GE

რა ნაკლოვანებები აქვს საქართველოში სამხედრო განათლების სისტემას – აუდიტის ანგარიში

სამხედრო განათლების სისტემის აუდიტის ანგარიში, რომელიც ორ წელს (2020-2021) მოიცავს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აპრილის თვეში გამოაქვეყნა. დოკუმენტში სამხედრო განათლებაში არსებული არაერთი ნაკლოვანების შესახებ არის საუბარი.

სამხედრო განათლება მოიცავს საფეხურებრივი განათლების სისტემას, რომელიც შედგება დაწყებითი, საწყისი, ძირითადი და უმაღლესი განათლების ეტაპებისგან. გარდა ამისა, საქართველოში მოქმედებს სამხედრო სავალდებულო სამსახური.

აუდიტის სამსახური წერს, რომ სამხედრო განათლების მიმართულებით უკანასკნელ პერიოდში განხორციელდა სხვადასხვა რეფორმა, რომლებიც ითვალისწინებს საქართველოში თანამედროვე მოთხოვნებთან თავსებადი, მაღალპროფესიული, ბრძოლისუნარიანი თავდაცვის ძალების ჩამოყალიბებას, რაც შეიძლება დადებითად შეფასდეს, თუმცა აღნიშნავს, რომ “მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სამხედრო განათლების მიღების პროცესში გამოვლინდა სხვადასხვა ხარვეზი, ნაკლოვანება და გამოწვევა. აუდიტის შედეგად გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც ხელს შეუწყობს სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციას, განათლების სისტემების ხარისხობრივ გაუმჯობესებას და გაზრდის აღნიშნული სისტემის ეფექტიანობას. დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოსთვის ეფექტიან თავდაცვისუნარიანობას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს, რომლის უზრუნველსაყოფად საქართველოს ჰყავს თავდაცვის ძალები”.

გამოცლენილი მიგნებები კი ასეთია:

დაწყებითი სამხედრო განათლების მიღების პროცესში არსებული ნაკლოვანებები 

დაწყებითი სამხედრო მომზადების პროგრამას ახორციელებს სსიპ − გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი, რომელიც უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას საშუალო საფეხურზე (X, XI, XII კლასი) ეროვნული და ლიცეუმის სასწავლო გეგმის შესაბამისად. დაწყებითი სამხედრო განათლების მიღების პროცესში გამოვლინდა რამდენიმე ძირითადი ნაკლოვანება და გამოწვევა, კერძოდ:

  • ლიცეუმის წესდებით მკაფიოდ არ არის გაცხადებული მისი მთავარი დანიშნულება − მოამზადოს მოსწავლეები ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში შემდგომი სწავლისთვის და საქართველოს თავდაცვის ძალებში მომავალი კარიერისთვის, რაც რეალურად სამხედრო სკოლის მთავარი დანიშნულება უნდა იყოს, კადეტის მიერ პირველადი სამხედრო ცოდნისა და უნარების შეძენასთან ერთად.
  • არსებული ლოჯისტიკური რესურსიდან გამომდინარე, ლიცეუმი ახორციელებს მსურველთა, საშუალოდ, მხოლოდ 30%-ის მიღებას.
  • 2017-2020 წლების ანალიზის შედეგად, ჩარიცხული მოსწავლეებიდან სწავლების სხვადასხვა ეტაპზე საშუალოდ 40%-მა შეწყვიტა სწავლა და ამოირიცხა ლიცეუმიდან.
  • ლიცეუმდამთავრებულ აბიტურიენტთა საშუალოდ 50-60% აგრძელებს სწავლას სხვადასხვა სასწავლებელში და არა ეროვნული თავდაცვის აკადემიაში. ამასთანავე, 2016, 2017, 2018 წლებში კადეტთა სამხედრო ლიცეუმდამთავრებული 215 კადეტიდან ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჩაირიცხა − 103 (48%). აქედან, აკადემია დაასრულა 59-მა პირმა (57%), რომელთაგან დღეის მდგომარეობით თავდაცვის ძალებში ირიცხება 50 ოფიცერი. აღნიშნული მაჩვენებლები არ არის ეფექტიანი და ვერ უზრუნველყოფს სამინისტროს სამოქმედო გეგმებით დასახული მიზნების მიღწევას.
  • კადეტებისთვის არ არის შემუშავებული და დანერგილი შესაბამისი შეღავათები/სარგებელი, გააგრძელონ სწავლა სამხედრო მიმართულებით ეროვნული თავდაცვის აკადემიაში.
  • ლიცეუმს ოფიციალურად არ აქვს ინფორმაცია კადეტების მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგებისა და შესაბამის უნივერსიტეტებში მოხვედრის შესახებ, რაც მნიშვნელოვანია ლიცეუმში სასწავლო პროცესის ეფექტიანი მართვის ხელშეწყობისთვის.

დეტალური ინფორმაცია საწყისი სამხედრო განათლების მიღების პროცესში არსებული ნაკლოვანებების, ძირითადი სამხედრო განათლების მიღების პროცესში არსებული ნაკლოვანებების, უმაღლესი სამხედრო განათლების მიღების პროცესში არსებული ნაკლოვანებებისა და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მოზიდვის და კვალიფიციური კადრების შენარჩუნების პროცესში არსებული გამოწვევების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აუდიტის ანგარიშში

აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ თავდაცვისუნარიანობის განვითარების ერთ-ერთი საწყისი და მნიშვნელოვანი წინაპირობა სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შესაბამისი განათლებით და საბრძოლო მომზადებით უზრუნველყოფაა.

რაც შეეხება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის პროცესში არსებული ხარვეზებსა და გამოწვევებს, ასეთია:

  • საკონტრაქტო სამსახურის პირველ ეტაპზე კონტრაქტის შეწყვეტა არ ითვალისწინებს პირის დაჯარიმებას, აღნიშნული კი შესაძლებელია წვევამდელებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის თავიდან არიდების (ვადის გადაწევა) საშუალება იყოს, ანუ, თუ პირს უწევს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა, მოქმედი კანონმდებლობით მას აქვს უფლება აირჩიოს საკონტრაქტო სამსახურის გავლა, ხოლო პირობა, რომ კონტრაქტის პირველ ეტაპზე შეწყვეტა დაჯარიმებისგან მას ათავისუფლებს, შესაძლებლობას აძლევს ყოველგვარი დამატებითი პროცედურების გავლით თავი აარიდოს (გადაავადოს) სამხედრო სავალდებულო სამსახურს.
  • დღეის მდგომარეობით არ არის შექმნილი წვევამდელთა შესახებ შესაბამისი რეესტრების წარმოების მიზნით ერთიანი გამართული პროგრამული/საინფორმაციო ბაზა, რომელიც მოგვცემდა საშუალებას მიგვეღო სრულყოფილი ინფორმაცია 2019-2022 წლებში სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამოსაძახებელ პირებსა და მათზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შესახებ.
  • 2024 წლამდე წვევამდელის მოძებნისა და გამწვევ კომისიაზე გამოცხადებისა და სხვა ინფორმაციის დადასტურების მიზნით, პროცესის განმახორციელებელ სტრუქტურულ ერთეულებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის უწყებებთან კოორდინაციის პროცედურები და ვადები მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებდა. აღნიშნული წარმოშობდა სამხედრო სავალდებულო სამსახურის თავის არიდების ხელშეწყობის რისკს. გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობდა მკაფიოდ განსაზღვრული სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც დაარეგულირებდა სამართალდამცავ ორგანოებთან კოორდინაციას, წვევამდელების მიმართ გამოიყენებოდა არაერთგვაროვანი მიდგომა.
  • სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამოსაძახებელ პირთა რაოდენობა უწყებების მიხედვით განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით. ყოველი გაწვევისას მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული რაოდენობა გამოსაძახებელ პირთა, საშუალოდ, მხოლოდ 8%-ს შეადგენს. მიუხედავად ამისა, მაინც ვერ ხორციელდება სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამოსაძახებელ პირთა რაოდენობის სრულად ადმინისტრირება. კერძოდ: 2019-2022 წლებში გამოსაძახებელ პირთა, საშუალოდ, მხოლოდ 4%, ხოლო მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული რაოდენობის (28,523) − მხოლოდ 52% (14,813) ჩაირიცხა შესაბამის უწყებებში, აღნიშნული კი ვერ ჩაითვლება ეფექტიან მაჩვენებლად.
  • 2019-2022 წლების მთავრობის დადგენილებების მიხედვით წვევამდელთა სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში გადანაწილებისას უშუალოდ თავდაცვის სამინისტროში გასანაწილებელ პირთა რაოდენობა საერთო რაოდენობის 38%-ს შეადგენდა, ხოლო ფაქტობრივად 2019-2022 წლებში თავდაცვის სამინისტროში სავალდებულო სამხედრო სამსახურში ჩაირიცხა 6,255 წვევამდელი, რაც დადგენილებით განსაზღვრული რაოდენობის 57%-ს შეადგენდა. ამასთანავე, სხვადასხვა სამინისტროში წვევამდელებისთვის სპეციალური თეორიულ-პრაქტიკულ სწავლება არაერთგვაროვანია. შესაბამისად, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის აღნიშნული პრაქტიკა არ არის ეფექტიანი და სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფს დასახული მიზნების მიღწევას, რადგან წვევამდელებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის შემდგომ გააჩნიათ არათანაბარი ხარისხის განათლება.

დასასრულს, აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ სამხედრო განათლებსი შესახებ აუდიტის მიმდინარეობისას, დაიწყო მუშაობა თავდაცვის კოდექსის შემუშავებაზე, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის პროცესში. აღნიშნული კანონპროექტი დღეის მდგომარეობით დამტკიცებულია. თავდაცვის კოდექსის მიხედვით, წვევამდელები სამხედრო სავალდებულო სამსახურს 2025 წლიდან მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში გაივლიან, რაც აღმოფხვრის არათანაბარი ხარისხის განათლების პრობლემას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური