GE

რატომ მიმართავენ მშობლები შვილის პედაგოგს „მასწავლებელო-თი“?

მეგი კავთუაშვილი

რატომ მიმართავენ მშობლები შვილის პედაგოგს „მასწავლებელო-თი“? მაგალითად, – ნინო მასწავლებელო, – მაკა მასწავლებელო.. რეკავენ პედაგოგთან სახლში და კითხულობენ – ნინო მასწავლებელს სთხოვეთ.. რატომ? მასწავლებელი ყველგან, ყოველთვის და ყველასთვის მასწავლებელია? მოსწავლის მშობელსაც ასწავლის რაიმეს? ან ასეც რომ იყოს, მეგი ჟურნალისტოო ვინმემ რომ მომმართოს, სასაცილო არ იქნება? ან დავით არქიტექტორო, ანი კონსულტანტო, ლიკა მენეჯერო, იური ფოტოგრაფო, ლალი მოლარე-ოპერატორო და ა.შ.

რატომ გამოვარჩევთ პროფესიული ნიშნით მასწავლებლებს? მასწავლებელი სასკოლო საზოგადოების ავტორიტეტია. მას აქვს სტატუსი საზოგადოებაში, რაკიღა ითვლება განმანათლებლად და ეს კარგია. მაგრამ მშობელს ხომ არანაკლები პასუხისმგებლობა ეკისრება შვილის აღზრდა-განვითარების პროცესში. მაშ რატომ ვაყენებთ უპირატეს მდგომარეობაში პედაგოგებს, როცა მშობლებს გაცილებით დიდი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი, მაშინც კი როცა ბავშვი სკოლაშია. ამ აღიარების სანაცვლოდ, მთლიანად მასწავლებელს ხომ არ ვაბარებთ ჩვენს მოვალეობებს და ამით ვიხსნით პასუხისმგებლობას შვილების განათლების საკითხებში? 

საინტერესოა, თავად მასწავლებლებს თუ მოწონთ «მასწავლებელო»-თი მიმართვა და დისტანცი? თუ უფრო უშუალო და საქმიანი ურთიერთობები ურჩევნიათ მშობლებთან?

ასევე, საინტერესოა,  მოსწავლის დედა ან მამა თუ არის სკოლისთვის ავტორიტეტი? (გავლენიანი სამსახურის მქონე მშობლებს არ ვგულისხმობ). ყველას გვინახავს კრებაზე აწურული მშობელი, შვილს რომ ულანძღავენ 30 ადამიანის თანდასწრებით. ეს ხომ შედეგზე ორიენტირებული დიალოგისთვის შეუფერებელი ფორმაა. როცა მოსწავლის ქცევა ან სწავლისადმი დამოკიდებულება ცდება დაშვებულ ნორმებს, მშობელი და სკოლა ხომ ერთად უნდა გეგმავდნენ სამოქმედო გეგმას? რატომ ვერ ხერხდება ეს? მასწავლებელი და მშობელი თუ ერთ ენაზე, ერთი სიმაღლიდან არ ესაუბრებიან ბავშვს, შედეგი ხომ უფრო რთულად მიიღწევა. ფაქტია, ცალკეული კარგად ჩატარებული გაკვეთილის მიუხედავად, თანამედროვე საჯარო სკოლა კარგ განათლებას ვერ იძლევა.

როგორც წესი, მშობელი არ არის სოციალურად აქტიური და გავლენიანი ფიგურა სკოლაში; ის არ მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში; მისი აზრი ნაკლებად აინტერესებს სკოლის ადმინისტრაციას. ისინი ახსენდებათ მშობელთა კრებაზე, როცა ბავშვი რამეს „აშავებს“ ან როცა ფინანსური მხარდაჭერა ჭირდებათ. როგორ მიდის სკოლის ყოველდღიური ცხოვრება, ეს მშობელს არ ეხება. უმეტესად, ან სკოლა არ იძლევა ჩართულობის შესაძლებლობას, ან მშობელი იმიზეზებს დროის არ ქონას ან განათლება არ ყოფნით განათლებულებთან ურთიერთობებისთვის. არც თავად იჩენენ ინიციატივებს, არც სკოლა აწუხებს „ზედმეტად“.

მაგრამ რა ხდება თუ კანტიკუნტად სადმე, რომელიმე მშობელი გამოთქვამს უკმაყოფილებას? რა სახელი ერქმევა მშობლის პრეტენზიას – „ინტრიგანის ჩივილი“ თუ „საქმიანი დიალოგი საერთო საქმის უკეთესად განხორციელებს მიზნით“? რა თქმა უნდა, ჩივილი და ინტრიგანი. რაგინდ საფუძვლიანი უნდა იყოს პრეტენზია, გარეშე პირის ჩარევა სასკოლო საქმეებში უსამართლობად ითვლება და არც თუ იშვიათად „მომჩივანს“ ყრუ კედელი ხვდება არა მხოლოდ სკოლის შიდა საზოგადოებაში, არამედ დანარჩენ მშობლებშიც, რომლებისთვისაც ყველაფერი სულერთია, სკოლა ზედმეტი ბარგია ან ჭირის დღესავით ეზიზღებათ კრიტიკა და მორჩილებით ცდილობენ თავის გატანას. არიან ისეთებიც, ვინც შიშობს, პრეტენზიის ხმამაღლა გამოთქმის შემთხვევაში მის შვილს გადაუხდიან სამაგიეროს და ბავშვს გაამწარებენ სკოლაში. ამიტომ ურჩევნია გაჩუმდეს. 

P.S. ფაქტია, მშობლებსა და სკოლას შორის ხიდი ჩატეხილია. რაკი მშობლების, როგორც მრავალრიცხოვანი მასის სწრაფი ტემპით გადამზადება შეუძლებელია, ვფიქრობ, ცალკეულმა სკოლებმა ფართოდ უნდა გახსნან კარი, უფრო სასიამოვნო გახადონ მშობლების ურთიერთობა სისტემასთან და გაზარდონ დედ-მამის ჩართულობა ბავშვის სასკოლო ცხოვრებაში, რაც დადებითად აისახება საერთო მიზნებზე.  ვფიქრობ, დროა, სკოლამ აღიაროს რომ მშობელიც ავტორიტეტია. მშობლებმა კი მეტი პასუხისმგებლობა ვიგრძნოთ არასრულწლოვანი შვილების წინაშე.

“მე რომ სკოლის მასწავლებელი ვიყო არ წავიდოდი მე-12 კლასელების ბანკეტზე”..

იხილეთ ორიგინალი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური