GE

ოქროსა და ვერცხლის მედლების გაცემა კვლავ გადაიდო – 2016-2017 და 2017-2018 სასწავლო წლები

2016-2017 სასწავლო წლის სკოლადამთავრებული წარჩინებული მოსწავლეებისთვის მედლების გადაცემის თარიღმა ისევ გადაიწია. მათ, ვინც სკოლა შარშან წარჩინებით დაასრულა, ოქროსა და ვერცხლის მედლები სექტემბერში უნდა დარიგებოდათ, ამის შსახებ EDU.ARIS.GE-ს კერ კიდევ ივლისში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკისა და პროგრამების სამმართველოს უფროსმა თამარ მალაზონიამ განუცხადა. დღეის მონაცემებით კი, მედლების დარიგების პროცესმა გარკვეული ხარვეზების გამო გადაიდო.

ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, მარიამ ჩიქობავა EDU.ARIS.GE– სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მედლების შემოწმებისას ხარვეზი დაფიქსირდა, მათ შორის ვიზუალური დეფექტები, რომლის გამოსასწორებლად ორგანიზაციას ვადა სექტემბრის ბოლომდე აქვს.

“მესმის, რომ ცოტა დაგვიანდა, ახლა ველოდებით სამხარაულის ეროვნული ბიუროდან საბოლოო დასკვნას. მოგეხსენებათ ერთი დასკვნა უკვე მოვიდა, მაგრამ არ იყო სრულყოფილი და ახალა, საბოლოო დასკვნას ველოდებით. მედლებს შორის იყო დაზიანებები გარეგნული ნიშნითაც, რომელის სავარაუდოდ ან არასწორი ტრანსპორტირების ან არასწორი შენახვის პირობების შედეგად დაზიანდა.

„ამ დაზიანებულ მედლებზე კომპანიამ კიდევ ერთი შეკვეთა გააკეთა. მოკლედ იყო რამდენიმე სახის ხარვეზი, თუმცა ვფიქრობ, რომ სექტემბრის ბოლოსთვის ყველა ეს ხარვეზი აღმოფხვრილი იქნება და, სავარაუდოდ, ოქტომბერში უკვე დაურიგდებათ მედლები ამ მოსწავლეებს“,- განაცხადა მარიამ ჩიქობავამ.

როგორც თავად ამბობს, პროცესების დროში გაწელვა ძირითადად ხარვეზიანი სიების დადგენას უკავშირდებოდა, თუმცა მედალოსანი მოსწავლეების სიებზე მომუშავე ჯგუფის სამუშაო მიდგომა შეიცვლება და მომავალი წლიდან მედლების მოსწავლეებზე გადაცემის პროცესები ასე აღარ გაიწელება.

„როგორც წესი, მედლების გადაცემის დაგვიანების მიზეზი ის ხარვეზიანი სიებია, რომელიც მედალოსან კანდიდატურებს უკავშირდება და სანამ კომისია განიხილავს დაადგენს, ნამდვილად ეკუთვნის თუ არა მოსწავლეს მედალი, როგორ მოხდა ქულის გამოყვანა და სხვადასხვა ტიპის პრობლემების გარკვევაში დრო გადის. ამ ყველაფრის გარკვევას ელოდებიან ის მოსწავლეები რომელთა სიაც ზუსტად არის მიწოდებული. ეს მიდგომა აუცილებლად შეიცვლება. სავარაუდოდ მე ვფიქრობ რომ შემდეგნაირად გავაკეთებთ, ანუ ვისზეც ვიცით რომ ნამდვილად ეკუთვნის მედალი, ისინი დროულად უნდა გავუსვათ და ამ ხარვეზიან სიებზე, როგორც გადაწყვეტს კომისია შემდეგ მოხდეს მედალოსნების დამატება. ვფიქრობ, ასეთი პრობლემა აღარ გვექნება მომავალი წლიდან“, – განაცხადა მარიამ ჩიქობავამ.

რაც შეეხება 2017-2018 სასწავლო წლის მედალოსნებს, მისი თქმით, სამინისტროს სახელის ცვლილებიდან გამომდინარე აღნიშნული მედლები განსხვავებული დიზაინის იქნება. მედლების გაცემის სავარაუდოდ თარიღად კი წლის ბოლოს ასახელებს.

„2017-2018 წლის მედალოსანთა სიები, რაც დაზუსტებულია ყველა გადაცემულია, უბრალოდ პროცესი ისევ ძველი მეთოდით მიმდინარეობს და ახლა ელოდებიან კომისიის გადაწყვეტილებას ამ ხარვეზიანი სიების პასუხებზე, თუმცა მომავალი წლიდან ეს ყველაფერი შეიცვლება.

„წლის ბოლოსთვის ყველა ხარვეზი უნდა იყოს აღმოფხვრილი თუკი რაიმეა დარჩენილი. წლის ბოლოს ყველას უნდა ჰქონდეს მედლები, ეს ასე ვთქვათ ბოლო ვადაა. ამის შემდგომ ვიფიქრებთ კომისიის მუშაობის გაუმჯობესების გზებზე”, – აღნიშნა ჩიქობავამ.

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური