GE

„მნიშვნელოვანია საკითხი – როგორ იქცევა სკოლა, თუ მოსწავლე ან მშობელი უარს ამბობს ფორმის შეძენაზე, ან მის ტარებაზე“

ავტორი: ნანა დაბრუნდაშვილი, მენტორი მასწავლებელი

სასკოლო ფორმების ესკიზები გამოქვეყნდა…

სასკოლო ფორმაზე ჩემი აზრი არაერთგზის დავაფიქსირე და კიდევ დავწერ, რომ ხარისხიანი სასკოლო ფორმები ზოგადად ლამაზი და კომფორტულია, მაგრამ ჩვენს სკოლებში იმდენი პრობლემაა მოსაგვარებელი, სასკოლო ფორმებზე ფიქრი და მშობლებისთვის ახალი საზრუნავის დამატება, საკმაოდ არაადეკვატური მგონია.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დამატებით გაჩნდება ახალი პრობლემები, მათ შორის ესენი:

ზედმეტი ხარჯი: მოსწავლეს ფორმის რამდენიმე წყვილი დასჭირდება, რათა მისი გარეცხვა და სუფთად სიარული შეძლოს;

სეზონური ტანსაცმელი: მოსწავლეს დასჭირდება სასკოლო ფორმის ორი ვარიანტი, საგაზაფხულო და საზამთრო, გრილი და თბილი;

მოვლის პრობლემა: თეთრი პერანგის ყოველდღიური ტარება საკმაოდ მოუხერხებელია, ის ადვილად გაჭუჭყიანდება და დაუთოვებაც დასჭირდება;

ერთფეროვნება: მოლურჯო კუბოკრული ფორმა მცირე ასაკის ბავშვებში საკმაოდ ერთფეროვანი და მოსაწყენი ფერი იქნება;

თვითგამოხატვის შეზღუდვა: ერთფეროვანი ჩასაცმელებით მოსწავლეების თვითგამოხატვა შეიზღუდება;

დისკომფორტი თამაშისას: იმედია, ფორმა მაღალხარისხიანი ქსოვილის იქნება, რაც ძვირი დაჯდება, თუმცა უხარისხო ქსოვილის ფორმა მოსწავლეებს დისკომფორტს შეუქმნის;

ფინანსური პრობლემა: ფორმებს თუ სახელმწიფო აჩუქებს, მეორე წყვილის ყიდვა მშობლებს თავად მოუწევთ.

და ა.შ.

ახლა დადებითი მხარეები ვნახოთ და შევაფასოთ:

თანასწორობა?

ვინმე ფიქრობს, რომ ჩასაცმელი, მხოლოდ სასკოლო ფორმა, ან მხოლოდ ტანსაცმელი განსაზღვრავს უთანასწორობას? იქნებ ჩანთა, ფეხსაცმელი, კალმები, სუნამოები, თმის სამაგრები ან საჭმელის საყიდელი ფულიც შევუზღუდოთ და ერთნაირი განვუსაზღვროთ მოსწავლეებს?

დროის დაზოგვა?

შეადარეთ, რომელი უფრო ადვილია: სად უამრავი ჩასაცმელიდან არჩევანი და სად ერთი ხელი ტანსაცმელის, თანაც თეთრი და საუთოვებელის, ყოველდღიურ მზადყოფნაში ქონა.

დისციპლინა?

თუ მთლად ვულგარულად არ აცვია მოსწავლეს, რომელიც ისედაც აკრძალულია სკოლის შინაგანაწესით, სხვა ტანსაცმელი არანაირად უშლის ხელს დისციპლინის დაცვაში.

უსაფრთხოება?

სხვა ბავშვის მოსწავლისგან გარჩევას უზრუნველყოფს?
სკოლის ტერიტორია ისედაც დაცული და ჩაკეტილია, ასე რომ ეს არგუმენტიც არ გამოდგება.

ეკონომიურობა?

რანაირად? სკოლის ფორმის ყიდვა დაემატება მშობლის დანახარჯს, რადგან სხვა საგარეო ტანსაცმელი ისედაც საჭირო იქნება ბავშვისთვის საყიდლად.

მნიშვნელოვანია საკითხი, თუ როგორ იქცევა სკოლა, თუ მოსწავლე ან მშობელი უარს ამბობს ფორმის შეძენაზე, ან მის ტარებაზე.

რას ვაკეთებთ ამ შემთხვევაში?

თვალს ვხუჭავთ თუ გაკვეთილებზე არ ვუშვებთ მოსწავლეს?

თუ აუცილებელი არ იქნება ფორმის ტარება, ფორმას თითო ოროლა მოსწავლე თუ ჩაიცვამს და ეს ამხელა ხარჯიც წყალში გადაყრილი იქნება.

თუ სიმკაცრეს გამოვიჩენთ და უფორმო მოსწავლეს გაკვეთილზე არ დავუშვებთ, რა გამოდის, მოსწავლებს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას, სწავლის უფლებას ვუზღუდავთ?

მოკლედ, მართალია, ჩვენ არავინ გვკითხავს, ისე ღებულობენ გადაწყვეტილებებს, მაგრამ მაინც დავწერ, რომ ჩემი პირადი შეხედულება სასკოლო ფორმის მიმართ უფრო ნეგატიურია, ვიდრე პოზიტიური.

ამავე თემაზე:

ქვედაკაბა მუხლამდე და გრძელი, შარვალი და პიჯაკი – ცნობილია, როგორი იქნება სასკოლო ფორმები ახალი სასწავლო წლიდან (ესკიზები)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური