როგორ უნდა მოხვდეთ პროფესიულ კოლეჯში – გართულდა თუ გამარტივდა მიღების პროცედურა?
2021 წლის პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დღეს, 12 ივლისს დაიწყო. იმის გამო, რომ პროფესიული განათლების სფეროში მთელი რიგი ცვლილებები განხორციელდა და სტუდენტების ჩარიცხვის წესიც შეიცვალა, დაინტერესებულ პირებს კონკრეტულ კოლეჯებთან უამრავი შეკითხვა აქვთ, თუმცა კოლეჯების ნაწილის საკონტაქტო ტელეფონები ან მიუწვდომელია, ან არავინ პასუხობს.
კოლეჯები აქტიურობენ სოციალურ ქსელში, სადაც განთავსებულია ზოგადი ინფორმაცია რეგისტრაციის და საგანმანათლებლო პოგრამების შესახებ, მაგრამ შეცვლილი წესის თანახმად, როგორ მოხდება აპლიკანტის ჩარიცხვა, ტესტირებით თუ გასაუბრებით, ეს ინფორმაცია დაკონკრეტებული არ არის.
EDU.ARIS.GE დაინტერესდა რეგისტრაციის დაწყების დღეს, რამდენად მარტივია რიგითი დაინტერესებული მოქალაქისთვის კოლეჯებთან სატელეფონო კომუნიკაცია, აღმოჩნდა, რომ ეს საკმაოდ რთულია. მაგალითად კოლეჯ „სპექტრის“ საინფორმაციო სამსახურს რამდენიმე მცდელობის მიუხედავად ვერ დავუკავშირდით, რადგან ტელეფონს არავინ უპასუხა. იგივე შეგვიძლია ვთქვათ კოლეჯ „იკაროსზე“, დაწესებულების ვებ-გვერდზე მითითებულ ნომრებზე არავინ პასუხობს. სატელეფონო კავშირის დამყარება ასევე ვერ მოხერხდა კოლეჯ „იბერიასთან“. კოლეჯ „საინფორმაციო ტექნოლოგიების აკადემიას“, საკონტაქტო ნომრად განათლების და მეცნიერების სამინისტროს ცხელი ხაზი და შიდა ნომერი აქვს მითითებული, თუმცა ნომერზე დაკავშირება ამ შემთხვევაშიც გართულებულია.
საინფორმაციო ცენტრთან დაკავშირება საკმაოდ მარტივი აღმოჩნდა გლდანის პროფესიულ კოლეჯში, სადაც განაცხადეს, რომ აპლიკანტებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 20 აგვისტომდე, ხოლო რა ფორმებით ჩატარდება მისაღები გამოცდა, აპლიკანტებს მოგვიანებით აცნობებენ.
მიღების პროცედურებზე ინფორმაცია მივიღეთ კოლეჯ „მერმისისგანაც“, სადაც განგვიცხადეს, რომ პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა მისაღებად კოლეჯში შიდა ტესტირება და გასაუბრება გაიმართება, ვადებს კი დარეგისტრირებულ პირებს აცნობებენ.
2021 წლის პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია ახალი წესით მიმდინარეობს, წელს პირველად, პროფესიულ პროგრამებზე მსურველები ერთიანი, ცენტრალიზებული ტესტირების გარეშე ჩაირიცხებიან და გადაწყვეტილებას ინდვიდუალურად კოლეჯები მიიღებენ. სიახლეა ისიც, რომ წელს სახელმწიფო დაფინანსებით სწავლა კერძო კოლეჯებშიც იქნება შესაძლებელი. ტესტირების გავლა მხოლოდ უმაღლეს პროფესიულ პროგრამებზე მოხვედრის მსურველებს დასჭირდებათ.
პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში, განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელები ხშირად საუბრობენ, რომ პროფესიული განათლება უნდა გახდეს ხელმისაწვდომი და ცვლილებებიც ამ პრინციპის გათვალისწინებით ხორციელდება. ახალი ნორმატიული აქტებს შესაბამისად, პროფესიულ განათლებაში იზრდება საგანმანათლებლო დაწესებულების როლი და მას ადგილზე მოუწევს მისაღები გამოცდის ან ტესტირების ორგანიზება, თუმცა როგორც ირკვევა, კოლეჯები ჯერ-ჯერობით მიღების პროცედურებზე ზუსტად ჩამოყალიბებულები არ არიან.
საქართველოში პროფესიული განათლების სისტემაში სამი ტიპის პროგრამა არსებობს – საბაზო პროფესიული, საშუალო პროფესიული და უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო.
საბაზო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობას წარმოადგენს სულ მცირე საბაზო (9 კლასი) ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა.
საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობას წარმოადგენს სულ მცირე სრული ზოგადი (12 კლასი) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ფლობა. ამასთან, პირს, რომელიც ფლობს სულ მცირე საბაზო (9 კლასი) ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს, შეუძლია ჩაირიცხოს ისეთ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები. ინტეგრირებული პროგრამის დასრულების შემდგომ გაიცემა სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებული დიპლომი.
უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობას წარმოადგენს სულ მცირე სრული ზოგადი (12 კლასი) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ფლობა. პროგრამებზე სწავლება ძირითადად პრაქტიკულია და მიმდინარეობს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამის ბიზნეს ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ამასთან, ზოგიერთი პროგრამა ხორციელდება დუალური მიდგომით, რაც იმას ნიშნავს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულება და კომპანია ინაწილებენ პასუხისმგებლობას სტუდენტის მომზადებაზე და პროგრამის პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში – კომპანიაში.
პირველი ორი სახის პროგრამაზე, საბაზო და საშუალო პროგრამებზე აპლიკანტების ჩარიცხვა მოხდება კოლეჯებში შექმნილი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, რა ფორმით იქნება შერჩევა ტესტირების თუ გამოცდის სახით, ამას თავად დაწესებულება ადგენს. ეს დებულება მინისტრის ბრძანებაში ასეა განსაზღვრული:
„დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესით, რომელიც არეგულირებს: ა) შერჩევის ვადებს და ამ ვადების სარეგისტრაციო სისტემაში ასახვას; ბ) შეფასების თარიღების შესახებ აპლიკანტთა ინფორმირებას; გ) შეფასების მეთოდებსა და ეტაპებს; დ) შესარჩევი და სააპელაციო კომისიების ფორმირების, მათი მუშაობის, გადაწყვეტილების მიღების წესს; ე) აპელაციის წესსა და ვადებს; ვ) აპლიკანტისთვის განსხვავებულ თარიღში შეფასების უზრუნველყოფის წესსა და პირობებს; ზ) დაწესებულების მიერ განსაზღვრულ სხვა პირობებს“, – ნათქვამია დოკუმენტში.
რაც შეეხება უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვას, დოკუმენტის თანახმად, „უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აპლიკანტთა შეფასება ხორციელდება სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მიერ ორგანიზებული ტესტირების საფუძველზე, რომლის ჩატარების თარიღი მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება.
მინისტრის შესაბამის ბრძანებაში ასევე საუბარია, რომ უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად, აუცილებელია ტესტირების გავლა აკადემიური უნარებში. ტესტირების კოორდინაციას და ტესტირების დაგეგმვისა და ჩატარების პროცესში საგამოცდო ცენტრების მონიტორინგს ახორციელებს სამინისტრო. ტესტირების დაგეგმვის მიზნით, მართვის სისტემა უზრუნველყოფს კონკრეტულ მუნიციპალიტეტში საგამოცდო ცენტრების შერჩევას, რეგისტრირებული აპლიკანტების რაოდენობის გათვალისწინებით.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცნობით, წელს პროფესიული განათლების სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა, ის, რომ პროფესიული პროგრამების სტუდენტები სახელმწიფო დაფინანსებას კერძო კოლეჯებშიც მიიღებენ.
უწყების ცნობით, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო დაფინანსებით ჩარიცხვის მიზნით, საჭიროა რეგისტრაცია და პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, ქვემოთ მოცემული ეტაპის/ების გავლა:
სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირება უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის (გარდა დუალური პროგრამებისა)
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ორგანიზებული შერჩევა საბაზო და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისათვის. ე.წ. დუალური სწავლების ფორმით პროგრამის განხორციელებისას სტუდენტს ერთობლივად არჩევენ საგანმანათლებლო დაწესებულება და დამსაქმებელი – კომპანია. გასათვალისწინებელია, რომ აპლიკანტს უფლება აქვს გაიაროს არჩეული პროგრამების შესაბამისი შერჩევის პროცედურები და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს მისთვის სასურველი პროგრამის სასარგებლოდ.
შერჩევის პროცესის დასრულების შემდეგ, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილ ვადებში, აუცილებელია აპლიკანტის მიერ არჩეულ დაწესებულებაში საბუთების წარდგენა და ხელშეკრულების გაფორმება სტუდენტის სტატუსის მოპოვების მიზნით.
იმ შემთხვევაში თუ, აპლიკანტების ჩარიცხვის შემდეგ დაწესებულებებს დარჩათ ვაკანტური ადგილები, მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში (vet.emis.ge) ასახული ინფორმაცია ვაკანტური ადგილების თაობაზე ხელმისაწვდომი გახდება იმ აპლიკანტებისთვის რომლებმაც ვერ მოიპოვეს სწავლის უფლება.
ასეთ აპლიკანტებს შესაძლებლობა ეძლევათ სარეგისტრაციო სისტემაში (vet.emis.ge) ასახულ ვაკანტურ ადგილებზე ხელახლა გააკეთონ არჩევანი გამოთავისუფლებული ადგილების არსებობის შემთხვევაში და დადგენილი წესით მოიპოვონ სტუდენტის სტატუსი.
- პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია by პროფესიული განათლების ამბები
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსი – რა ვალდებულებები გექნებათ 2026 წლიდან by პროფესიული განათლების ამბები