GE

მე-19 საუკუნის კარადა და 4000-დოლარად შეფასებული როიალი – განათლების კომიტეტის ხელმძღვანელის ქონება

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის  კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშს ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2019 წლის 31 იანვარს აქვს ჩაბარებული.

დოკუმენტის თანახმად, დეპუტატის სახელზე რამდენიმე უძრავი ქონება ფიქსირდება. კერძოდ, 2014 წელს, მან იპოთეკური ხელშეკრულებით შეიძინა აგარაკი ტაბახმელაში, რაშიც 67 500 ლარი გადაიხადა. მის სახელზევე ირიცხება 2003 წელს შეძენილი, 38 000 დოლარად შეფასებული ბინა თბილისში, რომელიც დეკლარაციის შევსების მომენტში იპოთეკითაა დატვირთული. დეპუტატს 2009 წელს მემკვიდრეობით მიღებული აქვს 25%-იანი წილი ქ. თბილისში,  ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბინაში.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატს დეკლარაციაში დაფიქსირებული აქვს 3000 დოლარიანი შენაძენი, ეს გახლავთ მე-19 საუკუნის კაბინეტის კარადა, რომელიც მან 2007 წელს იყიდა. 2008 წელს კი მარიამ ჯაშს როიალში  გადახდილი აქვს 4000 ამერიკული დოლარი. კომიტეტის თავმჯდომარე  ფლობს მსუბუქ ავტომანქანა wolksvagen jetta-ს, რომელშიც 2013 წელს გადახდილი აქვს 7200 დოლარი.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, პარლამენტის წევრს „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო ანგარიშზე უფიქსირდება 802,64 ლარი. დეკლარაციის თანახმად, მარიამ ჯაშს  „გაეროს საკრედიტო ფედერალურ კავშირში აქვს უარყოფითი ნაშთი 17 858, 29 დოლარის ოდენობით, ამავე ორგანიზაციაში კი დეპოზიტის სახით დაფიქსირებული აქვს 1276,36 დოლარი. გარდა ამისა, მას „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე აქვს 483,6 ლარი, ამავე ბანკში – 895,95 ევრო, რომელზეც მინიშნებულია, რომ ეს ნაშთი ფიქსირდება ამავე ბანკში აღებული სესხიდან.

დეკლარაციის თანახმად, მარიამ ჯაშს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ მუშაობისას 2018 წლის მარტიდან დეკემბრამდე მიღებული აქვს 53 892 ლარი.

რაც შეეხება ხარჯებს, აღნიშნულ გრაფაში ფიქსირდება რამდენიმე ბანკის კრედიტი, რომლებიც სხვადასხვა სესხების გადასაფარადაა გამოყენებული, ასევე ქალიშვილის სწავლის საფასური (3500ლარი), დეპუტატის სწავლის საფასური -3000 ლარი, მგზავრობის ხარჯები -3000 ლარი და  ტაბახმელაში არსებული უძრავი ქონების სარემონტო ხარჯები 37 ათასი ლარი, რომელიც „საქართველოს ბანკიდან“ არის ნასესხები.

დეკლარაციაში ასევე დაფიქსირებულია მარიამ ჯაშის ვაჟიშვილის ირაკლი გოდერძიშვილის სესხი 26 892 ევრო, ბერლინში გამოყენებითი მეცნიერების code უნივერსიტეტში სასწავლებლად. (სესხის დაფარვა გათვალისწინებულია სწავლის დასრულებისა და დასაქმების შემდეგ). დეკლარაციაში  ნაჩვენებია ირაკლი გოდერძიშვილის შემოსავალიც -14 000 ევრო, რომელიც მან ბერლინის უნივერსიტეტში სასწავლებლად 2018-2019 წლებში სტიპენდიის სახით მიიღო.

მარიამ ჯაშს  თანხები ქველმოქმედებისთვისაც აქვს გაღებული, შესაბამის გრაფაში მას 3000 ლარი აქვს მითითებული.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური