9-კლასდამთავრებულები აქ ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებენ – რამდენი ადგილია წელს ინტეგრირებულ პროგრამებზე
წელს პროფესიულ კოლეჯებში გამოცხადებულ ინტეგრირებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 1000-ზე მეტი მსურველი შეძლებს ჩარიცხვას. ამის შესახებ პროფესიული უნარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ ქიტიაშვილმა განაცხადა. ასეთ პროგრამებზე შერჩევას თავად კოლეჯი ახორციელებს პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერით.
სკოლის 9 კლასის კურსდამთავრებულები, კოლეჯებში ინტეგრირებულ პროგრამებზე სწავლის დასრულების შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ მიიღებენ პროფესიულ კვალიფიკაციას, სკოლის ატესტატთან გათანაბრებული დიპლომის მფლობელებიც გახდებიან. მსგავსი დოკუმენტის მიღების შემდეგ, პირებს, სურვილის შემთხვევაში, უფლება ექნებათ სწავლა უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელონ, რაც 2021 წლამდე პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულთათვის შეუძლებელი იყო.
ინტეგრირებული პროგრამებზე შეფასების ერთ-ერთი მთავარი პირობა კომპლექსური დავალება იქნება
“წელს ჩვენ განსაკუთრებით ბევრი ადგილი გვაქვს შეთავაზებული და ბევრ განსხვავებულ პროგრამას ვაწოდებთ მოქალაქეებს. დაახლოებით 17 000 ადგილია შეთავაზებული, რაც უპრეცედენტოა და აქედან გვაქვს 1000-ზე მეტი ადგილი უკვე ინტეგრირებულ პროგრამებზე შეთავაზებული, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა. ეს არის პროფესიული პროგრამები, სადაც 9 კლასის დასრულების შემდეგ, მოზარდებს შეუძლიათ, რომ სწავლა განაგრძონ პროფესიულ სასწავლებელში და პროფესიის დაუფლებასთან ერთად, თან, პარალელურად დაძლიონ საშუალო განათლების პროგრამაც. ეს პროგრამები მათ შემდგომში უმაღლესში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს და სამწლიანია, უკვე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, მოთხოვნა იზრდება და ადგილების რაოდენობაც ეტაპობრივად იზრდება”, – განაცხადა 24 მაისს თამარ ქიტიაშვილმა და დასძინა, რომ ინტეგრირებული პროგრამებიც არის ყველა მიმართულების პროფესიის დასაუფლებლად.
მან ასევე აღნიშნა, რომ უმაღლეს პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა ერთიანი ეროვნული პროფესიული გამოცდა სექტემბერში გაიმართება და კიდევ ერთხელ დააზუსტა რა ცვლილებაა პროფესიულ კოლეჯში სტუდენტის მიღების წესში.
“ჩვენ გვაქვს უკვე დეცენტრალიზაციის პოლიტიკა, რაც ნიშნავს, რომ თუკი აქამდე ყველა პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით იყო ჩარიცხვა შესაძლებელი, ახლა ეროვნული გამოცდა მხოლოდ უმაღლესი პროფესიული დაგანმანათლებლო პროგრამებისთვის არის დადგენილი როგორც ჩარიცხვის წინაპირობა. ეს გამოცდა სექტემბრის დასაწყისში ჩატარდება და ეხება მხოლოდ უმაღლეს პროფესიულ პროგრამებს, რადგან აქ სრული საშუალო განათლებაა მოთხოვნის წინაპირობა და პროგრამასთან შესაბამისობა ეროვნულმა გამოცდამ უნდა შეაფასოს. როდესაც აპლიკანტი რეგისტრირდება სხვადასხვა პროგრამაზე ის ხედავს უმაღლესი პროფესიულია, საბაზო პროფესიული თუ საშუალო პროფესიული ესა თუ ის პროგრამა, ჩვენ სამი ტიპის პროგრამა გვაქვს
“საშუალო და საბაზო პროფესიულს რაც შეეხება, რომელთა შორისაც არის ინტეგრირებული პროგრამები, ამ პროგრამებზე შერჩევას ახორციელებს კოლეჯი სწორედ პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერით. შერჩევისთვის ძირითადად არის ან სამოტივაციო გასაუბრება და შესაძლოა, კოლეჯმა დაადგინოს რაიმე დამატებითი ტესტიც, ან შემთხვევების ანალიზი, როგორც შერჩევის მეთოდი, ყველაფერი ხორციელდება კოლეჯში”, – განმარტა თამარ ქიტიაშვილმა.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2 მაისს დაიწყო და 22 აგვისტოს ჩათვლით გრძელდება.
ასევე იხილეთ:
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის ვადები ცნობილია – პროცედურა
- პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია by პროფესიული განათლების ამბები
- პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსი – რა ვალდებულებები გექნებათ 2026 წლიდან by პროფესიული განათლების ამბები
- ახალი სქემის დოკუმენტი – დამტკიცდა პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესი by ARIS.GE-განათლება