რა ნიუანსები უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა კომპლექსურ დავალებებზე მუშაობის პროცესში – ვიდეო ინსტრუქცია და წესები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეფორმების ჯგუფი მიიჩნევს, რომ დისტანციური სწავლებისას მთავარი რეკომენდაციაა სასწავლო პროცესის კომპლექსურ დავალებებზე დაფუძნება.
როგორც EDU.ARIS.GE-ს 4 ნოემბერს, განათლების სამინისტროს შესაბამის სამსახურში განუმარტეს, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში შემუშავებული მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც მათ შორის ასეთი ტიპის დავალებებზე მუშაობასაც ითვალისწინებს, არ არის მხოლოდ ახალი სკოლის მოდელში ჩართული 600 სკოლისთვის და მისი კომპონენტების დანერგვა-გამოყენება სხვა საჯარო და კერძო სკოლებსაც შეუძლიათ, სურვილის შემთხვევაში.
როგორც გავარკვიეთ, ახალი სკოლის მოდელის ჯგუფისგან ყველა სკოლასთან შედგა კომუნიკაცია და ადმინისტრაციებს მიეწოდათ აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია, მსურველთა ნაწილისთვის ჩატარებულია ტრენინგებიც. სამინისტროს ინფორმაციით, სკოლების ნაწილმა დაიწყო კიდეც ამ პრინციპით მუშაობა და ახალი სკოლის მოდელია ფარგლებში შექმნილი, ქოუჩების 24 ჯგუფი, რომელიც საქართველოს მასშტაბით მუშაობს, ასეთი მოთხოვნისა და საჭიროების დადგომის შემთხვევაში, სკოლებს დაეხმარება.
ახალი სკოლის მოდელის ჯგუფის მიერ სპეციალურად დისტანციური სწავლებისთვის მომზადებულ ვრცელ სტატიაში, დაწვრილებით არის მოცემული ის ნიუანსები, რომლებიც კომპლექსურ დავალებებზე მუშაობის პროცესში უნდა იქნას გათვალისწინებული:
კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა რამდენიმე გაკვეთილის განმავლობაში მიმდინარეობს – „ახალი სკოლის მოდელში“ კომპლექსური დავალება შუალედური მიზნის როლს ასრულებს, რომელზე მუშაობასაც რამდენიმე გაკვეთილი ეძღვნება. სწავლა-სწავლების პროცესი სხვა არაფერია, თუ არა სვლა ერთი კომპლექსური დავალებიდან მეორისკენ, მეორედან – მესამისკენ, მესამიდან – მეოთხისკენ და ა.შ.
ეს მასწავლებლისთვის უპირატესობაა გამომდინარე იქედან, რომ კონცენტრირება ხდება ერთ კონკრეტულ საკითხზე. ამავე დროს, მოსწავლისთვისაც და მასწავლებლისთვისაც უფრო გასაგებია, რაზე დაყრდნობით უნდა მოხდეს სწავლება და შეფასება.
კომპლექსური დავალების პირობა მოსწავლეებისთვის ცნობილი უნდა იყოს საგნობრივი საკითხის დაანონსებისთანავე – მასწავლებელი წინდაწინვე უნდა დარწმუნდეს, რომ ყველა მოსწავლემ იცის, თუ რისთვის / რა კომპლექსური დავალების შესასრულებლად სჭირდება მას საგნობრივი საკითხის / საკითხების შესწავლა.
მოსწავლეები, რომლებმაც ზუსტად იციან რა შემოქმედებითი პროდუქტის შექმნა ევალებათ (ანუ მათთვის ცნობილია, რა მიზნით სწავლობენ და ახორციელებენ ამა თუ იმ აქტივობას), უფრო მეტად იღებენ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე; მეტად ამჟღავნებენ მოტივაციასაც.
სწავლა-სწავლების პროცესში ყველა აქტივობა მიმართულია იმაზე, რომ მოსწავლეებს კომპლექსური დავალების შესრულებაში დაეხმაროს – განხორციელებული აქტივობები უნდა წარმოადგენდეს მასწავლებლის პასუხს შეკითხვაზე – რას ვაკეთებ სწავლა-სწავლების პროცესში იმისთვის, რათა ჩემმა მოსწავლეებმა კომპლექსური დავალება შეასრულონ.
კომპლექსური დავალება უნდა შეასრულოს კლასში ყველა მოსწავლემ – ყველა ბავშვი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მასწავლებელი მას შესრულებული კომპლექსური დავალების შესახებ ჰკითხავს და მიაწვდის სათანადო უკუკავშირს.
კომპლექსურ დავალებას მოსწავლე წარადგენს ინდივიდუალურად – კომპლექსური დავალება ინდივიდუალურადაც შეიძლება შესრულდეს, წყვილებში და ჯგუფურადაც; მასზე მუშაობა გაკვეთილზეც შეიძლება მიმდინარეობდეს და – დამოუკიდებლადაც, თუმცა, დასრულებული ნაშრომის პრეზენტაცია ყველა მოსწავლემ ინდივიდუალურად უნდა განახორციელოს.
სასურველია მოხდეს კომპლექსური დავალების პირობის ადაპტირება მოსწავლეების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესაბამისად – კლასში მოსწავლეებმა შეიძლება იმუშავონ სხვადასხვა კომპლექსურ დავალებაზე, ან ერთი და იმავე დავალების სხვადასხვაგვარად ადაპტირებულ ვარიანტზე, თუმცა, ყველა მათგანი ერთსა და იმავე საკითხს უნდა ეხებოდეს.
კომპლექსური დავალების შექმნა – ვიდეო ინსტრუქცია:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- როდესაც მოსწავლე სასწავლო წიგნებს სახლში ტოვებს – მიზეზები და რეკომენდაციები პრობლემის მოგვარებისთვის by განათლებული ბლოგი
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება