GE

მასწავლებელთა ხელფასების (არ) მატება – ვინ როგორ აღიქვა 150 ლარი

განათლების სამინისტრო ამბობს, რომ 2019 წლის ოქტომბრიდან უკვე დაიწყო პედაგოგთა ანაზღაურების ზრდის პროცესი და პირველ ეტაპზე, 30 000-მდე უფროს, წამყვან და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელს, რომელსაც აქვს მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი, ანაზღაურება 150 ლარით გაეზარდა.

ასევე კიდევ ერთხელ, წინასაარჩევნოდ გვითხრეს, რომ ზრდის პროცესი უწყვეტად გაგრძელდება და 2022 წელს მასწავლებლის ანაზღაურება საშუალოდ 1500-1800 ლარს მიაღწევს.

საზოგადოებისა და სპეციალისტთა ნაწილი სამინისტროს კარგი პიარისთვის „აქებს“. როგორ მიიღო სამინისტრომ ეს ციფრი, 30 000, ამაზე ინფორმაციას ჯერ არც ჩვენ ვფლობთ, თუმცა არჩევნებს, მასწავლებელთა ხელფასების შესახებ საუბრისას, თავად პოლიტიკური უმრავლესობის დეპუტატი განათლების კომიტეტიდან გენადი მარგველაშვილიც ახსენებს.

ჩვენ ორი სხვადასხვა მხარე ჩავწერეთ იმის მოსასმენად ვინ როგორ გაიგო ბატიაშვილის უწყების მიერ გაცხადებული 150-ლარიანი მატება და ვის რისი სჯერა მასწავლებელთა სამომავლო შემოსავლებზე.

გენადი მარგველაშვილი – პარლამენტის წევრი, პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

„მე ვიცი, რომ ხელფასი გაეზარდა თითქმის ყველა პედაგოგს, 150 ლარით. როგორც ვიცით, 6 100 პედაგოგი გამოეხმაურა სამინისტროს ინიციატივას, რომ ღირსეული ანაზღაურებით გასულიყვნენ სკოლიდან. ამავე დროს, მათ შეუნარჩუნდათ სიცოცხლის ბოლომდე ჯანმრთელობის დაზღვევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარი არის ის, რომ მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, ჩაებარებინათ გამოცდა და სურვილის მიხედვით, დარჩენილიყვნენ სკოლაში. პროცესი დასრულებული არ არის, პედაგოგთა გამოცდების მეორე ეტაპი იწყება. გარდა იმისა, რომ მოქმედ პედაგოგებს სურთ სტატუსის ამაღლება, ახალი სახეებიც გამოთქვამენ სურვილს, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება მივამატოთ კიდევ, რომ დაახლოებით 100- ლარამდე გაიზრდება საშუალო ხელფასი იმიტომ, რომ პედაგოგები აიმაღლებენ სტატუსს. საერთოდ უფრო მეტია განსხვავება, მაგრამ საშუალოზე ვამბობ, იმის მიხედვით, რამდენი აიმაღლებს სტატუსს, პრაქტიკოსი პედაგოგიდან უფროსამდე, უფროსიდან- წამყვანამდე  და ა.შ.  საშუალოდ 313 ლარით იზრდება საშუალო ხელფასი,“ – ამბობს დეპუტატი.

მისივე თქმით, მასწავლებელთა საშუალო ხელფასი, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, 1000 ლარს გაუტოლდება.

„საერთოდ, საშუალო ხელფასი საქსტატის მიხედვით, მაისის მონაცემებით იყო 600 ლარი, საერთო საშუალო ხელფასის (1200ლ) ნახევარი, შესაბამისად, მთელი ამოცანა არის იმაში, რომ ეს გაიზარდოს და პედაგოგების საშუალო ხელფასი, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, 1000 ლარს უნდა გაუტოლდეს. ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, დაახლოებით 100 ლარი შეიძლება მოემატოს პედაგოგს სტატუსის ზრდიდან გამომდინარე, კიდევ ერთი წლის შემდეგ ზრდა იქნება 150 ლარი. ასე რომ, საერთო ჯამში, შეიძლება 400 ლარით გაიზარდოს წინასაარჩევნოდ ხელფასები“, – აცხადებს გენადი მარგველაშვილი.

დეპუტატის თქმით, სამინისტროს პოზიციაა, რომ სისტემიდან გასული პედაგოგებისგან გამოთავისუფლებული საათებით, პირველ რიგში, მოქმედი პედაგოგები უნდა დაკმაყოფილდნენ, რაც მისი აზრით, სწორი გადაწყვეტილებაა და ანაზღაურების ზრდაზეც აისახება.

„იყო სიტუაცია, როდესაც წლების განმავლობაში, პედაგოგი სრულ დატვირთვას ვერ იღებდა, მაგრამ  6100 პედაგოგის სისტემიდან გასვლის შემდეგ, სამინისტროს განწყობა არის ასეთი და მეც ვეთანხმები, რომ რაც შეიძლება სრულად შევსებული იყოს მოქმედი პედაგოგების საათები. ახალ პედაგოგებს, „ახალი სკოლის მოდელი“ და სკოლების გაციფრულება უნდა ჰქონდეთ თავიდან ბოლომდე გააზრებული, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის. სწავლება უნდა გადავიდეს იმ ქმედით აზროვნებაზე, რომელიც ბავშვს შეაყვარებს სკოლას და, პირველ რიგში, მას ექნება დიდი სურვილი, რომ სკოლაში წავიდეს და შემოქმედებითი აზროვნება განუვითარდეს, ეს არის მთავარი ამოცანა. ამის გამო, ასე სწარაფად მიღება მასწავლებლებისა, ხელახლა არ უნდა მოხდეს, შესაბამისად განაკვეთი უნდა შეივსოს. ვფიქრობ, რომ უმრავლეს შემთხვევაში ეს შესრულებულია და თუ არსებობს რაიმე გამონაკლისები, შეძლება მოხდეს ისე, რომ არ დაფიქსირდეს სრული ხელფასის ზრდა. მაგალითად, თუკი ჩვენ გვყავს პირობითად ორი ძლიერი პედაგოგი სკოლაში, სადაც საათების რაოდენობა მოცემულ საგანში არის სულ 20 და მოცემულ პედაგოგებს აქვთ 10-10 – საათი, ხომ ვერ გავუშვებთ? ამიტომ, სრული ანაზღაურება და მატება ხელფასის შეიძლება არ დაფიქსირდეს სწორედ იმის გამო, რომ მათ არ აქვთ სრული განაკვეთი. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ შანსი არ ექნება თითოეულ მათგანს გაიუმჯობესოს სტატუსი და ხელფასი გაეზრდება ყველა ვარიანტში“, – ამბობს მარგველაშვილი.

დეპუტატის თქმით, იმის გამო, რომ პედაგოგთა გამოცდების მეორე ეტაპი ჯერ დასრულებული არ არის, გაუჭირდება თქმა, თუ რამდენმა მასწავლებელმა აიმაღლა სტატუსი და რამდენმა მიიღო სკოლაში სრული განაკვეთი.

სერგო რატიანიპარლამენტის წევრი, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

სერგო რატიანი აცხადებს, რომ მას ამ ეტაპზე არ აქვს ბოლო მონაცემები რეალურად რამდენ პედაგოგს შეეხო სახელფასო ზრდა, რადგან ანაზღაურება და სტატუსის დანამატი მასწავლებლის საათობრივ დატვირთვაზეა დამოკიდებული.

„მე ვსაუბრობ იმაზე, რომ სტატუსიან მასწავლებლებთან დაკავშირებით იყო პრობლემა და 7 წელია ვითხოვ, რომ მათ ჰქონდეთ თავიანთი ანაზღაურება, მათი ანაზღაურება მიბმულია საათობრივ დატვირთვაზე და უნდა მოხდეს ამის შევსება. ბოლოს, 60 000 პედაგოგიდან 25 ათასს ჰქონდა სტატუსი, მაგრამ მათგან 5000-სს ჰქონდა, ფაქტობრივად, სრული საათობრივი დატვირთვა. ეს საკითხი უნდა ყოფილიყო გადაჭრილი და წლების განმავლობაში ამას არ აკეთებდნენ. მე ბოლო ინფორმაცია არ მაქვს, გაგზავნილი მაქვს წერილი და ჯერ არ მაქვს მიღებული პასუხი, ახერხებს თუ არა სამინისტრო აი ამ 25 ათასი მასწავლებლის საათობრივი ბადის შევსებას. თუ ამას ახერხებს, მაშინ რეალურია ხელფასების მატება, თუ ეს კვლავ რჩება შეუსრულებელი, მაშინ არარეალურია. რამდენადაც ჩვენ ვიცით, დაიწყეს პენსიონერი პედაგოგებისთვის თანხების გადახდა და სისტემიდან გაშვება, მაშინ, ეს, ფაქტობრივად, დაძლევადი საკითხია. თუ ეს გაკეთდა, გამოდის, რომ სამინისტრომ არჩევნების წინ ამ პრობლემის მოგვარება დაიწყო, ოღონდ უნდა გვესმოდეს, რომ დაკარგულია დაახლოებით ოთხი წელი.

„მე ბოლოს მქონდა პარლამენტში შეტანილი დადგენილება, რომ სტატუსიან მასწავლებლებისთვის აუცილებლად უნდა შეევსოთ ანაზღაურება ან დატვირთვა, დანარჩენს რას გააკეთებდნენ ეს მათი საქმე იყო. ეს არ გააკეთეს, მაგრამ თქვეს და დაიწყეს თანხის გადახდა იმ მასწავლებლებისთვის, რომლებიც მოითხოვდნენ პენსიაში გასვლას, თუ ეს მოხდა, (არ ვიცი უბრალოდ რიცხვები, რამდენი გავიდა და რამდენი შეივსო), მაშინ ეს პრაქტიკულად შესაძლებელი იქნება. ამ წუთისთვის არ მაქვს ინფორმაცია, რამდენ სტატუსიან მასწავლებელს გაეზარდა, ფაქტობრივად, ხელფასი“, – აცხადებს სერგო რატიანი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური