როგორ დავწერო საკონკურსო მოთხრობა – მწერლის ინსტრუქცია მოსწავლეებისთვის
არდადეგების პერიოდი საუკეთესო დროა იმისთვის, რომ თქვენი ძალები და შესაძლებლობები მიზანმიმართულად გამოიყენოთ. ამისთვის კი ზოგჯერ სულ მცირედი გამბედაობაც კმარა. როცა მოსწავლე ხარ, რომელსაც წერა განსაკუთრებით უყვარს და ხედავ, რომ შენთვის საინტერესო კონკურსი ცხადდება, თანაც საკმაოდ სასურველი საპრიზო კატეგორიებით, რატომ უნდა თქვა უარი?! იქნებ, გაგზავნის ღილაკზე ერთი პატარა დაწკაპებით, შენთვის ზღაპრული თავგადასავალი იწყებოდეს?! აბა, ღირს დაფიქრება?
ამ სტატიაში EDU.ARIS.GE შეეცდება მოგიყვეთ, როგორ უნდა დაწეროთ საკონკურსო მოთხრობა ისე, რომ თქვენც კმაყოფილი იყოთ და, რა თქმა უნდა, ჟიურის წევრების მოწონებაც დაიმსახუროთ.
ამ საკითხებზე ვესაუბრეთ, ახალგაზრდა მწერალსა და მსახიობს, თემო რეხვიაშვილს, რომლის წიგნმაც „კურიერის ამბები“, 2022 წელს ლიტერატურული პრემია „საბას“ საუკეთესო ლიტერატურული დებიუტის კატეგორიაში გაიმარჯვა.
– თემო, პირველ რიგში, გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება, სასკოლო ასაკში რამდენად ხშირად იღებდით მონაწილეობას ლიტერატურულ კონკურსებში და ზოგადად, რას ფიქრობთ საბავშვო კონკურსებზე, ღირს ცდად?
– მახსოვს, სასკოლო ასაკში ლიტერატურულ კონკურსში ერთადერთხელ მივიღე მონაწილეობა და ეს მონაწილეობა ჩემთვის საკმაოდ წარუმატებელი გამოდგა. თუმცა ცდა ნამდვილად ღირდა, წერის პროცესი ჩემთვის სასიამოვნო იყო. ვფიქრობ, რომ საბავშვო კონკურსებში ცუდი არაფერია და ღირს მასზე გასვლაც, ოღონდ შედეგები გადამწყვეტი არ უნდა იყოს მონაწილისთვის. შესაძლოა, ვერ შენიშნონ კონკურსზე ნამუშევარი, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს მომავალში წერის შეწყვეტის მიზეზი. თვითონ პროცესი უნდა იყოს სასიამოვნო.
– რას უნდა მიაქციონ ყურადღება მოსწავლეებმა, როდესაც კონკურსში მონაწილეობას გადაწყვეტენ, რა არის ის ძირითადი ინფორმაცია, რომელიც საკონკურსო განცხადებაში უნდა ამოიკითხონ და გაითვალისწინონ?
– პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, ამოიკითხონ რა წერია საკონკურსო განცხადებაში, ანუ რა მოთხოვნებს აწესებენ კონკურსის ორგანიზატორები. ეს ინდივიდუალურია, ყველა კონკურსი ერთნაირ მოთხოვნებს არ აწესებს. ზოგად და პრაქტიკულ რჩევებს გაგიზიარებთ. ყურადღება უნდა მიექცეს მოთხრობის თემატიკას. რა თემაზე უნდა დაწეროს აპლიკანტმა ესა თუ ის ტექსტი. ეს ნაწილი განსაკუთრებით კარგად უნდა გაიაზროს, რომ არ ასცდეს თემას. ასევე, აუცილებლად უნდა დააკვირდეს მოთხრობის გაგზავნის ვადებს და ბოლო დღეს არ დაელოდოს, რადგან ასე უფრო ნაკლებად ინერვიულებს. ასევე, როცა საკონკურსო მოთხრობას გზავნი მეილით (ძირითადად ასე ითხოვენ, და არა დედანს, როგორც ეს წლების წინ იყო), ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ გრაფაში “subject” მითითებული იყოს ის, რასაც ითხოვენ. როგორც წესი, კონკურსის სათაურს წერენ ხოლმე, ამას უკვე განცხადებაში ნახავთ. ასევე, კარგად უნდა დააკვირდეთ რამდენ გვერდს გთხოვენ. თუ განცხადებაში წერია, რომ თქვენი მოთხრობა უნდა იყოს 6 გვერდიდან 10-მდე, მაშინ არც ამაზე ნაკლები უნდა გქონდეთ და სასურველია, არც მეტი. გირჩევთ, რომ განცხადებაში მოცემული მოთხოვნები წაიკითხოთ ყურადღებით და მიჰყვეთ ინსტრუქციას რაც შეიძლება დაკვირვებულად.
– რის გათვალისწინებას ურჩევთ სანამ მოთხრობის წერას შეუდგებიან?
– წერის დროს არ იფიქრონ წესებზე და იმაზე, მოეწონება თუ არა ეს ვინმეს. მე პირადად ვცდილობ, სანამ დავწერ, ჯერ ფინალი მოვიფიქრო, ასე ბევრად მიმარტივდება.. თუმცა ზოგს შეიძლება პირიქით ერჩივნოს. მთავარია, წერისას კომფორტულად გრძნობდე თავს.
– ხშირია, შემთხვევა, როცა ავტორი ამ შემთხვევაში, მოსწავლე ცდილობს ნაკლებად კრიტიკული, გნებავთ პოზიტიური იყოს და ჟიურის წევრების კეთილგანწყობა ამით მოიპოვოს. მათთვის რა იქნებოდა თვენი რჩევა?
– მათთვის და არა მარტო მათთვის, ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ არ იფიქრონ ჟიურიზე, ჯილდოზე და იმაზე, თუ ვის რა მოეწონება. წერის დროს უბრალოდ წერონ გულწრფელად.
– და ბოლოს, შეგიძლიათ მიმართოთ, ჩვენს მკითხველ „პატარა“ ავტორებს
– გისურვებთ რომ, სიამოვნება მიიღოთ წერის დროს თითოეულ თქვენგანს წარმატებას ვუსურვებ..
ასევე იხილეთ:
კურტ ვონეგუტი – 8 რჩევა, როგორ დავწეროთ კარგი მოთხრობა
სათაურების და სახელწოდებების მართლწერა გრამატიკულ ცნობარში
ესაუბრა მზეო შველიძე
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება