GE

პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?

უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფცია დამტკიცებულია, პარლამენტი შესაბამის კანონპროექტებს დაჩქარებული წესით ამტკიცებს, თუმცა დოკუმენტის ავტორებისგან სხვადასხვა ინტერვალებით სხვადასხვა განცხადებებს ვისმენთ. მათ შორის ყველაზე საყურადღებო კი საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამი განცხადებაა, რომლებიც სტუდენტების საერთო რაოდენობასა და სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტების საკითხს, ანუ მისაღები ადგილების ოდენობას ეხებოდა.

ირაკლი კობახიძის პირველი განცხადება 26 ნოემბერს მოვისმინეთ და გავიგეთ, რომ სტუდენტთა საერთო რაოდენობა 150 ათასიდან 110-ათასამდე უნდა შემცირდეს. მეორე განცხადებით კი, რომელიც 6 დეკემბერს, მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა, შევიტყვეთ, რომ უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება. 10 დეკემბერს კი პრემიერ-მინისტრმა გვითხრა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების რაოდენობა პირიქით, უნდა გაიზარდოს და მეტიც, ფიქრობს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების არსებითი ზრდა გვექნება.

ახლა ისმის კითხვა, რას ნიშნავს პრემიერ-მინისტრის შეცვლილი განცხადებები? ვარაუდები არაერთი შეიძლება გამოითქვას.

პრემიერ-მინისტრის ყოველი ახალი განცხადება ახალ და მრავალ კითხვას აჩენს, თუმცა  დაველოდოთ, იქნებ ამ საკითხს საბოლოოდ, მომდევნო განცხადებით მოეფინოს ნათელი.

თვალსაჩინოებისთვის EDU.ARIS.GE წარმოგიდგენთ ირაკლი კობახიძის განცხადებებს უცვლელად:

26 ნოემბერი, ირაკლი კობახიძე პარლამენტში: „რაც შეეხება რეგიონულ ჭრილში გადანაწილებას, აქაც უხეშად შეგვიძლია ვისაუბროთ, რადგან ნაწილდება ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა. რეგიონულ უნივერსიტეტებში უნდა გაიზარდოს სტუდენტების რაოდენობა, მაგრამ არა არსებითად. დღეს 85% თბილისი 15%-ია ყველა დანარჩენი, მათ შორის ქუთაისი არის 5% ყველა დანარჩენი არის 10%. დღევანდელი მდგომარეობით, 5 რეგიონული უნივერსიტეტია, ეს არის ბათუმი, გორი, ახალციხე, თელავი, ზუგდიდი, ქუთაისის არ ვთლი, რადგან ცალკე გვაქვს გამოტანილი. ამ ხუთ უნივერსიტეტში შეიძლება, 10%-იანი მაჩვენებლიდან ავიდეთ დაახლოებით 15%-იან მაჩვენებელზე. რაც შეეხება თბილისსა და ქუთაისს შორის სტუდენტების გადანაწილებას, ვფიქრობთ, რომ თბილისი კვლავაც უნდა დარჩეს ძირითად კერად და დაახლოებით პროპორცია უნდა იყოს 2/1-ზე. ეს არის ჩვენი წარმოდგენა. შეიძლება, თბილისში სწავლობდეს 60 ათასი სტუდენტი, ქუთაისში 30 ათასი სტუნდენტი, დაახლოებით 15 ათასი სტუდენტი რეგიონებში, ეს არის უხეში დათვლა. დღეს სტუდენტების რაოდენობა არის 150 ათასი და ჯამურად შემიცრდება 110 ათასამდე. ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ოპტიმალური გადანაწილება“.

6 დეკემბერი, ირაკლი კობახიძე მთავრობის კანცელარიაში: „მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება, ფაკულტეტებზე კვოტების გადანაწილება კი შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნება, რაზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება არასდროს ეფუძნებოდა შრომის ბაზრის სიღრმისეულ ანალიზს. არავინ აფასებდა იმას, თუ რამდენი იურისტი გვჭირდება, რამდენი ეკონომისტი, მშენებელი, ინჟინერი, ექიმი და სხვა პროფესიის წარმომადგენლები. ახლა ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ შრომის ბაზრის ანალიზზე. უახლოეს მომავალში გვექნება პირველადი დოკუმენტი და როდესაც გამოცხადდება მიღება მომავალი წლის გაზაფხულზე, ეს მიღება დაეფუძნება შრომის ბაზრის ანალიზს. კვოტები გადანაწილდება სპეციალობების მიხედვით სწორედ შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე. რაც შეეხება მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობას, ეს რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება“.

10 დეკემბერი, ირაკლი კობახიძე მთავრობის კანცელარიაში: „სახელმწიფო უნივერსიტეტებში პირიქით, სტუდენტების რაოდენობა უნდა გაიზარდოს ამ გადაწყვეტილების შედეგად. წელს, მაგალითად ყველა უნივერსიტეტში მთლიანობაში 31 ათასი სტუდენტი იქნა მიღებული და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჯამში გაიზრდება მისაღები სტუდენტების რაოდენობა სახელმწიფო უნივერსიტეტებში, კვოტები განისაზღვრება ამ მოლოდინის გათვალისწინებით. ანუ პირიქით, რაოდენობის ზრდა გვექნება. მოვისმინე უამრავი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს შემცირდება ადგილების რაოდენობა, შესაბამისად, თუ ადრე უფრო ადვილი იყო მაგალითად ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაბარება, ეხლა ეს უფრო რთული იქნება… რეალურად, არავითარი ფორმით კვოტები არ შემცირდება. ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს, ჩვენ ვაწარმოებთ შრომის ბაზრის ანალიზს და ამის საფუძველზე გადანაწილდება კვოტები უშუალოდ ფაკულტეტებს შორის. მაგრამ ჯამურად, სახელმწიფო უნივერსიტეტებში არ შემცირდება, პირიქით -გაიზრდება კვოტები სტუდენტების მისაღებად. იმიტომ, რომ მოლოდინი გვექნება, რა თქმა უნდა, რომ მეტი წამოვა სახელმწიფო უნივერსიტეტებისკენ იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო უმაღლესებში სტუდენტებისთვის სწავლა უფასო იქნება როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურზე“.

„მე მგონი, არსებითი ზრდა გვექნება სახელმწიფო უნივერსიტეტებში. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება, 30 000-მდეც გაიზარდოს, 27 ან 28 ათასამდე, ამას უკვე მოთხოვნა-მიწოდება დაარეგულირებს. ზრდა გვექნება ისე, რომ რამდენიც აბარებდა უნივერსიტეტებში წელს, იმდენივეს შეეძლება უნივერსიტეტებში ჩაბარება. მათ შორის, შეიძლება, თეორიულად, მთლიანად სახელმწიფომაც აითვისოს ეს რესურსი. მთავარი ჩვენთვის არის ის, რომ არავითარი ფორმით არ გაურთულდებათ სტუდენტებს უნივერსიტეტებში მოხვედრა. იქნება ეს სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტი. კვოტები განისაზღვრება ამის შესაბამისად“.

ასევე იხილეთ:

პრემიერ-მინისტრის დათვლით, თბილისში სტუდენტთა რაოდენობა 2-ჯერ უნდა შემცირდეს, ქუთაისში კი 4-ჯერ გაიზარდოს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური