პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო – ვადები და პროცედურა

დღეს, 28 აპრილს, დაიწყო მსურველთა რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და 20 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ, შემდეგ ვებგვერდზე
2025 წელს, მიღება გამოცხადებულია ინტეგრირებულ პროგრამებზეც, რაც საბაზო განათლების მქონე პირებს საშუალებას აძლევს, პროფესიულ განათლებასთან ერთად, მიიღონ სრული ზოგადი განათლებაც. აღნიშნული პროგრამების დასრულების შედეგად, გაიცემა სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებული პროფესიული დიპლომი.
პროფესიული განათლებით დაინტერესებული პირებისთვის, ასევე შემოთავაზებული იქნება რეალურ სამუშაო გარემოში, დუალური მიდგომით განხორციელებული პროგრამები. დუალური მიდგომა გულისხმობს, პროგრამით გათვალისწინებული 50% ზე მეტი სწავლის შედეგების მიღწევას რეალურ სამუშაო გარემოში – სასწავლო საწარმოში.
2025 წელს შეთავაზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების სრული ჩამონათვალი და რეგისტრაციის ინსტრუქცია განთავსდება 28 აპრილიდან vet.emis.ge-ზე.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნით, აპლიკანტთა შერჩევის პერიოდი განისაზღვრა 2025 წლის 21 მაისიდან 20 ივნისის ჩათვლით.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტთა შერჩევის მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გამოყენებული შერჩევის მეთოდის/მეთოდების შესახებ ინფორმაცია განთავსდება პროგრამის აღწერაში.
2025 წელს, უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო და იმ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, სადაც შერჩევის მეთოდად განსაზღვრულია სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება, თარიღები განისაზღვრა შემდეგნაირად:
– საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (ქიმიის კომპონენტი და/ან ფიზიკის კომპონენტი და/ან ბიოლოგიის კომპონენტი) – 2025 წლის 31 მაისი;
– წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში – 2025 წლის 01 ივნისი;
– აპლიკანტების მიერ სისტემაში საბოლოო არჩევანის მონიშვნის ვადა განსაზღვრულია 30 ივნისი -02 ივლისი.
“პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მოქმედი წესი უზრუნველყოფს პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას და ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობას პროფესიულ განათლებაში. ასევე, ითვალისწინებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ინდივიდუალურ საჭიროებებს”, – განმარტებულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
რეგისტრაციასთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: (+995 32)2 200 220, ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: info@emis.ge.
-
პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია by პროფესიული განათლების ამბები
-
ვის შეუძლია სკოლაში პროფესიული განათლების მასწავლებლად მუშაობის დაწყება – კანდიდატთა რეგისტრაციის ვადები შეზღუდული არ არის by პროფესიული განათლების ამბები
-
როდის იწყება პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია – ვადები და ტესტის ნიმუშები by პროფესიული განათლების ამბები