GE

ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში ჭერის ნაწილის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეწყვეტილია – დაშავდა 2 ადამიანი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში 25 სექტემბერს ჭერის ნაწილი ჩამოიშალა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სკოლაში საგაკვეთილო პროცესი მიმდინარეობდა.

არსებული ინფორმაციით, დაშავდა ორი ადამიანი. ერთი მშობელია, რომელმაც მსუბუქი დაზიანება მიიღო, მეორე კი დამლაგებელი, რომელიც უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც მოგვიანებით მერის წარმომადგენელმა განაცხადა, დაზიანებები სერიოზული არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით 124-ე მუხლით გამოძიება დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა EDU.ARIS.GE-ს დღეს, 26 სექტემბერს განუცხადა, რომ ამ მომენტისთვის სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია და ადგილზე განათლებისა მეცნიერების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სამსახურის (ESIDA) წარმომადგენლებს ელოდებიან.

“ველოდებით ექსპერტებს და ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება. სკოლას აქვს უფლება, მოსწავლეებისთვის გაცდენილი დღეები შემდეგ აანაზღაუროს. ამ მომენტისთვის მოსწავლეების სხვა სკოლაში გადანაწილების საკითხი არ დგას”, – გვითხრა ლელა იმედაშვილმა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური