GE

12 ივლისი, 2016

სათაურების და სახელწოდებების მართლწერა გრამატიკულ ცნობარში

გრამატიკული ცნობარში ამჯერად სათურების და სახელწოდებების მართლწერას მიმოვიხილავთ. პირველი, რაც უნდა გვახსოვდეს სათაურის, წიგნის, ჟურნალის, გაზეთის, ლექსის, მოთხრობის და მისთანათა სახელწოდებების მართლწერისას, არის ბრჭყალები!

  • სათაური და სახელწოდებები, თანდართულ ბრუნვის ნიშნებთან ან თანდებულებთან ერთად, აუცილებლად უნდა იყოს ბრჭყალებში:

ვებგვერდი „ARIS.GE“, ლექსი „პოეტი“, მოთხრობა „სარჩობელაზედ“ და ა.შ.

  • თუ სათაური ერთსიტყვიანია და მხოლობითი რიცხვის სახელობით ბრუნვაში დგას, ბრუნებისას ნიშანიც და თანდებულიც დაერთვის სათაურს:

 „პოეტმა“,  მაგრამ არა „სარჩობელაზედში“.

  • თუ სათაური მხოლობითი რიცხვის სახელობითში არ დგას, ბრუნვის ნიშანიც და თანდებულიც დაერთვის მსაზღვრელს ( წინამავალ სიტყვას, რომელიც განსაზღვრავს სათაურს):

მოთხრობაში „სარჩობელაზედ“, ლექსში „სიყვარულო, ძალსა შენსა“…

  • თუ სათაური კითხვა-ძახილის ნიშანს დაირთავს, სასურველია ბრუნვის ნიშანიც და თანდებულიც დავურთოთ მსაზღვრელს:

მოთხრობაში „კაცია-ადამიანი?!“, მოთხრობამ „კაცია-ადამიანი“ და ა.შ.

  • თუ სათაური ნართანიანი მრავლობითითაა გადმოცემული ან წარმოდგენილია ზმნის პირიანი ფორმით, მაშინ იბრუნვის მსაზღვრელი(წინამავალი სიტყვა) და ბრუნვის ნიშანიც მას უნდა დავურთოთ:

მოთხრობის „მთანი მაღალნი“,  ნაწარმოებში „ამოდის ნათდება“ და ა.შ.

  • თუ სათაურს თანხმოვანფუძიანი მსაზღვრელი უძღვის, ნათესაობითსა და მოქმედებითში ის ფუძის სახით უნდა დაიწეროს. ბრუნვის ნიშნის ნაწილი ი მსაზღვრელს არ დაერთვის!

ლექს„პოეტის“, რომან „არსენა მარაბდელით“, გაზეთ „ივერიად“ და ა.შ.

  • გრძელ (ერთი ან ერთზე მეტი წინადადების შემცველ) სათაურებს ბრუნვის ნიშანი და თანდებული არ დაერთვის:

მოთხრობაში „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, მოთხრობიდან „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება“ და ა.შ.

და ბოლოს!

  • ქართულში სათაურების შემდეგ წერტილი არ იწერება!

არასწორია: ლექსი მერანი; მოთხრობა „მთანი მაღალნიში“; პოემა „ვეფხისტყაოსან“-ში;”შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი” – ში; ლექსის „პოეტის“

სწორია: ლექსი „მერანი“; მოთხრობაში „მთანი მაღალნი“; პოემა „ვეფხისტყაოსანში“; ლექსში „ შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი“; ლექს „პოეტის“

გრამატიკული ცნობარის სხვა გაკვეთილები

რუბრიკის ავტორი: ნინო ლომიძე, ფილოლოგი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური