GE

„კონკურსი „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“ არის პლატფორმა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, დავინახოთ მიღწევები პროფესიულ განათლებაში“

„საქართველოს ეკონომიკური განვითარება ძლიერი, მოდერნიზებული საგანმანათლებლო სისტემის შექმნითაა შესაძლებელი. სრულფასოვან საგანმანათლებლო სისტემაში კი პროფესიულ განათლებას საკვანძო როლი აქვს“, – ამ სიტყვების ავტორი ათასწლეულის ფონდის დირექტორი მაგდა მაღრაძეა, რომელმაც EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში მნიშვნელოვანი კონკურსის – „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ შესახებ ისაუბრა.

„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ კონკურსს საფუძველი 2017 წელს ჩაეყარა. მაგდა მაღრაძის თქმით, მისი მიზანი პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის პოპულარიზაცია და დარგში მომუშავე წარმატებული ადამიანებისა და ორგანიზაციების, მათ შორის საუკეთესო სტუდენტის, მასწავლებლის, საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორის წარმოჩენაა.

არსებობის მანძილზე, კონკურსში 150-ზე მეტი განაცხადი შევიდა და სხვადასხვა ნომინაციაში 16 გამარჯვებული დაჯილდოვდა. გამარჯვებულები ჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით, მათ შორის, სასწავლო ვიზიტებით საზღვარგარეთ და პროფესიული განვითარებისთვის საჭირო აღჭურვილობით.

მაგდა მაღრაძე: როგორც მოგეხსენებათ, 2014-2019 წლებში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა, აშშ-სა და საქართველოს მთავრობების სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტები განახორციელა ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით, რომელიც დაფინანსებული იყო აშშ-ს მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის $140 მილიონი აშშ დოლარის მეორე კომპაქტით. სწორედ ამ პროგრამის განხორციელების დროს წარმოიშვა „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ შექმნის იდეაც.

– ვინ არიან კონკურსის ინიციატორები, განმახორციელებლები და მხარდამჭერები? რა სახის და რამდენად მნიშვნელოვან მხარდაჭერას იღებთ მათგან?

– კონკურსის გენერალური სპონსორი პირველივე დღიდან არის გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, რომელიც ფინანსურ კონტრიბუციას უწევს მას. ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

კონკურსის მიმართ დაინტერესება ყოველწლიურად იმატებს. იზრდება არა მხოლოდ კონკურსანტების რიცხვი, არამედ იმ ორგანიზაციებისა და დონორების ჩამონათვალი, რომლებიც აღნიშნულ პროექტს მხარს უჭერენ. ბოლო ორი წელია, ისრაელის ელჩი სპეციალურ პრიზს აწესებს, სტუდენტის კატეგორიაში მისთვის რჩეული კანდიდატისთვის. ვიმედოვნებთ, რომ პარტნიორი ორგანიზაციების რიცხვი წელს კიდევ უფრო გაიზრდება.

– ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება და რა პროცედურებია საჭირო ამისთვის?

– კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლებიც კანონით დადგენილი წესით ახორციელებენ პროფესიული განათლების პროგრამებს (როგორც აკრედიტებულს, ასევე მომზადება-გადამზადების მოკლევადიან პროგრამებს). ასევე, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საჯარო თუ კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლებსა და სტუდენტებს. ინდივიდუალურ კატეგორიებში (წლის მასწავლებელი და წლის სტუდენტი) კანდიდატის წარდგენა შეუძლიათ როგორც ორგანიზაციებს, ასევე კანდიდატებს დამოუკიდებლად. შესაბამისად, წლის მასწავლებლის თუ წლის სტუდენტის კატეგორიაში, კანდიდატებს შეუძლიათ წარმოადგინონ საკუთარი თავი, ან თავიანთი კოლეგები და მეგობრები.

რაც შეეხება წლის ბიზნეს პარტნიორის კატეგორიას, აღნიშნულ კატეგორიაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ კომპანიას, რომელმაც საქართველოში პროფესიული განათლების დაწესებულებებთან მჭიდრო პარტნიორობითა და განხორციელებული ინვესტიციით, ადამიანური კაპიტალის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ბოლო წლებში, აღნიშნულ კატეგორიაში ისეთმა მსხვილმა დამსაქმებლებმა გაიმარჯვეს, როგორებიც არიან: BP საქართველო, სს საქართველოს რკინიგზა, სს ენერგო-პრო, აჭარა-ჯგუფი. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნულ კატეგორიაში ნომინაციების რაოდენობა წელს კიდევ უფრო გაიზრდება.

– რა კატეგორიებში გამოვლინდებიან გამარჯვებულები და რას მიიღებენ ჯილდოს სახით?

– წელს კონკურსში ახალი კატეგორიები დაემატა და გამარჯვებულებს დამოუკიდებელი ჟიური ხუთ კატეგორიაში გამოავლენს:

  1. წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა
  2. წლის პროფესიული მომზადების / პროფესიული გადამზადების პროგრამა
  3. წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი
  4. წლის პროფესიული განათლების სტუდენტი
  5. წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი.

გამარჯვებულები ჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით, მათ შორის, სასწავლო ვიზიტებით საზღვარგარეთ და პროფესიული განვითარებისთვის საჭირო აღჭურვილობით. წლევანდელი პრიზები განისაზღვრება მას შემდეგ, რაც გამარჯვებულები გამოვლინდებიან, რათა მათი პროფილის შესაბამისი ჯილდო გადავცეთ. თუ პანდემია დროულად დასრულდება, შესაძლებელია, წლევანდელი გამარჯვებულები საზღვარგარეთ სასწავლო ვიზიტით დაჯილდოვდნენ.

– რა კრიტერიუმებით შეფასდებიან მონაწილეები?

– პროფესიული განათლების დაწესებულების/პროგრამის შერჩევის კრიტერიუმებია, თუ რამდენად აკმაყოფილებს პროფესიული პროგრამა თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და ინდუსტრიის საჭიროებებს, როგორია აღნიშნულ პროგრამაზე კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი და ასევე, რამდენად არსებობს პროგრამებზე თანაბარი შესაძლებლობის მიწოდება.

წლის მასწავლებლისა და წლის სტუდენტის კატეგორიაში, მთავარი კრიტერიუმებია პროგრამების მიწოდების ხარისხი, ასევე რამდენად ზრუნავენ კანდიდატები თვით-განათლებასა და პროფესიული განვითარებაზე და რა წვლილი შეაქვთ პროფესიული განათლების პოპულარიზებაში.

წლის ბიზნეს პარტნიორის კატეგორიაში ძირითადი კრიტერიუმებია, თუ რა შედეგი გამოიღო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან პარტნიორობამ, რამდენად სთავაზობს კომპანია სტუდენტებს სტაჟირების, ან სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიწოდებას და როგორ ზრუნავს საკუთარი დასაქმებულების შესაძლებლობების განვითარებაზე.

დეტალური ინფორმაცია, თუ რა კრიტერიუმებით შეფასდებიან კანდიდატები თითოეულ კატეგორიაში, ფონდის ვებგვერდზეა განთავსებული.

– ვინ გამოავლენს გამარჯვებულებს? როგორი იქნება ჟიურის შემადგენლობა?

– გამარჯვებულებს, ყოველწლიურად, დამოუკიდებელი ჟიური ავლენს, რომლის შემადგენლობაში შედიან დარგის ექსპერტები, კერძო სექტორისა და ინდუსტრიის წარმომადგენლები, ბიზნეს ასოციაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები. წელს ჟიურის შეფასებას დამკვირვებლის სტატუსით დაესწრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელიც.

– როდის დასრულდება განაცხადების მიღება და როდის გახდება ცნობილი გამარჯვებულთა ვინაობა?

– განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ განაცხადი ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით შემოიტანონ. ელექტრონული განაცხადის ფორმა და დეტალური ინფორმაცია მოცემულია ვებგვერდზე.

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2021 წლის 28 მაისი. გამარჯვებულები გამოვლინდებიან პროფესიული განათლების გალა დაჯილდოებაზე, რომელიც 2021 წლის შემოდგომაზე გაიმართება.

– იმოქმედებს თუ არა პანდემია კონკურსის დასკვნითი ღონისძიების ჩატარების ფორმატზე?

– გამარჯვებულებს ყოველწლიურად გალა-დაჯილდოებაზე ვავლენთ, რომელიც ტრადიციულად შემოდგომაზე ტარდება. ვიმედოვნებთ, რომ 2021 წლის შემოდგომაზე შევძლებთ დასკვნითი ღონისძიება ფიზიკურად ჩავატაროთ, რომელსაც მუდამ ესწრებიან ხელისუფლებისა და კერძო სექტორის ხელმძღვანელი პირები, დიპლომატიური კორპუსისა და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები.

– რა შეგიძლიათ გვითხრათ კონკურსის მიზანსა და მნიშვნელობაზე?

– მოხარულები ვართ, რომ ჩვენ მიერ ოთხი წლის წინ დაწყებულმა ინიციატივამ ტრადიციული სახე მიიღო. პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზება, პროფესიული განათლების იმიჯისა და რეპუტაციის ამაღლება, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლებში, ასევე ზოგადად საზოგადოებაში. დარგში მომუშავე წარმატებული ორგანიზაციებისა და ადამიანების წარმოჩენით, ვცდილობთ პროფესიულ განათლებაში განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა და პრაქტიკის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ და პროფესიული განათლების მნიშვნელობისა და პრესტიჟის აღიარებს შევუწყოთ ხელი.

– რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ პროფესიული განათლების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მისი პოპულარიზაცია და ზოგადად, რას ფიქრობთ პროფესიული განათლების როლზე ქვეყნისა და მისი ეკონომიკის განვითარების საქმეში?

– საქართველოს ეკონომიკური განვითარება ძლიერი, მოდერნიზებული საგანმანათლებლო სისტემის შექმნითაა შესაძლებელი. სრულფასოვან საგანმანათლებლო სისტემაში კი პროფესიულ განათლებას საკვანძო როლი აქვს. სწორედ ამიტომ აუცილებელია გავზარდოთ დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობა პროფესიულ განათლებაში, წავახალისოთ საჯარო-კერძო პარტნიორობა და შევუწყოთ ხელი როგორც კერძო, ისე სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, შექმნან თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები.
კონკურსი „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“ არის პლატფორმა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, დავინახოთ მიღწევები პროფესიულ განათლებაში, გავიცნოთ არსებული სიახლეები, გამოწვევები და ასევე, შევაფასოთ ამ მიმართულებით შესრულებული სამუშაო.

მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვანია, რათა საზოგადოებამ ნათლად დაინახოს ის უპირატესობები, რასაც პროფესიული განათლებისგან ვიღებთ: შრომის-ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი მაღალხარისხიანი პროგრამები, კვალიფიციური მასწავლებლები, თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურა და რაც მთავარია, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც ინდუსტრიის განვითარებას შეუწყობენ ხელს.

მოვუწოდებ პროფესიული განათლების ყველა მიმწოდებელს, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ ამ კონკურსში, რათა მათი მიღწევების, სტუდენტებისა და მასწავლებლების წარმატების შესახებ ფართო საზოგადოებამ გაიგოს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური