ცნობილია, რამდენმა აბიტურიენტმა აირჩია უმაღლესის გარდა პროფესიული განათლების პროგრამაც
2026 წელს პირველად აბიტურიენტს ჰქონდა შესაძლებლობა, უმაღლესი სასწავლებლის შესაბამის მიმართულებასთან ერთად, ეროვნული გამოცდების კონტექსტში აერჩიათ პროფესიული მიმართულებაც, თუმცა როგორც ირკვევა 43 ათასზე მეტი აბიტურიენტიდან პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობას მცირე ნაწილი უშვებს და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე არჩევანი, უმაღლესთან ერთად, სულ რამდენიმე ათასმა აბიტურიენტმა დააფიქსირა.
მიუხედავად ამისა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე მიჩნევს, რომ პროფესიული განათლების მიმართულება მზარდია.
„საკმაოდ მზარდია ეს მიმართულება. თუკი შევადარებთ ჩვენ სტანდარტულ რეგისტრაციის პროცესს პროფესიულ სასწავლებლებში, სადაც, მაგალითად, სტანდარტულ კონტექსტში 5 000-ზე მეტი დარეგისტრირდა – წელიწადში ჩვენ გვაქვს ორი მიღება, საშემოდგომო და საგაზაფხულო. ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ პირველად შემოვიღეთ, რომ აბიტურიენტს შესაძლებლობა ჰქონდა, უმაღლესი სასწავლებლის შესაბამის მიმართულებასთან ერთად, ეროვნული გამოცდების კონტექსტში აერჩია პროფესიული მიმართულებაც, სულ მცირე, სამი მიმართულება. 6 000-ზე მეტმა ახალგაზრდამ ეს არჩევანი გააკეთა.
შესაბამისად, აქაც გვაქვს მზარდი სტატისტიკა. ჩვენ თუ 21 600 ადგილი უფასო სწავლებისთვის განვსაზღვრეთ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში, პარალელურად, პროფესიულის მიმართულებით ვინც კი ჩაირიცხება, ამ შემთხვევაში საუბარია ახალგაზრდებზე, რომლებიც მინიმალურ ბარიერს გადალახავენ ეროვნულ გამოცდებზე, მაგრამ საკმარის ქულებს ვერ დააგროვებენ, რათა უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხონ, ისინი ავტომატურად, დამატებითი გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან მათ მიერ არჩეულ ერთ-ერთ პროფესიულ მიმართულებაზე, სადაც სახელმწიფო ასი პროცენტით უზრუნველყოფს დაფინანსებას. იქნება ეს კერძო კოლეჯში სწავლის გაგრძელება, თუ სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯში, აქაც სახელმწიფო მთლიანად უზრუნველყოფს მათ დაფინანსებას“, – განაცხადა გივი მიქანაძემ 30 ივნისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში საუბრისას.
ასევე იხილეთ:
-
პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია
by პროფესიული განათლების ამბები
-
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრირებულმა საბოლოო არჩევანი უნდა გააკეთოს ან ჩარიცხვის უფლებას დაკარგავს
by პროფესიული განათლების ამბები
-
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 19 742 პირი ჩაირიცხა გასულ წელს – რას ამბობს პრემიერ-მინისტრი
by პროფესიული განათლების ამბები