GE

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს საჯარო ბაგა-ბაღის დირექტორი – მოთხოვნათა ნუსხა

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები კანონით განისაზღვრა და მას მუნიციპალიტეტები თავიანთ ინდივიდუალურ დადგენილებებშიც ასახავენ.

საჯარო დაწესებულების დირექტორისთვის დადგენილი მოთხოვნები:

1. საჯარო დაწესებულების დირექტორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ფლობს სახელმწიფო ენას;

ბ) აქვს უმაღლესი განათლება;

გ) აქვს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებელ დაწესებულებაში, ან საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგად ან მენეჯერულ პოზიციაზე ან/და საჯარო სამსახურში არანაკლებ 2 წლის მუშაობის გამოცდილება;

დ) გავლილი აქვს სასერტიფიკატო პროგრამა ადრეული და სკოლამდელი დაწესებულების ადმინისტრირების მიმართულებით (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება მენეჯმენტის სპეციალობით ან განათლების ადმინისტრირების სპეციალიზაციით აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე პირებზე);

ე) გავლილი აქვს გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით.

2. საჯარო დაწესებულების დირექტორს მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია; (I, II, IX თავი)

ბ) კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ;

გ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) საქართველოს კანონის „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

ე) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“.

3. საჯარო დაწესებულების დირექტორს უნდა გააჩნდეს ზოგადი ცოდნა შემდეგი მიმართულებებით:

ა) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები;

ბ) ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპები;

გ) ინკლუზიური განათლების პრინციპები;

დ) უნივერსალური დიზაინის პრინციპები;

ე) განათლების ძირითადი თეორიები;

ვ) პრაქტიკული კვლევის მეთოდი განათლებაში;

ზ)ადრეული განათლების თავისებურებები და პრინციპები;

თ) სტრატეგიული გეგმის შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების პრინციპები.

ი) ფინანსური მართვის საფუძვლები.

4. საჯარო დაწესებულების დირექტორმა აგრეთვე უნდა იცოდეს Word, Excel, Power Point კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობა.

საჯარო დაწესებულების დირექტორად  არ მიიღება პირი, რომელიც:

ა) ნასამართლევია განზრახი ან გაუფრთხილებელი დანაშაულისათვის და მოხსნილი არ  აქვს ნასამართლობა;

ბ) სამედიცინო დასკვნის თანახმად, გააჩნია ისეთი დაავადება, რომელიც საფრთხის შემცველია სხვათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის;

გ) წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;

დ) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური