GE

მენტორი მასწავლებელი: „პედაგოგთა ძალიან დიდი ნაწილი ერთადერთი შემომტანია ოჯახში, ხელფასი ყველას თანაბრად უნდა გაეზარდოს!“

ფინანსთა მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, როდესაც მან თქვა, რომ მასწავლებლის ხელფასი (სრული დატვირთვის შემთხვევაში), 500 ლარით ან მეტით 2024-2025 სასწავლო წელს მოიმატებს, მასწავლებლებში გულისწყვეტისა და მოტყუების განცდა გააჩინა, რადგან ამბობენ, რომ სახელფასო მატების მოლოდინი  2024 წლის იანვრიდან ჰქონდათ.

მენტორი მასწავლებელი, ბიჭიკო ოჩიგავა კი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ სახელფასო მატებისთვის იანვარი პირობითი ვადაა და ხელფასის დღესვე მომატებაზეც არავინ იტყვის უარს:

“ადამიანი განათლებას იმიტომ იღებს, რომ მომავალში პიროვნული განვითარების მაღალი მაჩვენებელი და სოციალური კეთილდღეობა გააჩნდეს. ენთუზიაზმით მუშაობის ეპოქა დასრულდა! ჩვენს უკან ოჯახები დგანან. პედაგოგთა ძალიან დიდი ნაწილი ერთადერთი შემომტანია ოჯახში. შესაბამისად, ხელფასების მატება რომ მათი უმთავრესი პრიორიტეტია, ეს, ვფიქრობ, გასაკვირი არც არის. ანაზღაურების 500 ლარიანი მატების დაანონსებამ ცხადია, იმედისმომცემი განწყობა გააჩინა. რაც შეეხება ზუსტ პერიოდს და მასთან დაკავშირებულ შეკითხვებს, ცხადია, არც ეს უნდა უკვირსეს ვინმეს. იანვარი პირობითად აღინიშნა. დღესვე რომ მოგვიმატონ, უარს ვიტყვით? რაც მალე, მით უკეთესი”.

ახალგაზრდა პედაგოგი ერთდროულად ორ სკოლაში – ალექსანდრე თანდაშვილისა და ბესარიონ კივილაძის სახელობის 32-ე და 166-ე საჯარო სკოლებში ინგლისურსა და სპორტს ასწავლის და არ ფიქრობს, რომ ჯეროვნად მომატებული ხელფასის პირობებში, საქმის შემსუბუქების მიზნით, რომელიმე სკოლიდან წამოვიდოდა.

“ასე გადაჭრით რთულია იმის თქმა, ვიმუშავებდი თუ არა ორ სკოლაში ხელფასის მომატების შემთხვევაში. დიახ, ვიმუშავებდი. მაქვს იმის ენერგია და რესურსი, რომ ორ სკოლაში ვიმუშაო. რატომ უკვირთ მასწავლებლების, არ მესმის. განა ექიმები სხვადასხცა საავადმყოფოებში არ მუშაობენ? სხვა პროფესიების წარმომადგენლებსაც ანალოგიურად არ აქვთ გადანაწილებული დღის გრაფიკი? რატომ არის სკეპტიკური დამოკიდებულება მხოლოდ მასწავლებლებისადმი? აქ მეორე საკითხიც არის. არასდროს ვერიდები სიმართლის თქმას. ორივე საჯაროში სკოლაში ვიღებ დანამატს და 500 ლარი რომც მომიმატონ და ერთ სკოლაში დავრჩე, ეს არათუ ზრდის ჩემს შემოსავალს, ვზარალდები კიდეც, რადგან ორივე სკოლაში 500-500 ლარზე მეტი მაქვს შემოსავალი. ვფიქრობ, მასწავლებლის ერთზე მეტ სკოლაში დასაქმება უნდა განისაზღვრებოდეს მისი პროდუქტიულობის ხარისხით და არა ხელფასის ოდენობის პრონციპით”, – აცხადებს ბიჭიკო ოჩიგავა.

რაც შეეხება მთავრობის მიერ დაანონსებული სახელფასო მატების ფორმას, რომელიც, როგორც ითქვა მასწავლებლის საათობრივ დატვირთვაზე იქნება დამოკიდებული, მენტორი მასწავლებელი მიიჩნევს, რომ ხელფასის მომატების დროს სამართლიანობის პრინციპის დაცვაა საჭირო და მასწავლებლების დაყოფა არაჯანსაღ შედეგს მოგვცემს.

“მეტი სამართლიანობისთვის ხელფასი თანაბრად უნდა გაეზარდოს ყველას. ძალიან ბევრ პედაგოგს სრული განაკვეთი არ აქვს, რაც მათზე არ არის დამოკოდებული, რა დააშავეს მათ? საჭიროება ყველას იდენტური გვაქვს. ეს მიდგომა, ცხადია, კოლეგებს შორის არაჯანსაღ დამოკიდებულებებს გამოიწვევს, რისი ნათელი მაგალითიც ბოლო წლებში მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემამ აშკარად გამოკვეთა. მივესალმები ხელისუფლების ინიციატივას სახელფასო პოლიტიკის გადახედვასთან დაკავშირებით, თუმცა თუკი ეს ყველაფერი დაპირებული თანხისამებრ დროულად მოხდება, მით უკეთესი იქნება”, – ამბობს მენტორი მასწავლებელი.

ასევე იხილეთ:

„მასწავლებლები არათანაბარ პირობებში არიან, საბაზო ხელფასმა უნდა მოიმატოს“ – წამყვანი მასწავლებლის ხედვა ხელფასის მატების ფორმაზე

პრემიერი: 2024 წელს მასწავლებლების ხელფასი სრული დატვირთვის პირობებში, საშუალოდ, 500 ლარით და მეტით გაიზრდება

„განათლების დაფინანსების 300%-იანი ზრდა გვაქვს“ – რომელი პედაგოგების ხელფასი მოიმატებს 500, 600 ან 700 ლარით

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური