GE

რატომ გახანგრძლივდა სარეგისტრაციო ვადები – მაია მიმინოშვილი აბიტურიენტებს აფრთხილებს

2018 წლის აბიტურიენტებისთვის რეგისტრაციის მესამე ეტაპი, როცა აპლიკანტებს უმაღლესებისა და პრიორიტეტული პროგრამების ჩამონათვალში ცვლილების განხორციელება შეეძლებათ, წელს უფრო ხანგრძლივი იქნება. როგორც გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა განმარტა, ამის მიზეზი რიგ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებული ავტორიზაცია–აკრედიტაციის პროცესია, რომლის შედეგებიც, დიდი ალბათობით 2018 წლის აბიტურიენტთა ცნობარში არსებული უმაღლესების ჩამონათვალის ცვლილებას გამოიწვევს. ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, აგვისტოს თვეში ცვლილებები არ შევა, რაზეც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიც თანხმდება.

„დიდი ალბათობით ჩამონათვალი ავტორიზირებული უმაღლესი სასწავლებლებისა შეიცვლება, იმიტომ, რომ დაიწყო პროცესი გარკვეული პერიოდის წინ და დღეს უკვე გვაქვს ცვლილება, რაც ავსახეთ ცნობარში. ამ პროცესის ფონზე, არ არის გამორიცხული, რომ ან დაემატოს ზოგიერთი პროგრამა და ასე ვთქვათ მიმართულება და შეიძლება გამოაკლდეს ის, რაც დღეს გვაქვს. ჩვენ აკრედიტაციის ცენტრთან გვინდა შეთანხმება, რომ აგვისტოს თვეში, მთლიანად აგვისტოს თვეში არაფერი შეიცვლება ჩამონათვალში.

„ბუნებრივია, ჩვენ პირობას ვერ დავდებთ, თუ რაიმე შეიცვლება მაგალითად შემოდგომაზე, როდესაც უკვე ჩარიცხული არიან აბიტურიენტები და სტუდენტები არიან კონკრეტულ უმაღლეს სასწავლებლებში, მაგრამ მათთვის გაიხსნება ცალკე მობილობის ფანჯარა და მათ ექნებათ შესაძლებლობა, სხვა უმაღლეს სასწავლებელში გადავიდნენ. მაგრამ, ბუნებრივია, ჩვენ ყველანაირად უნდა ავიცილოთ თავიდან ეს გარემოება და ვითარება, რომ აბიტურიენტმა აირჩია კონკრეტული უმაღლესი სასწავლებელი და შემდეგ, სიტყვაზე წინა დღეს გაუუქმდა ავტორიზაცია ჩარიცხვების დროს და გამოვა, რომ ჩვენ უბრალოდ წავართვით არჩევანი აბიტურიენტს. სწორედ ამის თავიდან აცილებისთვის გავახანგრძლივეთ რეგისტრაციის პროცესი და აკრედიტაციის ცენტრთან შეთანხმებით, იმ პერიოდში არაფერი არ შეიცვლება“, – ამბობს მაია მიმინოშვილი.

ცენტრის ხელმძღვანელი მიმართავს 2018 წლის აბიტურიენტებს და მოუწოდებს, რომ აუცილებლად მიადევნონ თვალი რეგისტრაციის პერიოდში უნივერსიტეტებისა და პროგრამებთან დაკავშირებულ სიახლეებს, რომ არ დაუშვან შეცდომა და არ მიუთითონ ისეთი უმაღლესი სასწავლებელი, რომელსაც შესაძლოა  ავტორიზაცია შეუჩერდეს.

“რეგისტრაციის მესამე ეტაპი გასტანს სავარაუდოდ 15 აგვისტომდე. ჩვენ სხვა წლებისგან განსხვავებით გავახანგრძლივეთ რეგისტრაციის მესამე ეტაპი, რაც განპირობებული იყო გარკვეული მიზეზებით. მოგეხსენებათ, რომ დიდ უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარეობს ავტორიზაცია–აკრედიტაციის პროცესი, აკრედიტაციის ცენტრი შესაძლოა, არაგეგმიურად შევიდეს კონკრეტულ უმაღლეს სასწავლებელში. ამიტომაც რეგისტრაციისას აბიტურიენტები ბუნებრივია იხილავენ იმ უნივერსიტეტებს, რომლებსაც აქვთ ავტორიზაცია და პროგრამებს, რომლებიც აკრედიტირებულია, თუმცა მათი შემოწმების შემდეგ შესაძლოა ეს ჩამონათვალი შეიცვალოს. აქედან გამომდინარე, ყველა აბიტურიენტის საყურადღებოდ, მინდა ვთქვა, აუცილებლად მიადევნონ თვალი რეგისტრაციის პერიოდში უნივერსიტეტებისა და პროგრამებთან დაკავშირებულ სიახლეებს, რადგან მათ შეცდომა არ დაუშვან და არ მიუთითონ ისეთი უმაღლესი სასწავლებელი, რომელსაც შესაძლოა შეუჩერდეს ავტორიზაცია. ამიტომ გარკვეული პერიოდულობით აუცილებლად უნდა შეამოწმონ უნივერსიტეტბის განახლებული ჩამონათვალი. სავარაუდოდ თუ არა, დიდი ალბათობით უნივერსიტეტების ჩამონათვალი შეიცვლება და უნდა იყვნენ ყურადღებით, რათა არ აირჩიონ უნივერსიტეტი, რომელსაც ავტორიზაცია შეუჩერდება და სადაც ჩარიცხვა ვერ განხორციელდება”, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

ამავე თემაზე: 

2018 წლის აბიტურიენტებისთვის ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დღეს 3 საათზე დაიწყება

ცნობარი აბიტურიენტებისთვის 2018

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური