„დაუშვებელია შორტი, ბრიჯი, გამჭვირვალე სამოსი“ – გაფრთხილება სკოლებიდან იმ მშობლებს, რომელთა შვილების კლასებშიც ფორმა ჯერ არ არის
საჯარო სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო მიმდინარე სასწავლო წლიდან გახდა, თუმცა ჯერ ფორმა მხოლოდ პირველი კლასის მოსწავლეებისთვის არის ხელმისაწვდომი. განათლების სამინისტრომ, როგორც ამას თავადვე განმარტავდნენ, მოსწავლეთა ფორმებით უზრუნველყოფა II, III, IV, V და VI კლასებისთვის 30 ნოემბრამდე უნდა შეძლოს – “სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად განხორციელდება”.
სასკოლო ფორმების რეალიზაცია II–VI კლასების მოსწავლეებისთვის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით არის დაგეგმილი.
მას შემდეგ, რაც საჯარო სკოლებმა (უმეტესობამ) სკოლის შინაგანაწესი დაამტკიცეს, EDU.ARIS.GE-სთვის ცნობილი ხდება, რომ განახლებული სასკოლო წესები ჩაცმულობასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს იმ მოსწავლეებისთვისაც ითვალისწინებს, რომელ კლასებშიც სასკოლო ფორმა ჯერ არ არის. მიმდინარე დღეებში სკოლებიდან მშობლებს აფრთხილებენ, რომ ვიდრე ფორმები მათ კლასებშიც იქნება, შვილები გაკვეთილებზე დრესკოდის დაცვით ატარონ და “თავს უხერხულ მდგომარეობაში ნუ ჩაიგდებენ”.
აი, რა წერია სკოლების შინაგანაწესებში:
სკოლაში ჩაცმულობის ზოგადი წესი
1.სკოლაში დასაქმებულისათვის სავალდებულოა, ჰქონდეს მოწესრიგებული იერსახე და სამუშაო დღეებში ატაროს საქმიანი გარემოსათვის შესაფერისი სამოსი.
2.მოსწავლე ვალდებულია, სკოლაში გამოცხადდეს სასწავლო გარემოსათვის შესაბამისი, სადა, კლასიკურ-აკადემიურ სტილთან მიახლოებული, მოწესრიგებული სამოსითა და იერსახით.
სკოლებმა დაუშვებლად დაადგინეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოცხადება შემდეგი ჩაცმულობით:
- გამომწვევი სამოსით;
- გამჭვირვალე ან ზედმეტად ტანზე გამოყვანილი სამოსით;
- მოკლე ტოპით (მუცლის/წელის გამომჩენი);
- მკვეთრად მოკლე კაბით, ან/და ნებისმიერი სახის შორტით;
- დახეული, დაზიანებული, ზედმეტად გადახუნებული, ან ექსტრავაგანტური დიზაინის მქონე შარვლით;
- სამოსით, რომელზეც განთავსებულია მკვეთრად კონტრასტული, დიდი ზომის, აგრესიული, შეურაცხმყოფელი, დისკრიმინაციული ან სუბკულტურული წარწერები, სიმბოლიკა და გამოსახულებები;
- სასწავლო გარემოსთვის შეუფერებელი, გადაჭარბებული/მკვეთრი მაკიაჟით და თვალშისაცემი აქსესუარებით.
სასკოლო დრესკოდის დაცვის საკითხზე, გამონაკლისი წესით მოსარგებლე მოსწავლეთა კონტექსტში უკვე ისაუბრა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმაც.
გივი მიქანაძის განცხადებით, მოსწავლეებისთვის, რომლებიც საგამონაკლისო წესით სასკოლო ფორმის ტარებისგან გათავისუფლდებიან, გარკვეული ტიპის დრესკოდი მაინც იარსებებს:
„ასეთ შემთხვევაში მოსწავლეს სკოლის ფორმის ტარება არა, თუმცა გარკვეული დრეს-კოდი დაუდგინდება, რომელიც საერთო სკოლის ფორმატისთვისაც მისაღები იქნება და მის ჯანმრთელობასთანაც არანაირ პრობლემას არ შექმნის“.
ასევე იხილეთ:
ახალი საათობრივი ბადე და განათლების სამინისტროს მითითებები სკოლებს – ორი დოკუმენტი
-
რა გზა გაიარა „დედა ენამ“ დღევანდელობამდე და როგორ უნდა გადავარჩინოთ ის – კიდევ ერთხელ „დედაენაზე“
by განათლებული ბლოგი
-
2026 წლის გამოცდებზე ჩაჭრილი და ზღვარგადალახული აბიტურიენტების გამოსავალი მეორად ჩარიცხვებში, რათა ისევ გარეთ არ დარჩეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
საქართველოში საშუალო ხელფასი 2 389 ლარს აღწევს, განათლების სფეროში კი 1 468 ლარია – უახლესი მონაცემები
by ARIS.GE-განათლება