მასწავლებლის მიმართვა კოლეგებს: მოდით, ერთი წუთით გვერდზე გადავდოთ სქემა, პორტფოლიო, წოდება…
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ოთარ იაკობაძე კოლეგებს მიმართავს და მიუთითებს პრობლემაზე, რომლის დანახვაც, მისი თქმით, მასწავლებლის მისიას უფრო ჰუმანურსა და სრულყოფილს გახდის.
“მინდა მივმართო ყველა პედაგოგს, ახალბედასა თუ მხცოვან მასწავლებელს, მასწავლებლობის მსურველებს:
კოლეგებო, მოდით, ერთი წუთით გვერდზე გადავდოთ სქემა, პორტფოლიო, წოდება (არ მიყვარს სტატუსი), “ეროვნული ჯილდო”, “ეროვნული დღე” (წლის დანარჩენი დღეები და გაწეული ღვაწლი არაეროვნულია, როგორც ჩანს), მიწაზე დავეშვათ და ჩვენს თვალწინ მიმოვიხედოთ, დავაკვირდეთ ნორჩ არსებებს, რომლებსაც ჩვენს აღსაზრდელებს ვუწოდებთ, ხომ არ შიათ, ხომ არ სწყურიათ? იქნებ ზოგი მათგანი შინიდანაც უჭმელი მოვიდა (დარწმუნებული ვარ, დღევანდელი საქართველოს “მდუღარე” ეკონომიკის მიუხედავად, ყველგან და მრავლად გვყავს ასეთი ბავშვები)… როგორ ფიქრობთ, ასეთ შემთხვევაში, აზრი ექნება ჰუმანისტური პრინციპებისა და მოყვასის სიყვარულის სწავლებას?…
მოკლედ, ჩვენ ხომ მნიშვნელოვნად ვავსებთ სახელმწიფო ბიუჯეტს ჩვენი შენატანებით (გადამხდელები ვართ), იქნებ მოვითხოვოთ გარკვეული ფინანსები სახელმწიფოს მომავალი მოქალაქეების კვებასაც მოხმარდეს!
ვფიქრობ, ამ პრობლემის დანახვა ჩვენს მისიას უფრო ჰუმანურსა და სრულყოფილს გახდის”, – წერია მიმართვაში, რომელიც მისი სახელით “მოტივირებულ პედაგოგთა ჯგუბში” 21 სექტემბერს გამოქვეყნდა.
- „ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გამათავისუფლეს“ – სკოლის დირექტორის მიმართვა მოსწავლეებსა და მშობლებს by სოციალური ქსელები
- „იმედია, შეფასება სასკოლო სისტემის ნაწილი აღარ იქნება – დღევანდელ გაკვეთილზე შენ დაიმსახურე უმაღლესი შეფასება…“ by სოციალური ქსელები
- „ეს ის ფრაზებია, რომლებიც მოსწავლეებმა დაასახელეს, როგორც ყველაზე გამაღიზიანებელი და დამთრგუნველი“ by სოციალური ქსელები