ერთი მოსწავლის კვება სახელმწიფოს დღეში 2.50 ლარიდან 4.50 ლარამდე დაუჯდება – ახალი დეტალები სასკოლო კვების პროგრამის შესახებ
„უდიდესი მონდომებით, 2023 წლის სექტემბრიდანაც არის შესაძლებელი, რომ სკოლებში უფასო კვება გვქონდეს“, – ასე უპასუხა 6 თებერვალს EDU.ARIS.GE-ს მიერ დასმულ კითხვას „როდის გვექნება სკოლებში უფასო კვება“ საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ნუტრიციისა და ჯანდაცვის სპეციალისტმა თაკო უგულავამ.
სასკოლო კვების პროგრამის შესაძლო მოდელის გამოვლენის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდის, საქართველოს პარლამენტის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობით, იანვრის ბოლოს გაიმართა.
როგორც პირველ თებერვალს, UNICEF-ის საქართველოს ოფისის ინფორმაციიდან გავიგეთ: „მხარეები შეთანხმდნენ, რომ სასკოლო კვების პროგრამის ძირითადი პრინციპები თანასწორობა და ინკლუზიურობა იქნება. გაეროს ბავშვთა ფონდი აგრძელებს მთავრობის მხარდაჭერას აღნიშნულ პროცესში, რათა ყველა ბავშვს ჰქონდეს ხელშემწყობი სასწავლო გარემო“.
EDU.ARIS.GE ჯერ კიდევ 2020 წელს დაანონსებული პროგრამის შესახებ მკითხველის ინფორმირებას განაგრძობს და თემის გარშემო დღეს არსებული ყველა აქტუალური კითხვით საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ნუტრიციისა და ჯანდაცვის სპეციალისტს, თაკო უგულავას მივმართეთ.
– ქალბატონო თაკო, ჩვენი წინა საუბრისას გვითხარით, რომ საქართველოში მოსწავლეების უფასო კვების სამუშაო მოდელი მზად იყო და განხილვების პროცესი უნდა გაევლო. სად ვართ ერთი წლის შემდეგ, რა ეტაპზეა დღეს სკოლებში უფასო კვების პროგრამის დაწყების სამუშაოები, გვაქვს უკვე მოდელი, რომელიც ყველა აქტორთან შეთანხმებული და დადასტურებულია?
– 2021 წელს თემა გავაჟღერეთ და ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყო. თუმცა რადგანაც ეს რთული და კომპლექსური საკითხია, საჭირო იყო მთელ რიგ საკითხებზე შეთანხმება. კონსენსუსი ჯერ არ არსებობდა და მოსაპოვებელი იყო. ეხლა, მნიშვნელოვან საკითხებზე ერთსულოვნებაა როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო სტრუქტურაში და ვთანხმდებით, რომ მიუხედავად უამრავი გამოწვევისა, ეს საქმე გასაკეთებელია და დაიწყება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.
– გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ „მხარეები შეთანხმდნენ, სასკოლო კვების პროგრამის ძირითადი პრინციპები თანასწორობა და ინკლუზიურობა იქნება“. რას ნიშნავს ეს ჩანაწერი, მეტად რომ გვესაუბროთ პროგრამის დანერგვის უკვე შეთანხმებულ მხარეებზე, რაზე გაქვთ თანხმობა?
– მოდელის დეტალები ისევ დასახვეწია და საბოლოო ვერსიის ჩამოყალიბებას, ალბათ, პრემიერ მინისტრთან ამ საკითხის განხილვა შეუწყობს ხელს. თუმცა, გარკვეულია, რომ:
- ვთანხმდებით, რომ პროგრამა უნდა დაიწყოს არა ერთ საპილოტე რეგიონში (ეს ვერსია მუშავდებოდა დიდხანს და არჩეული იყოს შიდა ქართლი), არამედ ერთდროულად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ იმისათვის, რომ მისი დანერგვა შესაძლებელი გახდეს, მოხდება სამიზნე ჯგუფის ასაკზე შეთანხმება ფინანსური პორტფოლიოს მიხედვით;
- ვთანხმდებით, რომ ქვეყანაში საკვების მიწოდების უნიფიცირებული მიდგომა ვერ გვექნება (ისევ, რეალობიდან გამომდინარე);
- „ლანჩ ბოქსებით“ საკვების მიწოდებაა რეალური გზა სკოლებში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე;
- ვთანხმდებით, რომ პროგრამა არ უნდა მიეწოდოს მოსახლეობას როგორც სოციალური დახმარების ნაწილი და წინ უნდა წამოიწიოს განათლების მიზნები;
- ვთანხმდებით, რომ თუნდაც საწყის კლასებში უნდა არსებობდეს უნივერსალური დაფარვა და არ დავუშვათ სოციალური ნიშნით დისკრიმინაცია;
- ვთანხმდებით, რომ სკოლის კვების ორგანიზება და დაფინანსება (ნაწილობრივ მაინც) სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა;
- ფაქტობრივად განსაზღვრულია ერთ ბავშვზე საკვების დღიური ღირებულება, რომელიც მოწოდებული მოდელების მიხედვით, ვარირებს 2.50 ლარიდან 4.50 ლარამდე;
- ვთანხმდებით, რომ ყველაზე დიდ გამოწვევას ფიზიკურად საკვების მიწოდება წარმოადგენს და ამ მხრივ, კონკრეტული ლოჯისტიკური გეგმა იქნება საჭირო;
და ა.შ.
– ჩაერთვნენ თუ არა უკვე პროცესში ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები, რა პოზიცია დააფიქსირეს და არის თუ არა გაწერილი პროგრამის ფინანსური მხარე, შეგიძლიათ, თანხები დაგვისახელოთ?
– კალკულაციის საფუძვლად რა უნდა გამოვიყენოთ გარკვეულია, მაგრამ სრული თანხის მოცულობა ისევ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული და პრემიერ-მინისტრისა და მისი კაბინეტის პრეროგატივაა.
– მაშინ მშობლებისა და მოსწავლეების მთვარ კითხვას დაგისვამთ – როდის გვექნება სკოლებში უფასო კვება?
– ამ კითხვაზე მე ვერ გაგცემთ პასუხს, ეს მთავრობის პრეროგატივაა. მხოლოდ ვიტყვი, რომ უდიდესი მონდომებით 2023-ის სექტემბრიდანაც არის შესაძლებელი.
– რა წინასწარი სამუშაოს შესრულებაა აუცილებელი, ვიდრე მოდელი სკოლებში დაინერგება?
– ყველაზე მნიშვნელოვანი არის ლოჯისტიკური ნაწილის დალაგება, ანუ როგორი იქნება საკვების ფიზიკური მიწოდების ყველაზე ხარჯთეფექტური გზა. პარლამენტი და აღმასრულებელი სტრუქტურები (განათლება, სოფლის მეურნეობა) მხარს უჭერენ აღნიშნულ ინიციატივას და მიმდინარეობს მუშაობა კონკრეტული მიმართულებებით.
EDU.ARIS.GE-ს არაერთი კითხვა ამ საკითხზე ჯერ უპასუხოდ რჩება, თუმცა, ჩვენ გავაგრძელებთ სასკოლო კვების პროგრამის თემაზე მუშაობას და მკითხველს განახლებულ ინფორმაციას მივაწვდით.
ჯგუფი, რომელიც სკოლაში უფასო კვების პროგრამაზე მუშაობს ახლა მოლოდინის რეჟიმშია და გამოხმაურებას მთავრობის მეთაურისგან ელის. ირაკლი ღარიბაშვილთან საკითხის დაყენების პირობა სტატიის დასაწყისში ხსენებულ შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებისგან გაჟღერდა.
ამავე თემაზე:
მოსწავლე: დამინახავს გოგონა, რომელსაც სკოლაში შიმშილისგან გული წასვლია
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება