მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შეფასება“, 2023 წელი) რეკომენდაციები, რომელთა მიხედვითაც, მასწავლებლის პროფესიული განვითარება და საქმიანობის შეფასება უნდა დელეგირდეს სკოლაზე. ამ პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად კი უნდა შეიქმნას შესაბამისი მხარდაჭერისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმები. ამასთან, კარიერული წინსვლის სისტემა უნდა მოერგოს სკოლებისა და სისტემის განვითარების საჭიროებებს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემა (შემდგომში „სქემა“) ამაღლებს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის პასუხისმგებლობას როგორც სკოლის, ასევე რაიონულ/მუნიციპალურ და ეროვნულ დონეზე. სკოლასა და რესურსცენტრს ენიჭება მნიშვნელოვანი როლი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის ფუნქციების განსაზღვრისა და შეფასების, მისი განვითარებისთვის საჭირო პირობების შექმნის პროცესში. სქემა მიზნად ისახავს ისეთ მასწავლებელთა/სპეციალურ მასწავლებელთა კორპუსის ფორმირებას, რომელიც თავის კარიერულ წინსვლას უკავშირებს სკოლის განვითარებასა და განათლების ხარისხის ამაღლებას. ამასთან, ყველა სკოლა ვალდებულია აამოქმედოს სკოლის ბაზაზე თითოეული მასწავლებლის შეფასებისა და პროფესიული განვითარების სისტემა, რომელიც მოიცავს მასწავლებლის საქმიანობის შეფასებას, მისი პროფესიული საჭიროებების დადგენასა და საჭიროებების შესაბამის პროფესიულ განვითარებას.

რის მიხედვით მოიმატებს მომდევნო წლებში პედაგოგის ხელფასი – მინისტრი ამბობს, რომ მასწავლებლებმა იცოდნენ, 2026 წელს მათი ხელფასი არ გაიზრდებოდა

1. სქემის ძირითადი პრინციპები და ამოცანები

სქემა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

ა) ავტონომიურობა – სქემა ითვალისწინებს სკოლის/რესურსცენტრის ავტონომიურობას მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღების პროცესში,
სკოლის/სკოლების სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით;

ბ) უწყვეტობა და მრავალფეროვნება – სქემა ითვალისწინებს სკოლის ბაზაზე მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის უწყვეტ პროფესიულ განვითარებასა და მისთვის მრავალფეროვანი კარიერული წინსვლის შესაძლებლობების შექმნას როგორც სკოლის, ასევე რაიონის მუნიციპალიტეტისა და მთლიანი სისტემის დონეზე;

გ) ანგარიშვალდებულება – სქემა ეფუძნება გამჭვირვალე და მკაფიო პროცესებს;

დ) ნებაყოფლობითობა – მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლა ეფუძნება ნებაყოფლობით არჩევანს და არ წარმოადგენს სავალდებულო მოთხოვნას;

ე) სამართლიანობა და ობიექტურობა – სქემა უზრუნველყოფს თანაბარ პირობებსა და მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის ობიექტურ შეფასებას, დისკრიმინაციისა და
მიკერძოების გარეშე.

სქემის ამოცანებია:

  • განსაზღვროს მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის სქემაში ჩართვისა და ნებაყოფლობითი კარიერული წინსვლის სტრუქტურირებული გზები, მიმართულებები
    და დონეები;
  • დაადგინოს თითოეულ საფეხურზე გადასვლისთვის საჭირო კონკრეტული პირობები,
    კრიტერიუმები და მოთხოვნები;
  • შეიმუშაოს პროცედურული ჩარჩო – კარიერული წინსვლის დადასტურების, ფუნქციის
    დაკისრების, სტატუსის შეჩერებისა და აღდგენის პროცესებისთვის;
  • უზრუნველყოს სამართლიანი და სანდო შეფასების სისტემა, შესაბამისი კრიტერიუმებითა და ინსტრუმენტებით;
  • დაარეგულიროს ელექტრონული საქმისწარმოებისა და დოკუმენტაციის მართვის საკითხები;
  • წაახალისოს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლა და პროფესიული განვითარება, როგორც განათლების ხარისხის ამაღლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი.

2. მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის სახეები

2.1. მასწავლებლის სტატუსის სახეებია:

ა) უფროსი მასწავლებელი;
ბ) წამყვანი მასწავლებელი სწავლა/სწავლების მიმართულებით;
გ) წამყვანი მასწავლებელი მართვა/ადმინისტრირების მიმართულებით;
დ) წამყვანი მასწავლებელი საგანმანათლებლო კვლევის მიმართულებით;
ე) მენტორი მასწავლებელი სწავლა/სწავლების მიმართულებით;
ვ) მენტორი მასწავლებელი მართვა/ადმინისტრირების მიმართულებით;
ზ) მენტორი მასწავლებელი საგანმანათლებლო კვლევის მიმართულებით.

2.2. სპეციალური მასწავლებლის სტატუსის სახეებია:

ა) უფროსი სპეციალური მასწავლებელი;
ბ) წამყვანი სპეციალური მასწავლებელი სწავლა/სწავლების მიმართულებით;
გ) წამყვანი სპეციალური მასწავლებელი მართვა/ადმინისტრირების მიმართულებით;
დ) წამყვანი სპეციალური მასწავლებელი საგანმანათლებლო კვლევის მიმართულებით;
ე) მენტორი სპეციალური მასწავლებელი სწავლა/სწავლების მიმართულებით;
ვ) მენტორი სპეციალური მასწავლებელი მართვა/ადმინისტრირების მიმართულებით;
ზ) მენტორი სპეციალური მასწავლებელი საგანმანათლებლო კვლევის მიმართულებით.

3. კარიერული წინსვლის მიმართულებები და დონეები

3.1 კარიერული წინსვლის მიმართულებები

მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლა არის ნებაყოფლობითი.
მასწავლებლებს/სპეციალურ მასწავლებლებს შეუძლიათ აირჩიონ კარიერული

წინსვლის ერთ-ერთი მიმართულება:
ა) სწავლა-სწავლება – ფოკუსირებულია საგნობრივი სწავლების/ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე და უზრუნველყოფს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სპეციალიზაციას სასწავლო პროცესის დაგეგმვის, განხორციელების, შეფასებისა და განვითარების მიმართულებით;

ბ) მართვა/ადმინისტრირება – ფოკუსირებულია სკოლაში/სკოლებში სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესრულებაზე. უზრუნველყოფს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის წინსვლას საგანმანათლებლო პროცესების მართვის მიმართულებით;

გ) საგანმანათლებლო კვლევა – ფოკუსირებულია სკოლაში/სკოლებში საგანმანათლებლო
კვლევების ხელშეწყობასა და განვითარებაზე. უზრუნველყოფს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის წინსვლას საგანმანათლებლო კვლევების მიმართულებით.

თითოეულ მიმართულებაში მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლა შესაძლებელია როგორც სკოლის, ასევე რაიონულ/მუნიციპალურ და ეროვნულ დონეზე.

3.2 კარიერული წინსვლის დონეები

თითოეულ მიმართულებაში მასწავლებლის კარიერული წინსვლა შესაძლებელია
შემდეგი დონეების შესაბამისად:

  • სკოლის დონეზე – დამატებითი ფუნქციის შესრულების ვალდებულება აქვს მხოლოდ წამყვან მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს, ხოლო კარიერული წინსვლის სურვილის შემთხვევაში, უფროს მასწავლებელსაც/სპეციალურ მასწავლებელსაც ეძლევა დამატებითი ფუნქციის შესრულების შესაძლებლობა, როგორც წამყვანი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მსურველს;
  • რაიონულ/მუნიციპალურ დონეზე – ფუნქციის შესრულების ვალდებულება აქვს მხოლოდ მენტორ მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს, ხოლო კარიერული წინსვლის სურვილის შემთხვევაში წამყვან მასწავლებელსაც/სპეციალურ მასწავლებელსაც ეძლევა დამატებითი ფუნქციის შესრულების შესაძლებლობა, როგორც მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მსურველს.

მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მქონე პირს, რომელსაც კომისიის მიერ დადებითად აქვს შეფასებული რაიონის/მუნიციპალიტეტის დონეზე 2 წლის განმავლობაში ფუნქციის შესრულება, განათლების სისტემაში ეროვნულ დონეზე შესაბამისი კარიერული მიმართულებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისას უპირატესობა მიენიჭება, საკონკურსო მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში.

4. საჭიროებაზე დაფუძნებული მიდგომის მექანიზმი

ახალი მოდელის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი საჭიროებაზე დაფუძნებული წინსვლაა.

ამისათვის:

– ყოველწლიურად სკოლა სასკოლო საზოგადოების მონაწილეობით, თვითშეფასების
საფუძველზე ახდენს საჭიროებების იდენტიფიცირებას – მმართველობითი/ძირითადი/დამხმარე პროცესების ხარისხის შეფასების შედეგებისა და განვითარებაზე ორიენტირებული მიზნების შესაბამისად;

– საგანმანათლებლო რესურსცენტრი ყოველწლიურად ადგენს მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული სკოლების საჭიროებებს, მათი ყოველწლიური თვითშეფასებისა და რესურსცენტრის მიერ წლის განმავლობაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით;

– გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად, სკოლა/რესურსცენტრი განსაზღვრავს წამყვანი/მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მიერ შესასრულებელ ფუნქციებს, კარიერული წინსვლის სამივე მიმართულებით;

– აღნიშნულ ფუნქციებს სკოლა/რესურსცენტრი წამყვან/მენტორ მასწავლებლებს/სპეციალურ მასწავლებლებს უნაწილებს კარიერული წინსვლის შესაბამისი მიმართულებით.

ეს მიდგომა უზრუნველყოფს, რომ კარიერული წინსვლა დაკავშირებული იყოს სკოლისა
და საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული სკოლების
საჭიროებებთან, რაც ხელს უწყობს სისტემის მოქნილ და მიზნობრივ განვითარებას.

– წამყვანი/მენტორი სტატუსის მქონე მასწავლებლები/სპეციალური მასწავლებლები ვალდებულნი არიან, მათ მიერ არჩეული მიმართულებით შეასრულონ სკოლის/რესურსცენტრის საჭიროების შესაბამისი კონკრეტული ფუნქცია.

– მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს უფლება აქვს წამყვანი/მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი ფუნქცია შეასრულოს მხოლოდ ერთ დონეზე, მხოლოდ ერთი მიმართულებით.

– მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს უფლება აქვს შეიცვალოს კარიერული წინსვლის მიმართულება, თუმცა ამ შემთხვევაში კარიერულ წინსვლას იწყებს ამ მიმართულებაში მისთვის სქემით განსაზღვრული საწყისი დონიდან.

– წამყვანი/მენტორი მასწავლებლის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს უფროს ან წამყვან მასწავლებელს, რომელსაც მასწავლებლის შესაბამისი სტატუსის მოსაპოვებლად ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50%-იანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული ჰქონდა დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე, ან მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდგომ. იმ შემთხვევაში, თუ უფროს
ან წამყვან მასწავლებელს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს 50%-ზე ნაკლები შედეგით, უფლებამოსილია, განმეორებით ჩააბაროს საგნის გამოცდა წამყვანი/მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.

ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი

5. შეფასების სისტემა და პროცედურები

5.1 შეფასების მექანიზმი

ახალი სქემა ეყრდნობა მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასებას.

– სკოლის დონეზე – წამყვანი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის საქმიანობას ყოველწლიურად აფასებს სკოლაში შექმნილი წარმომადგენლობითი კომისია, სამინისტროს მიერ დამტკიცებული შეფასების წესის შესაბამისად;

– რაიონის/მუნიციპალიტეტის დონეზე – მენტორი მასწავლებლის/სპეციალური
მასწავლებლის საქმიანობას ყოველწლიურად აფასებს რესურსცენტრში შექმნილი
წარმომადგენლობითი კომისია, სამინისტროს მიერ დამტკიცებული შეფასების
წესის შესაბამისად.

5.2 შეფასების შედეგები

1. დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს ეძლევა კარიერული წინსვლის მომდევნო დონეზე განაცხადის გაკეთების უფლება, იმავე მიმართულებაში.

2. უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში:

  • მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს ეკისრება უარყოფითად შეფასებულ მიმართულებაში პროფესიული განვითარების ვალდებულება;
  • სკოლა/რესურსცენტრი უზრუნველყოფს პროფესიული განვითარების აქტივობების ხელმისაწვდომობასა და პროცესის მონიტორინგს;
  • მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს იმავე მიმართულებით ფუნქციის შესრულება შეუძლია პროფესიული განვითარების პროცესის პარალელურად.

6. კარიერული წინსვლის პროცესი

სკოლისა და რაიონის/მუნიციპალიტეტის დონეზე წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის/სპეციალური მასწავლებლებისთვის ფუნქციების განაწილების შემდეგ, დამატებით შესასრულებელი ფუნქციების არსებობის შემთხვევაში, კარიერული წინსვლის მსურველ სხვა მასწავლებლებს/სპეციალურ მასწავლებლებს უფლება აქვთ, განაცხადი გააკეთონ კარიერულ წინსვლაზე, მათთვის შესაბამის დონეზე, სასურველი მიმართულებით.

6.1 უფროსი მასწავლებლის კარიერული წინსვლის პირობები:

1. სკოლის დონეზე წამყვანი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მსურველის 1-წლიანი საქმიანობის დადებითად შეფასება;

2. წამყვანი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მოპოვების სპეციალური კურსის გავლა.

სტატუსის ცვლილების მსურველი უფროსი მასწავლებელი/სპეციალური მასწავლებელი წარადგენს განაცხადს და მასთან ერთად სამოქმედო გეგმას, შესასრულებელ ფუნქციასთან დაკავშირებით. წარდგენილ განაცხადსა და ერთწლიან სამოქმედო გეგმას განიხილავს სკოლის მიერ შექმნილი შესაბამისი კომისია. დადებითი შეფასების შემთხვევაში, უფროს მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს უფლება ეძლევა, შეასრულოს განსაზღვრული ფუნქცია ერთი წლის განმავლობაში, წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის შესაბამისად, როგორც წამყვანი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მსურველმა. ერთი წლის შემდეგ მის მიერ გაწეული საქმიანობა ფასდება შესაბამისი კომისიის მიერ.

მასწავლებელი/სპეციალური მასწავლებელი, სამოქმედო გეგმით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების პარალელურად, ვალდებულია, გაიაროს წამყვანი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მოპოვების სპეციალური კურსი. ორივე კომპონენტის წარმატებით გავლის შემდგომ მიენიჭება წამყვანი მასწავლებლის/წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი.

6.2 წამყვანი მასწავლებლის კარიერული წინსვლის პირობები:

1. რაიონის/მუნიციპალიტეტის დონეზე მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მსურველის 1-წლიანი საქმიანობის დადებითად შეფასება;

2. მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების სპეციალური კურსის გავლა.

იმისთვის, რომ წინსვლის მსურველი წამყვანი მასწავლებელი/წამყვანი სპეციალური მასწავლებელი რაიონის/მუნიციპალიტეტის დონეზე შეფასდეს დადებითად, იმავე სასწავლო წელს დადებითად უნდა შეუფასდეს სკოლის დონეზე წინსვლისთვის არჩეულ მიმართულებაში განხორციელებული საქმიანობაც.

წამყვანი მასწავლებელი/წამყვანი სპეციალური მასწავლებელი რესურსცენტრში განაცხადთან ერთად წარადგენს შესასრულებელი ფუნქციის შესაბამის სამოქმედო გეგმას, რომელსაც განიხილავს რესურსცენტრის მიერ შექმნილი შესაბამისი კომისია. დადებითად შეფასების შემთხვევაში, წამყვან მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს უფლება ეძლევა, შეასრულოს განსაზღვრული ფუნქცია ერთი წლის განმავლობაში. ერთი წლის შემდეგ მის მიერ განხორციელებულ საქმიანობას აფასებს რესურსცენტრში შექმნილი შესაბამისი კომისია, მასწავლებელი სამოქმედო გეგმით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების პარალელურად, ვალდებულია, გაიაროს მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მოპოვების სპეციალური კურსი. ორივე კომპონენტის წარმატებით გავლის შემდგომ მიენიჭება მენტორი მასწავლებლის სტატუსი, იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე სასწავლო წელს პარალელურად სკოლის მიერ დადებითად შეუფასდება წამყვანი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი ფუნქციის შესრულებაც.

6.3 მენტორი მასწავლებლის/მენტორი სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლის შესაძლებლობა:

მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მქონე პირს, რომელსაც კომისიის მიერ დადებითად აქვს შეფასებული რაიონის/მუნიციპალიტეტის დონეზე 2 წლის განმავლობაში ფუნქციის შესრულება, განათლების სისტემაში ეროვნულ დონეზე შესაბამისი მიმართულებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისას უპირატესობა მიენიჭება, საკონკურსო მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში.

7. 2026 წლამდე მოპოვებული წამყვანი და მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის ახალ მოდელზე გადასვლა

  • იმ წამყვან მასწავლებლებს/სპეციალურ მასწავლებლებს, რომლებმაც 2026 წლამდე მოიპოვეს სტატუსი, ახალ სქემაში სკოლის დონეზე ფუნქციის შესრულების უფლება აქვთ კარიერული წინსვლის ნებისმიერი მიმართულებით;
  • იმ მენტორ მასწავლებლებს, რომლებმაც 2026 წლამდე მოიპოვეს სტატუსი, ახალ სქემაში რაიონის/მუნიციპალიტეტის დონეზე ფუნქციის შესრულების უფლება აქვთ კარიერული წინსვლის ნებისმიერი მიმართულებით.

სქემით გათვალისწინებული ფუნქციების გადანაწილება დაიწყება 2026-2027 სასწავლო წლიდან. 2026 წლის იანვრიდან უზრუნველყოფილი იქნება ყველა სკოლის/რესურსცენტრის მხარდაჭერა და პროფესიული განვითარება – საჭიროებების იდენტიფიცირების, სკოლისა და რაიონის/მუნიციპალიტეტის დონეზე ფუნქციების შესრულების პროცესებისა და საქმიანობის შეფასების მიმართულებით;

სკოლების/რესურსცენტრების წარმომადგენლებს მიეწოდებათ შესაბამისი გზამკვლევები და დამხმარე რესურსები გამჭვირვალე, სანდო და ობიექტური პროცესების უზრუნველსაყოფად.

ასევე იხილეთ:

რა ითქვა განათლების სამინისტროში პედაგოგთა ახალ სქემაზე და როგორ ხედავს პროცესს წამყვანი მასწავლებელი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური