GE

რა უპასუხეს და რა საკითხები წერეს ისტორიის გამოცდის ორივე სესიაზე აბიტურიენტებმა – პირველი დღის შეფასებები

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებმა დღეს გამოცდა ისტორიაში ჩააბარეს. ტესტირება ორ სესიად წარიმართა. პირველ და მეორე სესიაზე განაწილებული აპლიკანტებიდან გამოცდაზე 93%-ზე მეტი გამოსაცდელი გამოცხადდა.

ტესტირებიდან გამოსულ აბიტურიენტები დავალებებს EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტთან იხსენებენ და ტესტის სირთულესაც აფასებენ. ნაწილისთვის გამოცდა რთული, ნაწილისთვის კი საშუალო სირთულის იყო.

პირველი სესია:

ლუკა ჩალაძე: “საკმაოდ რთული გამოცდა იყო – აბიტურიენტის ცოდნაზე დამყარებული. თითქმის ყველა კითხვა ისეთი იყო, რომ უნდა გცოდნოდა. ანუ კონკრეტიკა იყო საჭირო, მათ შორის ანალოგიაშიც. ანალოგიაში მოვიდა ძვ. წ. აღ-ით პირველ საუკუნეში კეისრისა და პოპეუსის დაპირისპირება. გვეკითხებოდნენ, რომის მოქალაქეთა რომელი ფენისთვის იყო ეს მოვლენა დადებითი და ასევე, უარყოფითი. დავწერე, რომ სამხედრო პირებისთვის იყო დადებითი, რადგან კეისრის გამარჯვების შემთხვევაში ისინი პრივილეგიებს მოიპოვებდნენ. უარყოფითის დაწერა ცოტა გამიჭირდა, რადგან ფენები კარგად არ მახსოვდა. ძალიან დამძაბა და ავირიე.

რაც შეეხება კითხვებს, მაგალითად, იყო ასეთი შეკითხვა – “რომელი ინფორმაცია არის მართებული შუმერების შესახებ”, რასაც ვუპასუხე, რომ ერთ-ერთი უძველესი დამწერლობა შექმნეს. ასევე იყო ასეთი კითხვაც – “რომელმა სახელმწიფომ გამოიყენა პირველად ტანკები”, აქ დავწერე, რომ ინგლისმა. რაც შეეხება წყაროს, აქ კითხვებზე პასუხი ისტორიული კონტექსტის ცოდნას მოითხოვდა. 1812 წლის კახეთის აჯანყებას ეხებოდა წყარო, რომელიც ჩემთვის შედარებით მარტივი აღმოჩნდა. რუკაც საკმაოდ ადვილი იყო, ყველაფერი რუკაზევე იყო მოცემული და თავისუფლად დაწერდი. ძალიან ვნერვიულობდი და ვნახოთ აბა, შედეგები. 45+ ქულას ველოდები”.

დაჩი ღვალაძე: “კითხვები ადვილი იყო, არ მოველოდი, მეგონა, ცოტა უფრო რთული იქნებოდა. მაგალითად, კითხვები შეეხებოდა შუამდინარეთს, ეგვიპტეს, პირველ მსოფლიო ომს, საბჭოთა კავშირს. წყარო ყველაზე მარტივი იყო – ყველაფერი შიგნით ეწერა. 1812 წლის აჯანყებაზე იყო – რუსებს რომ აუჯანყდნენ ქართველები. ანალოგიაში მოვიდა ტრიუმვირატის ბრძოლა, კეისარი და პომპეუსი რომ ებრძოდნენ ერთმანეთს. მე ანალოგად მოვიყვანე ოქტავიანე ავგუსტუსისა და ანტონიუსის დაპირისპირება. რაც შეეხება რუკას, თემურ ლენგის შემოსევას ეხებოდა. საერთო ჯამში, რთული გამოცდა არ იყო. 50 ქულაზე მეტს ველოდები”.

„ზოგი კითხვა ჩამჭრელი იყო“ – ისტორიის გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტი დავალებებს იხსენებს

მეორე სესია

ლუკა აფციაური: “ჩემთვის მარტივი გამოცდა იყო. შეკითხვები ძირითადად შუა საუკუნეებს ეხებოდა. ანალოგი აშშ-ვიეტნამის ომზე იყო. უნდა მიგეთითებინა, ვისთვის იყო ეს დადებითი მოვლენა და ვისთვის – უარყოფითი. მე დავწერე, რომ ეს დადებითი იქნებოდა საბჭოთა კავშირისთვის, რადგან მაგ პერიოდში ცივი ომი მიმდინარეობდა და მათი გავლენა გავრცელდებოდა. უარყოფითში კი მივუთითე – ვიეტნამისთვის, რადგან უამრავი მოქალაქე დაიღუპა. რუკა იყო მონღოლების შემოსევაზე – რუსუდან მეფის შემდგომ პერიოდში. რაც შეეხება ისტორიული წყაროს ანალიზს, აქ 1832 წლის შეთქმულება შეგხვდა – იესე ფალავანდიშვილმა რომ გასცა, ამ შეთქმულებაზეა საუბარი. საერთო ჯამში, ამ ტესტზე მუშაობა ნამდვილად არ იყო რთული”.

გიორგი შარტავა: “გამოცდა საშუალო სირთულის იყო. მთელი წელი ვემზადებოდი და ვერ ვიტყვი, რომ ძალიან გამიმარტივდა, მაგრამ არც გამირთულდა. ანალოგიაში აშშ-ვიეტნამის ომი შემოვიდა. აქ დავწერე, რომ საბჭოთა კავშირისთვის იყო დადებითი მოვლენა ომის შეწყვეტა, რადგან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გავლენები ვერ გაზარდა ვიეტნამის ტერიტორიაზე. უარყოფითი კი ეს ომი, გამარჯვების მიუხედავად, თავად ვიეტნამისთვის იყო დანაკარგების გათვალისწინებით, ეკონომიკურადაც დაზარალდნენ. ამ მოვლენის ანალოგად საბჭოთა კავშირი-ავღანეთის ომი მოვიყვანე. იგივე მიზეზები იყო იქაც.

რაც შეეხება რუკას, მონღოლების შემოსევაზე იყო და კითხვებზე პასუხებს ძირითადად რუკა შეიცავდა. ისტორიული წყაროს ანალიზი 1832 წლის შეთქმულებაზე გავაკეთეთ. პასუხები უმეტესად დოკუმენტის მიხედვით უნდა გაგვეცა. ყველაზე ნაკლებად წყაროზე მუშაობა გამიჭირდა. რაც შეეხება ტესტის დასაწყისში მოცემულ კითხვებს, შეეხებოდა ნანტის ედიქტს. ერთი ასეთი შეკითხვებიც იყო: “მერამდენე ჯვაროსნულ ლაშქრობაში სთხოვეს დახმარება ქართველებს ჯვაროსნებმა”, “რამ შეუწყო ხელი ნიდერლანდების რევოლუციას” და ა.შ. კმაყოფილი ვარ. კითხვებმა ცოტა შემაშინა, მაგრამ 50 ქულას მაინც ველოდები”.

ნინო მამულაშვილი: “35-ქულიანი დავალება კონკრეტულ ცოდნას მოითხოვდა. ამ შეკითხვებს ლოგიკურად ვერ გასცემდი პასუხებს, თუ არ იცოდი ის, რასაც გეკითხებოდნენ – ანუ თუ საკითხები არ იცოდი. რატომღაც ველოდი, რომ სხვა თემებზე იქნებოდა ყურადღება გამახვილებული, მაგრამ სულ სხვა შემოვიდა. შეკითხვები იყო სარგონ აქადელზე, ჩარლზ პირველზე, ნაპოლეონის ომებზე, 1805 წლის ტრაფალგარის ბძროლაზე და ა.შ. ანალოგია იყო ვიეტნამზე, აშშ-მა რომ შეწყვიტა ომი 1973 წელს და ამ მოვლენის ანალოგად პირდაპირ შეიძლებოდა ავღანეთის მაგალითის მოყვანა. წყარო ძალიან კარგი იყო. პირველ ვარიანტში მოვიდა 1812 წლის აჯანყება და ლოგიკური გაგრძელება იყო, რომ ესეც რაღაც მსგავსი იქნებოდა და აღმოჩნდა 1832 წლის შეთქმულება. რუკა ოდნავ დამაბნეველი მომეჩვენა. თან ფერები კარგად არ ჩანდა. უნდა გევარაუდა, რომელი იყო წითელი და რომელი – ვარდისფერი. ეს პრეტენზია გამოვთქვით ყველამ. საერთო ჯამში, თუ 35-ქულიანმა დავალებამ არ დამწია უკან, 55 ქულამდე უნდა ავიღო”.

გიორგი თამადაძე: “ტესტირება, ჩემი აზრით, საშუალო დონის იყო. წყარო ტესტის სხვა ნაწილებთან შედარებით რთული მოვიდა. გასააზრებელი იყო და აქ აუცილებელია, რომ შინაარსს ჩაწვდე. 35 კითხვაში შერეული შეკითხვები შემოვიდა – ეხებოდა ძველ, შუა და ახალ საუკუნეებს. თუ სწორად მახსოვს, საქართველოს ისტორიასაც მოიცავდა ეს კითხვები და მსოფლიო ისტორიასაც. ანალოგში აშშ-ვიეტნამის ომი შემოვიდა. აქ დავწერე მხოლოდ მოვლენის უარყოფითი ნაწილი. რუკა ასე თუ ისე მარტივი იყო. საერთო ჯამში, მე კმაყოფილი ვარ”.

ისტორიის გამოცდა ხვალ, პირველი სესიით დასრულდება. როგორც ცნობილია, არჩევითი საგნებიდან ისტორიას წელს ყველაზე მეტი, 19 700-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებს.

ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური