GE

„როგორ შევამციროთ შეცდომების რაოდენობა თხზულების წერის დროს“ – სპეციალისტი აბიტურიენტებისთვის აქტუალურ თემაზე

აბიტურიენტები სასკოლო არდადეგების პერიოდშიც აქტიურად აგრძელებენ 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მზადებას და როგორც გვიყვებიან, ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის დასაძლევად, განსაკუთრებულად ღელავენ თხზულების წერაზე, რომელიც შედარებით ახალი ტიპის დავალებაა ქართულის ტესტებში.

როგორ შევამციროთ შეცდომების რაოდენობა თხზულების წერის დროს? – ამ თემაზე EDU.ARIS.GE-სთან ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, იამზე მურმანიშვილი ისაუბრებს. ის სპეციალურად ჩვენი მკითხველი აბიტურიენტებისთვის ჰყვება იმ სირთულეების შესახებ, რომლებსაც აბიტურიენტები თხზულების წერის პროცესში აწყდებიან, ის მარტივ ინსტრუქციას გვიზიარებს, იმ მეთოდების შესახებ რომელთა დახმარებითაც აბიტურიენტები შეძლებენ თხზულებაზე მუშაობის დროს დაშვებული შეცდომები მინიმუმამდე დაიყვანონ.

– ქალბატონო იამზე, პირველ რიგში, მოგვიყევით თხზულების შესახებ, რა უნდა იცოდნენ აბიტურიენტებმა სანამ ამ დავალებაზე მუშაობას დაიწყებენ?

– ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მაქსიმალური ქულაა 60. აქედან 34 ქულა წერით დავალებაზე მოდის. ყველაფერი ცხადი და ნათელია. ამიტომ, ჩემი რჩევა იქნება, განსაკუთრებით იშრომონ, რათა მაღალ დონეზე შეასრულონ თხზულება. აბიტურიენტებმა ჯერ შემოთავაზებული ტექსტი უნდა გაიაზრონ კითხვების საშუალებით, შემდგომ კი გამოკვეთონ დავალებაში მოცემული საკითხი/პრობლემა და იმსჯელონ მასზე მაგალითებისა და არგუმენტების მოშველიებით. შემდგომ საკითხი უნდა წარმოაჩინონ თანამედროვეობის ჭრილშიც და დაასაბუთონ პრობლემის აქტუალურობა.

– ძირითადად რა შეცდომებს უშვებენ აბიტურიენტები თხზულების წერის დროს?

– წერისას ძირითადად უჭირთ სასვენი ნიშნების გამოყენება, შეცდომა მოსდით განკერძოებულ სიტყვებთან და გამოთქმებთან. უჭირთ პრობლემის აქტუალურობის დასაბუთება, გამყარება არგუმენტებით. ხშირად წერენ რთულ წინადადებებს და ამით სათქმელი ბუნდოვანი ხდება. ამ შეცდომებს უშვებენ, რადგან საპროგრამო მასალა სრულად არ აქვთ დამუშავებული, ყურადღებით არ ეცნობიან წერითი დავალების შეფასების სქემას, ასევე მართლწერის საკითხებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ წერენ არგუმენტირებულად.

– ქალბატონო იამზე, მოგვიყევით იმ მეთოდების შესახებ, რომლებიც აბიტურიენტებს შეცდომების დაშვების პრევენციისთვის გამოადგებათ…

– შეცდომის თავიდან აცილების მიზნით, აბიტურიენტებს ვურჩევ, ისევ და ისევ ბევრი იმუშაონ საკუთარ თავზე, წერონ თხზულებები, გაასწორებინონ პედაგოგს და დაუკვირდნენ საკუთარ შეცდომებს. ამოწერონ, დააჯგუფონ ისინი ეტაპობრივად, ნახონ სწორი ფორმები. ასე ისინი ადვილად შეძლებენ შეცდომათა პრევენციას.

საბედნიეროდ, წერითი დავალების არაერთი ნიმუში გვაქვს, გვაქვს კრებულები, რომლებითაც მარტივად შეძლებენ მომზადებას. ასევე, შეუძლიათ აწარმოონ შეცდომებს ლექსიკონიც, რა თქმა უნდა, ეს გარკვეულ დროს წაიღებს, თუმცა თუ უჭირთ, შეცდომის გამეორების პრევენცია საკმაოდ ეფექტური იქნება.

– მიეცით ინსტრუქცია ჩვენს მკითხველ აბიტურიენტებს, რა უნდა გააკეთონ, რომ თხზულების წერის დროს ნაკლები შეცდომა დაუშვან და მაღალი შეფასება დაიმსახურონ?

– აუცილებლად კარგად გაეცანით დავალების პირობას. ის რამდენჯერმე წაიკითხეთ;

– წერისას ხშირად მიუბრუნდით თეზისს, თქვენს თავს დაუსვით შეკითხვა, ხომ არ აცდით საკითხს;

– თუ შავ ფურცელზე ვერ ასწრებთ მთელი თხზულების წერას, მაშინ თეზისების სახით ჩამოწერეთ საკითხები (რას გამოიყენებთ წერისას, პარალელად რომელ ავტორსა თუ ნაწარმოებს მოიშველიებთ და ა. შ) და მიჰყევით მას;

– წერეთ მშვიდად, აუჩქარებლად, ნუ იფიქრებთ იმაზე, რომ გარეთ გელოდებიან;

– ყურადღება მიაქციეთ თხზულების სტრუქტურას, მოცულობას, ის 150 სიტყვას უნდა აღემატებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოლო სამი კრიტერიუმით არ შეფასდებით და 11 ქულას დაკარგავთ;

– ნუ იქნება სასვენი ნიშნები თქვენი აქილევსის ქუსლი!

– არ წეროთ გაუგებრად, ის მონაკვეთი, რომელიც არ ამოიკითხება, არ გასწორდება!

– არ დაგიხარვეზდეთ ფურცელი, არ მოკეცოთ შემთხვევით;

– თხზულებაში არ გამიყენოთ წინადადება, რომლითაც თქვენი იდენტიფიკაცია იქნება შესაძლებელი (მაგ. თქვენი საცხოვრებელი, სახელი, გვარი ქალაქის, სოფლის დასახელება და ა. შ) ამ შემთხვევაში ნაწერი გაგინულდებათ.

ასევე იხილეთ:

საგამოცდო კრებულები და ტესტის ნიმუშები, რითი სარგებლობაც 2023 წლის აბიტურიენტებს შეუძლიათ

2023 წლის საგამოცდო პროგრამები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური