GE

იტალიის სკოლებში ბურქისა და ნიქაბის აკრძალვა, კლასებში კი უცხოელი მოსწავლეების რაოდენობის შემცირებაა დაგეგმილი

იტალია სკოლებში სახის დამფარავი თავსაბურავების ტარების აკრძალვასა და კლასებში უცხოელი მოსწავლეების რაოდენობის შემცირებას გეგმავს.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ 20 სექტემბერს განაცხადა და თქვა, რომ მთავრობა, საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბურქისა და ნიქაბის აკრძალვას გულისხმობს, მინისტრთა კაბინეტს უახლოეს პერიოდში წარუდგენს.

გარდა ამისა, ჯორჯიამ მელონიმ აღნიშნა, რომ ამავე ზომით, უცხოელი მოსწავლეების მშობლებს, რომელთა შვილებსაც სკოლაში ინტეგრაციის პრობლემა აქვთ, იტალიური ენის სწავლა მოეთხოვებათ:

„მალე მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე წარდგენილი იქნება ცვლილება, რომელიც იურიდიულად განსაზღვრავს კლასში უცხოელი სტუდენტების მაქსიმალურ რაოდენობას. ცვლილება ასევე კრძალავს ბურქებსა და ნიქაბებს სკოლებში და მოითხოვს, რომ უცხოელი სტუდენტების მშობლებმა, რომლებსაც სერიოზული სირთულეები აქვთ სასკოლო სისტემაში ინტეგრაციისას, ისწავლონ იტალიური ენა… სკოლაში სახის დაუფარავად უნდა იაროთ; იტალიაში კი ვერავინ, რამე რეალური თუ შესაძლო ტრადიციის სახელით, ვერ გადაწყვეტს, რომ ახალგაზრდა ქალმა საკუთარი თავი უნდა დამალოს“.

პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რა იქნება უცხოელი მოსწავლეების მაქსიმალური რაოდენობა კლასში:

„თუ კლასში მხოლოდ ერთი ბავშვია, რომელმაც იტალიური არ იცის, ის, სავარაუდოდ, შეძლებს ენის შესწავლას და სწრაფ ინტეგრაციას თანაკლასელებისა და მასწავლებლების დახმარებით. თუმცა, თუ იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებსაც ენა არ ესმით, დიდია, ან თუნდაც უმრავლესობას შეადგენს, ეს უკვე აღარ არის ინტეგრაცია, დაუდევრობაა“.

როგორც Reuters-ი წერს, კვლევითი ორგანიზაცია Fondazione ISMU-ს მონაცემები ცხადყოფს, რომ მოსწავლეები, რომლებიც არ არიან იტალიის მოქალაქეები, იტალიურ სკოლებში ჩარიცხულთა 11,6%-ს შეადგენენ, რაც ყოველ 100 იტალიელ მოსწავლეზე თითქმის 12 უცხოელ მოსწავლეს უდრის.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური