რა კითხვებზე მოუწევთ პასუხის გაცემა პედაგოგებს? – თვითშეფასების კითხვარი დამტკიცდა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემის ფარგლებში, (რომელიც ახალი სასწავლო წლიდან ამოქმედდება) პედაგოგთა თვითშეფასების კითხვარი დაამტკიცა. კითხვარის შევსება მასწავლებლებს ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში მოუწევთ და ის პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყების შემდეგ დაურიგდებათ. Aris.ge-განათლება დაინტერესდა, რა კითხვებზე მოუწევთ პასუხის გაცემა პედაგოგებს, ჩვენ კითხვარის სრული დოკუმენტი მოვიპოვეთ, რომელიც არც თუ ისე მცირე მოცულობისაა, ამიტომაც მის შემოკლებულ ვარიანტს გთავაზობთ:
I მასწავლებლისა და მოსწავლეების ურთიერთობა:
აღნიშნულ პუნტქში მასწავლებელმა შემდეგ კითხვებს უნდა უპასუხოს:
- ინტერესდება და ცდილობს თუ არა გავითვალისწინოს მოსწავლის სასწავლო, ემოციური და სოციალური პრობლემები?
- ცდილობს შექმნას ისეთი საკლასო გარემო, რომ მოსწავლეებს ჰქონდეთ საშუალება, უკეთ გაიცნონ ერთმანეთი, დაეხმარონ და იზრუნონ ერთმანეთზე?
- ყურადღებას ამახვილებს თუ არა მოსწავლის ძლიერ მხარეებზე, ამავდროულად, აძლევს თუ არა რჩევებს საჭირო უნარების გასავითარებლად
- მოსწავლეებთან საუბრისას ყურადღებას აქცევს თუ არა საკუთარ ლექსიკას და სხეულის ენას (ხმის ტონს, სახის გამომეტყველებას, თვალის კონტაქტს, ჟესტიკულაციას, მიმიკას)
- ყველა მოსწავლეს უდგება თუ არა ინდივიდუალურად, სტერეოტიპებისა და წინასწარ ჩამოყალიბებული განწყობის გარეშე?
II მოსწავლეთა ტოლერანტობის გრძნობის წახალისება, მოსწავლეთა თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფა:
- ეცნობა და პატივს სცემს თუ არა მოსწავლის რელიგიურ რწმენას, ასევე მის კულტურულ თავისებურებებს, რათა ხელი შეუწყოს მოსწავლეთა შორის ერთიანობისა და სოლიდარობის გრძნობის ჩამოყალიბებას, თანამშრომლობითი გარემოს შექმნას საკლასო ოთახში?
- მოსწავლეთა პიროვნულ, კულტურულ, სოციალურ, ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებას იყენებს თუ არა როგორც სასწავლო რესურსს?
- ცდილობს, მოსწავლეებმა აღიქვან პარტნიორად?
- ახალისებს პროსოციალურ ქცევებს (სხვის დახმარებას, ზრუნვას)?
III დამტკიცებულ კითხვარში ადგილი ეთმობა ინკლუზიური განათლების საკითხებს:
- სპეციალისტებთან ერთად ქმნის სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ინდივიდუალურ პროგრესზე ორიენტირებულ გარემოს და უზრუნველყოფს ინდივიდუალური მიზნებისა და ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით?
- აფასებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლის პროგრესს?
IV კლასის მართვა (ქცევის წესების დაცვა):
- კლასში ქცევის წესებს მოსწავლეებთან ერთად იმუშავებს?
- მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ ქცევის წესების დარღვევისათვის სანქციების შემუშავებაში?
- მოსწავლეების რთულ აქტივობებში ჩართვის მიზნით იყენებს თუ არა კარგად გაწერილ და მკაფიოდ ფორმულირებულ ინსტრუქციებს?
- მოსწავლეებს აძლევს მკაფიო მითითებებს ამა თუ იმ დავალების შესრულების შესახებ (მაგ., ვერბალური, ვიზუალური, ფიზიკური დემონსტრირების გზით )?
V სასწავლო რესურსის მართვა და გამოყენება:
- ახდენს სკოლაში და სკოლის გარეთ არსებული რესურსების კლასიფიკაციას -კატეგორიზაციას; არჩევს და იყენებს მათ სასწავლო მიზნის შესაბამისად?
- სასწავლო რესურსის შერჩევისას ფიქრობს იმაზე, თუ რამდენად გაზრდის ეს რესურსი სწავლის მოტივაციას მოსწავლეებში?
- მიზანმიმართულად იყენებს თუ არა თვალსაჩინოებებს, რაც მოსწავლეებს უადვილებს ახალი ინფორმაციის აღქმასა და გაგებას?
- ამზადებს სასწავლო რესურსს მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით?
VI გაკვეთილის დაგეგმვა მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზნით:
- წინასწარ გეგმავს თუ არა გაკვეთილს ეროვნული სასწავლო გეგმის მისაღწევი შედეგების გათვალისწინებით?
- გაკვეთილის მსვლელობისას, კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე, ახდენს თუ არა გაკვეთილის გეგმის მოდიფიცირებას?
- მოსწავლეებს უხსნის გაკვეთილის/სასწავლო აქტივობის მიზანს და მოსალოდნელ შედეგებს?
- მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით გეგმავს თუ არა კლასგარეშე აქტივობებს?
VII სწავლისა და სწავლების სტრატეგიები:
- იყენებს სტრატეგიებს, რომლებიც ეხმარება მოსწავლეებს ინფორმაციის ანალიზის, სინთეზისა და შეფასების უნარების განვითარებაში?
- მოსწავლეებს სთავაზობს მკაფიო ინსტრუქციებს და პროცედურებს სასწავლო აქტივობებისთვის გაკვეთილის სპეციფიკის გათვალისწინებით?
- მოსწავლეთა საჭიროებებისა და თავისებურებების გათვალისწინებით იყენებს თუ არა სწავლების დიფერენცირებულ მიდგომას?
- მოსწავლეებს რეგულარულად აძლევს საკლასო და საშინაო დავალებებს, რომლებიც ეხმარება მათ არსებითი და არაარსებითი ინფორმაციის განსხვავებაში, ცნებებსა და იდეებს შორის მნიშვნელოვანი კავშირების დანახვასა და ინფორმაციის სინთეზში?
VIII დისკუსიის დაგეგმვა; დისკუსიის სხვადასხვა ტექნიკის გამოყენება:
- ხელს უწყობს მოსწავლეებს, დაასაბუთონ საკუთარი იდეები და მოსაზრებები?
- თავს არ ახვევს მოსწავლეებს არც საკუთარ და არც აღიარებულ/სტერეოტიპულ მოსაზრებებს?
- მოსწავლეებს უბიძგებს საკუთარი და სხვების აზრების კრიტიკული შეფასებისაკენ?
- მოსწავლეებს უსვამს პრობლემურ შეკითხვებს, რაც ხელს უწყობს მათ ჩართვას კამათში და აქტიურ დისკუსიაში?
VIIII მოტივაცია და აქტიური მონაწილეობა– ხალისიანი და დინამიური გაკვეთილის ჩატარება:
- იყენებს მოტივაციის ამაღლების სხვადასხვა სტრატეგიებს, რომლებიც მოსწავლეებს სტიმულს აძლევს, დასახონ სასწავლო მიზნები და მათი მიღწევის გეგმა?
- მოსწავლეებს რთავს სხვადასხვა სახის კვლევით აქტივობებში, რომლებიც იწვევს მათ ინტერესს და ასევე უკავშირდება რეალურ სიტუაციებს?
- მოსწავლეებს აძლევს საკუთარი ინტერესებისა და მისწრაფებების რეალიზაციის, ასევე არჩევანის გაკეთებისა და საკუთარი დამოკიდებულებების გამოხატვის შესაძლებლობას?
IX სწავლების დროს შეფასების გამოყენება:
- მოსწავლეებს რთავს შეფასების კრიტერიუმების (რუბრიკის) შემუშავების პროცესში?
- მოსწავლეებს აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ხარისხიანი ნამუშევარი (შეფასების რუბრიკები, ხარისხიანი ნამუშევრის ნიმუში და სხვა ) ?
- ყველა დაინტერესებულ პირს (მშობლებს, კოლეგებს, სხვ.) აცნობს ინფორმაციას შეფასების რუბრიკების, მეთოდების, ასევე შემაჯამებელი სამუშაოს ვადებისა და ტიპების შესახებ?
- სწავლის პროცესში გამოყოფს მნიშვნელოვან ეტაპებს, განსაზღვრავს თითოეულ ეტაპზე მისაღწევ შედეგებს და იყენებს სხვადასხვა სახის განმავითარებელ შეფასებას, რათა დაეხმაროს მოსწავლეებს თითოეულ ეტაპზე საკუთარი პროგრესის შეფასებაში?
X პროფესიული ქცევა:
- გაკვეთილზე ცხადდება დროულად?
- მოსწავლეებთან და კოლეგებთან ურთიერთობისას არის კონსტრუქციული, კორექტული და იცავს ეთიკის ნორმებს?
- საჭირო დოკუმენტაციას აწარმოებს დროულად და ხარისხიანად?
- თავს არიდებს თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებას სასკოლო სივრცეში?
- მისი ჩაცმულობა სასკოლო სივრცეში შეესაბამება მასწავლებლის ეთიკის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს?
XI პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა:
- ეძებს და ეცნობა პროფესიული განვითარებისთვის სასარგებლო ბეჭდურ, ელექტრონულ და მულტიმედიურ რესურსებს?
- ეუფლება ეფექტური სასწავლო პროცესის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს?
- ეუფლება სსსმ სწავლების მეთოდიკას და მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებებზე მორგებულ სწავლების დიფერენცირებულ მიდგომებს?
- არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებისთვის: ეუფლება სახელმწიფო ენას და ეცნობა ქართულ კულტურას.
ყველა კითხვაზე პედაგოგმა ოთხი ტიპის პასუხიდან ერთ-ერთი უნდა გასცეს:
- არ ვიყენებ ამ პრაქტიკას, ან მისი გამოყენება დადებით ზეგავლენას არ ახდენს მოსწავლეების სწავლის პროცესზე
- ვიყენებ ამ პრაქტიკას, მაგრამ მხოლოდ იშვიათად ვხედავ დადებით შედეგებს მოსწავლეების სწავლის პროცესზე
- კარგად გამომდის ამ პრაქტიკის გამოყენება და ვამჩნევ მის მუდმივ დადებით ზეგავლენას მოსწავლეების სწავლის პროცესზე
- ამ პრაქტიკის გამოყენება ჩემი ძლიერი მხარეა, მას ვარგებ მოსწავლეების საჭიროებებს, მოსწავლეთა მიღწევებში ვხედავ მუდმივ და პოზიტიურ შედეგს
- არ შემესაბამება (პასუხი განმარტეთ)
ამასთანავე, ყოველი თავის შემდეგ პედაგოგს მოუწევს შესაბამის კითხვებზე კონკრეტული მაგალითების მოყვანა პრაქტიკიდან ასევე უნდა ჩამოაყალიბოს მოსაზრება, როგორ შეძლებს პრაქტიკის გაუმჯობესებას აღნიშნული მიმართულებით.
როგორც Aris.ge-განათლებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, ბრძანების გასაჩივრება მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში საქალაქო სასამართლოში იქნება შესაძლებელი.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემა (დოკუმენტი)
ეკა არის© წივწივაძე
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება
- პრაქტიკოსი სპეცმასწავლებლების მიერ კომპეტენციის დადასტურების ვალდებულების დრო ისევ გახანგრძლივდა by ARIS.GE-განათლება