ქართულში პირველი საგამოცდო დღე დასრულდა – რა საკითხები წერეს ორ სესიაზე აბიტურიენტებმა და როგორია მოლოდინები
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი დღე ზუსტად 18:00 საათზე დასრულდება. აბიტურიენტებმა, 4 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტზე იმუშავეს, გამოცდა კი ორ სესიად წარიმართა. პირველ სესიაზე აბიტურიენტების თითქმის 5% არ გამოცხადდა, ხოლო მეორე სესიაზე გამოცხადდა 95%-ზე მეტი გამოსაცდელი.
საქართველოს მასშტაბით გახსნილი სხვადასხვა საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტები თავიანთ საკითხებსა და შეფასებებს EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტებს უზიარებენ:
პირველი სესია
ანა ცეცხლაძე – ქ. თბილისი, N177-ე საჯარო სკოლაში მოწყობილი საგამოცდო ცენტრი: ყველაფერი ძალიან მარტივი იყო წინა წლებთან შედარებით, არც ველოდი ასეთ მარტივს. ყველაზე უფრო ესე-ს დაწერა გამიმარტივდა. მე ნიკო ლორთქიფანიძის „ამაყი” ავირჩიე, რადან ამ თემას უფრო მეტი მაგალითი ჰქონდა და უკეთესი სააზროვნო იყო. უნდა გაგვეანალიზებინა – აქვს თუ არა აზრი ბრძოლას, თუ დამარცხებისთვის ხარ განწირული. თეზისის გასამყარებლად, გოდერძი ჩოხელის მართე მოვიყვანე და უკრაინის ომი. მართემ იცოდა რა დაემართებოდა – რომ სიკვდილად დაუჯდებოდა, მაგრამ მაინც წავიდა სამშობლოს სანახავად. უკრაინის ომში ბავშვები, ქალები, მოხუცები – ყველა ერთად ებრძვიან რუსეთის ბოროტებას, არადა, იციან რომ დიდი ალბათობით, მოკვდებიან. მოკლედ, ალბათ კარგ ქულებს მივიღებ. თავად საგამოცდო ცენტრი ძალიან მოწესრიგებული იყო, სიმშვიდე და სიწყნარე გვქონდა, გრილოდა და ყველა პირობა იყო იმისთვის, რომ კარგად დაგვეწერა.
აბესალომ მებონია – თბილისის #177-ე საჯარო სკოლაში მოწყობილი საგამოცდო ცენტრიდან: წინა წლებთან შედარებით ძალიან მარტივი იყო. მე “ამაყი” ავირჩიე, რადგან მოთხრობას მივანიჭე უპირატესობა. დავალებაში მოცემულ თეზისსაც დავეთანხმე და დავწერე, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, გააჩნია რისთვის იბრძვი. არ აქვს მნიშვნელობა, რას კარგავ, მთავარია მიზანი. ამის მაგალითია ის, რომ უფალმა ძე გასწირა იმისთვის, რათა ჩვენი ცოდვები გამოეხსნა. რაც შეეხება საგამოცდო სივრცეს, ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა. გრილოდა კიდეც და არანაირ ინციდენტს არ ჰქონია ადგილი, ყველაფერი კარგად იყო.
ბარბარე იამაშვილი – 103-ე საჯარო სკოლაში მოწყობილი საგამოცდო ცენტრი: ყველაფერი დავწერე. თემა იყო ომზე. ყველა მეუბნებოდა, რომ „ვეფხისტყაოსანი” შემხვდებოდა, ზოგადად, ისეთი თემები მოვიდოდა, რაც ძნელია. რედაქტირება ძალიან ადვილი იყო. წერითი დავალებაც მეადვილა. თემა ცოტა გამიჭირდა, მაგრამ არაუშავს. მთავარია, „დავითიანი” იყო, ჩემთვის ნაცნობი. წელს შედარებით მარტივია, მაგრამ ძალიან გამარტივებული-მეთქი, რომ ვთქვა, არა. შარშანდელის მსგავსი იყო. დიდად მოლოდინები არ მქონდა, მაგრამ მე ყველაფერს ველოდებოდი მაინც. მთავარია, ერთი გაკვეთილიც რომ გაგევლო, გამოცდაზე მიხვდებოდი მაშინვე”.
ანა ბახტაძე – ქუთაისის 1-ელი საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი: თემა დავწერე იმის შესახებ, აქვს თუ არა ბრძოლას აზრი და აღვნიშნე, რომ ყოველთვის აქვს ბრძოლას აზრი, რაც არ უნდა იყოს. მთავარია, გწამდეს და რწმენა გაგაჩნდეს იმისა, რომ შენ შეძლებ. პროგრამულიდან შემხვდა ნიკო ლორთქიფანიძე, დედილოსა და შვილის საუბრის ნაწილი იყო მოცემული, რაზეც უნდა გვემსჯელა და ვფიქრობ, ესეც კარგად დავწერე. ჩემთვის ძალიან მარტივი გამოცდა იყო, ასეთს არ ველოდი. რაც ნასწავლი მქონდა თითქმის ყველაფერი შემხვდა.
ბათუმის მე-10 საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი: „აქვს თუ არა აზრი ცხოვრების გაგრძელებას, როდესაც ყველაფერი განწირულია” – ეს თემა შემხვდა. ასევე, თბილისში პირველი სარკინიგზო მატარებლის შესახებ იყო ტექსტის რედაქტირება.
თამარ თევზაძე – ქუთაისის 1-ელ საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან: გურამიშვილის „დავითიანი“ იყო. თემა ეხებოდა იმას, არის თუ არა კარგის წარმოჩენა და საზოგადოებისთვის დანახვება უზნეობის გაბატონების საწინააღმდეგო. ასევე, შემხვდა ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობა ,,ამაყი“ , რომელიც იმას ეხებოდა, აქვს თუ არა ბრძოლას აზრი მიუხედავად მისი შედეგებისა. საერთო ჯამში, რაზეც ვმუშაობდი, იმის მსგავსი იყო. გურამიშვილი რომ დავიანახე ძალიან გამიხარდა.
თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტები:
„დაახლოებით 2 საათი ვწერდი. სამუშაოდ გვქონდა 3 საკითხი და პირველი იყო რედაქტირება, რომლითაც დავიწყე. 12 შეცდომა ვიპოვნე. სასვენი ნიშნები იყო შეცდომით და რამდენიმე სიტყვა, რომელსაც არასწორად გამოვთქვამთ. საკმაოდ მარტივი იყო. მეორე დავალებაში უნდა აგვერჩია, რომელიც გვინდოდა – პროგრამულიდან გურამიშვილის ,,დავითიანი” და არაპროგრამულიდან ლორთქიფანიძის ,,ამაყი”. ბოლო თემა იყო იმაზე, რა განსხვავებაა სიკეთესა და ბოროტებას შორის, სიყვარულსა და სიძულვილს შორის. ვიმსჯელე ლოგიკურად და მოვიყვანე რამდენიმე მაგალითი პირადი გამოცდილებიდან“.
„სამმა თანაკლასელმა ვწერეთ იგივე ტესტი. მითხრეს, რომ მარტივად დაწერეს. არცერთს გაგვიჭირდა. 2019 წლის გამოცდებზე გამოყენებული ტესტის წერა ყველაზე მეტად მიჭირდა და სხვებიც ასე იყვნენ. ყველა შეცდომა ვიპოვნე, მაგრამ რამდენად სწორად, ეგ არ ვიცი. ისეთი შეცდომები იყო, რაც ყველამ ვიცით, რომ შეცდომაა და დიდი გრამატიკის ცოდნა არ მოგვეთხოვება. ავირჩიე გურამიშვილის „დავითიანი”, რადგან გავლილი მქონდა. მეორე, სამწუხაროდ, არ მქონდა წაკითხული. პასუხები ტექსტშივე იყო მოცემული. რაც შეხება ესეს, თავიდან დავიბენი, რადგან აზრი ვერ გამოვიტანე, 3-ჯერ წავიკითხე ალბათ დაბნეულობის გამო. უნდა გვემსჯელა, რა არის კეთილი და ბოროტული ქცევა. ესეზე ცოტა მეტი დრო დავკარგე, მაგრამ ჯამში კმაყოფილი ვარ. ასეთი მარტივი ტესტი სკოლაშიც არ მიწერია.“
მარიამ ჩიქოვანი – ქ. თბილისი, N177-ე საჯარო სკოლაში მოწყობილი საგამოცდო ცენტრი: გამოცდისთვის არ ვემზადებოდი. 30 წლის ვარ, 2 შვილის დედა, ამიტომ, დრო არ მქონდა და სახლში ჩემით ვმეცადინეობდი, მაგრამ გამოცდა რთული მაინც არ იყო. რა ქულებს მივიღებ, არ ვიცი. დაველოდები და ვნახავ.
მეორე სესია აბიტურიენტებისთვის უფრო დამთრგუნველი აღმოჩნდა. არაერთი აპლიკანტი EDU.ARIS.GE-სთან აცხადებს, რომ ესე რთულად გასაგები იყო და ვარაუდობენ, რომ ბევრ აბიტურიენტს შედეგი გაუნულდება.
ანა ნოზაძე -175-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან: ყველა აბიტურიენტს ვურჩევ, ნუ ენდობით ბავშვებისგან ჯგუფებში დაწერილ ინფორმაციებს. არ ვიცი, საიდან მოიტანეს, მაგრამ ყველა იმეორებდა “ვეფხისტყაოსანი” და გურამიშვილიც გამეორდებაო. მე კმაყოფილი ვარ, მომზადებული შევედი და რაც ვიცოდი, ყველაფერი დავწერე. სხვებსაც იგივეს ვურჩევ, ჭორებს ნუ აყვებით. რაც შეეხება თემებს, უმეტესობამ პროგრამულიდან შეარჩია. არაპროგრამული – “თიხის სამი ფირფიტა” არც მე მქონდა წაკითხული. ესეში იყო მოცემული მონაკვეთები და კითხვის სახით თემა – “ყმაწვილკაცობაში დაშვებული შეცდომები როგორ მოქმედებს მომავალზე”. წარსულზე გავამახვილე ყურადღება და არგუმენტებიც ცხოვრებისეული მქონდა, ჯამში კმაყოფილი ვარ.
გვანცა მალაზონია -175-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან: მე ავირჩიე ოთარ ჭილაძის არაპროგრამული დავალება, რადგან უფო მარტივი კითხვები იყო. რედაქტირებაში შეცდომების პოვნა გამიჭირდა. პუნქტუაციის ნიშნები ვიპოვნე და გავასწორე, იყო ორი ბარბარიზმი. რაც შეეხება ესეს, მეც დავიბენი, ვერ გავიგე წარსულზე დამეწერა თუ შეცდომებზე. შემდეგ ორივე თემა გავაერთიანე და არ ვიცი რა გამოვიდა. ესე უფრო რთული იყო, ვიდრე ვიფიქრებდი. შეიძლება, ბევრს გაუნულონ.”
გიორგი 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან: ონისეს რომ კლავენ ბოლოს, ეგ მონაკვეთი შემოვიდა. პარალელები გავავლე აკაკი წერეთლის “გამზრდელიდან” და ვისაუბრე სამართლიანობის მნიშვნელობაზე. ესეში ტექსტი იყო “ხევისბერი გოჩადან” – უნდა ეპატიებოდეს თუ არა ადამიანს წარსული შეცდომები, რომელიც ყმაწვილკაცობაში დაუშვა და მე დავწერე, რომ უნდა ეპატიებოდეს, ქრისტიანობა მოვიყვანე მაგალითად, ასევე რამდენიმე პერსონაჟი ფილმიდან. მე კმაყოფილი ვარ, რადგან სააზროვნო თემები იყო და ამ ტიპის ესე უფრო მომწონს, ვიდრე ძველი, ეს უფრო ამოწმებდა ჩვენს აზროვნებას”.
ვაკო ჟამუნაშვილი – N177-ე საჯარო სკოლაში მოწყობილი საგამოცდო ცენტრიდან: ასე თუ ისე რთული ტესტი იყო, გამოცდა კი – ახალი გამოწვევა ჩემთვის. ვეცადე, რომ კარგად დამეწერა და მგონი, გამომივიდა. შედარებით გამიჭირდა თეზისის დაწერა. მე რომელიც ავირჩიე, ის თეზისი შედარებით რთული გასაგები იყო, მაგრამ ცოტა ფიქრის შემდეგ, მაინც შეიძლებოდა ალღოს აღება. მე მოცემულ თეზისს დავეთანხმე და არგუმენტებად ჩემი პირადი ცხოვრებიდან მოვიყვანე. გამოვიყენე იმ პერიოდის გადაწყვეტილება, როცა მე თავად სწავლასა და სპორტს შორის გავაკეთე არჩევანი.
ტექსტის რედაქტირება, ასე თუ ისე მარტივი იყო, ძირითადად მძიმეები იყო გამოტოვებული, ზოგ ადგილას სიტყვებიც შესაცვლელი იყო, წინა წლების ტესტებს რომ ვაკეთებდი, იმაზე ბევრად უფრო მარტივი იყო. რაც შეეხება თემას, მე ავირჩიე „ხევისბერი გოჩა“, რადგან მოცემული თეზისი მომეწონა და მგონია, რომ ეს თეზისი: „უნდა ეპატიოს თუ არა ახალგაზრდას შეცდომა“ მნიშვნელოვანი უნდა იყოს ყველა ამ ასაკის ადამიანისთვის.
ნინი გვეტაძე – ქუთაისის პირველი საჯარო სკოლაში მოწყობილი საგამოცდო ცენტრიდან: ძალიან კმაყოფილი ვარ. როგორც პირველის სესიიდან გამოსულები ამბობდნენ, გამართლა, მარტივი საკითხები მოვიდა. ნაწარმოები იყო „ხევისბერი გოჩა“. თემა იყო ყმაწვილკაცობაზე, შეცოდებაზე და პატიებაზე. უნდა დაგვეწერა ეპატიება თუ არა შეცდომა ყმაწვილკაცს. რაც შეეხება რედაქტირებას, ჩემთვის ადვილი იყო. საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ.
მალვინა ახალაძე – ქუთაისის პირველი საჯარო სკოლაში მოწყობილი საგამოცდო ცენტრიდან: ხევისბერი გოჩა“ ავირჩიე. რედაქტირება იყო ძალიან მარტივი. როდესაც დროს დავხედე, 10 წუთში უკვე გააზრებული მქონდა. რედაქტირება და გააზრება, საერთო ჯამში, ნახევარ საათში დავწერე. სამედიცინოზე ვაბარებ. ვფიქრობ ჩარიცხვა არ გამიჭირდება.
ლია წითელიშვილი – N177-ე საჯარო სკოლაში მოწყობილი საგამოცდო ცენტრიდან: გამომდინარე იქიდან, რომ ეროვნულებისა და მაგისტრატურის გამოცდის შემდეგ მესამედ გავდივარ გამოცდაზე, წლევანდელი ტესტები გამარტივებულია წინა წლებთან შედარებით. ყველა საკითხი თანაბრად მარტივი იყო, მე პირადად არცერთი არ გამჭირვებია. რაც შეეხება რედაქტირების ნაწილს, სხვა წლის დავალებებისგან დიდად არ განსხვავდებოდა, არასწორ ადგილას იყო მძიმეები დასმული, სასვენი ნიშნები და რაღაც მარტივი სიტყვები ეწერა არასწორად. ერთადერთი პრობლემა რაც იყო, არ ვიცოდით შეცდომების რაოდენობა და იმედია, რომ ყველა ვიპოვე. თემის ნაწილში ავირჩიე ნაწყვეტი ოთარ ჭილაძის პოემიდან. თემა რომელიც იქ იყო მოცემული – წარსულის ცოდნა რამდენად განსაზღვრავს მომავალს, მგონია, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა დღესდღეობით.
ხვალ, 5 ივლისს 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ისევ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაგრძელდება, კვლავ ორ სესიად ჩატარდება და 6 ივლისს დასრულდება.
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
მოამზადეს თამარ შუკვანმა, მზეო შველიძემ, გოგა ნიჟარაძემ და ჟუკა ბანძელაძემ
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება