„რთული იყო, მაგრამ კარგად დავწერეთ“ – ქართულში გამოცდების მეორე დღის საკითხები აბიტურიენტებისგან და შეფასებები
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე დღე დასრულდა. აბიტურიენტებმა 5 ივლისს ისევ ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტზე იმუშავეს. გამოცდიდან გამოსულმა აბიტურიენტებმა EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტებს ორივე სესიაზე მოსული საკითხები საკუთარი შეფასებებიც გაუზიარეს.
პირველი სესია
პირველ სესიაზე დღეს შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანზე“ და გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველზე“ წერეს. უჩვეულო ის არის, რომ ყველა მათგანი, ვისაც ჩვენ ვესაუბრეთ, საკუთარი თავით კმაყოფილია.
თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტები:
ანნა: „ვეფხისტყაოსნიდან“ იყო კონკრეტულად ხატაეთის ბრძოლის პერიოდი, როცა ფარსადანმა მეფეს შეუნდო და საჩუქრებთან ერთად ხარკიც დაადო. ზნეობრივი იყო თუ არა ეს გადაწვეტილება მეგობრის მიმართ და რატომ უნდა მოქცეულიყო ასე – ეს დავწერე. მოვიყვანე არგუმენტად იგივე ნაწარმოებიდან ავთანდილისა და ტარიელის მეგობრობა და ასევე, ფრაზა ანიმედან. რედაქტირებაში გუშინ წერდნენ რა შეცდომებიც შეხვდათ. იგივე შეცდომები არ ყოფილა. 3 სასვენი ნიშანი იყო გამოტოვებული, ეგ მახსოვს და ერთი სიტყვა, რომელსაც უკვე აღარ ვიყენებთ. ჩემთვის მარტივიც იყო და საინტერესოც. სიამოვნებით ვწერდი, სტრესი არ მქონია“.
„ბევრი მასალა არ მქონდა გავლილი, 2 თვე ვემზადებოდი მხოლოდ, მაგრამ ყველაფერი დავწერე და უკმაყოფილო არ ვარ. რედაქტირების მეშინია. გრამატიკა იყო ძირითადად, „რომ“-ის წინ მძიმე რომ უნდა, ეგ მახსოვს. ორჯერ შემხვდა „რომ“ და მძიმეები დავსვი. „სამოსელი პირველი“ ავირჩიე. ეს ნაწარმოები მქონდა წაკითხული და მხოლოდ ამიტომ. ესეს რაც შეეხება, მეგობრობაზე და სამართლიან გადაწყვეტილებაზე ვისაუბრე. თავიდან კარგად ვერ მივხვდი, რა კუთხით უნდა მემსჯელა, მაგრამ შემდეგ ყველაფერზე ვისაუბრე ერთდროულად. არგუმენტად დავწერე ფრაზა ისევ „ვეფხისტყაოსნიდან“ – „ასი ათასსა აჯობებს თუ გამორჩევით მთქმელია“ და მერე განვავრცე სამართლიანობაზე. მეც კმაყოფილი ვარ და დაიმედებული“.
მარიამ ფუტკატაძე – 191-ე საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი: „ტესტი არ იყო რთული და არც მარტივი. საბოლოო ჯამში, ძალიან საინტერესო გამოვიდა. ვისთვის როგორ, მაგრამ მე ყველაზე უფრო რედაქტირება მეძნელა, სადაც ძირითადი შეცდომები პუნქტუაციური უზუსტობები იყო, მეტი ისეთი არაფერი. თავად რედაქტირების ტექსტი თბილისის ფუნიკულიორს შეეხებოდა. თემის დავალებაში მე „სამოსელი პირველი“ ავირჩიე, რადგან ჩემთვის პარალელები უფრო მარტივად გასავლები იყო. რაც შეეხება მოცემულ თეზისს, მე ორი მხარე დავწერე, კარგად გავიაზრე და შემდეგ დავეთანხმე. არგუმენტებად საქართველოში დღეს მიმდინარე მოვლენები მოვიყვანე და სახელმწიფოსთან თუ საზოგადოებასთან დაკავშირებული პრობლემები წამოვწიე წინ“.
ვლადიმერ გელაშვილი – 191-ე საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი: „ორივე რთული თემა მოგვივიდა, რედაქტირება და კითხვები არ იყო ასეთი ძნელი და მგონია, რომ ვინც მომზადებული იყო, არავის გაუჭირდებოდა. მე „ვეფხისტყაოსანი“ ავირჩიე, რადგან, ჩემი აზრით, „სამოსელი პირველი“ ბევრად უფრო რთულია და რთულია ამხელა ნაწარმოების გაგება ერთი პატარა ნაწყვეტით. „ვეფხისტყაოსანი“ კი ისედაც ყველამ კარგად ვიცით. მოცემულ თეზისს დავეთანხმე და კონკრეტული არგუმენტებიც მოვიყვანე მის გასამყარებლად. რაც შეეხება რედაქტირების დავალებას, ტექსტი თბილისის ფუნიკულიორის შესახებ იყო. ძირითადი შეცდომები იყო მძიმეებში, არასწორად დაწერილ სიტყვებში და ერთი იყო სტილისტური შეცდომა“.
ლიზი კოპალია – თბილისის 103-ე საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი: „შემხვდა „ვეფხისტყაოსანი“ და „სამოსელი პირველი“. დიდად რთული მასალა არ იყო, უბრალოდ თავიდან შევშინდი, რადგან „ვეფხისტყაოსნის“ გავლა ვერ მოვასწარი და დოჩანაშვილი საპროგრამო არ იყო. დოჩანაშვილი ავარჩიე. რადგან გავლილი არცერთი მქონდა, მნიშვნელობა აღარ მივაქციე, რომელს დავწერდი. უბრალოდ, სიმარტივის და იქიდან გამომდინარე ავირჩიე, რომ უფრო კარგი არგუმენტების მოყვანა შემეძლო. თემა ეს იყო – მოძალადეს საზოგადოება ყოველთვის თვითონ აძლევს მოტივაციას და აქეზებს. კარგი სამსჯელო თემაა და გამიადვილდა. რედაქტირებაც არ იყო ისეთი ძნელი, როგორიც მეგონა. პუნქტუაციაში იყო 5 შეცდომა. უფრო რთული რედაქტირება მაქვს გაკეთებული, ვიდრე ეროვნულ გამოცდებზე მოდის. მგონია, რომ წინა წლებშიც ძალიან მარტივი იყო ეს დავალება“.
მარიამ დოღაძე – თბილისის 103-ე საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი: „ვეფხისტყაოსნიდან“ იყო თემა, დამარცხებული მტრის დასჯა არის თუ არა აუცილებელი, „სამოსელი პირველიდან“ – საზოგადოება უწყობს თუ არა ხელს დამნაშავის აღზევებას. „სამოსელი პირველი“ იყო უცნობი და „ვეფხისტყაოსანი“ პროგრამული. „სამოსელი პირველი“ ჩემთვის არ იყო რთული და მარტივად დავწერე. ეს ნაწარმოები ისედაც წაკითხული მქონდა და მთლად უცხოს არ წამოადგენდა. თემაც ძალიან მარტივად დასაწერი იყო, როდესაც არგუმენტები და ცოდნა გაქვს. ამ ვარიანტის გრამატიკა არც ისე მარტივი იყო. გუშინდელი ვარიანტი რაც ვნახე, თითქმის ერთი სირთულის იყო ორივე. ჩემი ვარიანტით კმაყოფილი ვარ, თუმცა, გუშინაც კარგი სამსჯელო თემები იყო“.
მარიამ სარალიძე – ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი: „რისიც გვეშინოდა, ის იყო, მოვიდოდა თუ არა თემა, რომელიც თანამედროვე ცხოვრებაშიც აქტუალურია და შეგვეძლებოდა პარალელების გავლება დღევანდელ დღესთან. შეიძლება ითქვას, რომ ამ კუთხით გაგვიმართლა, რადგან დასმული იყო საკითხები, რომლებზე მსჯელობაც, ვფიქრობ, რთული არ არის. თემა „ვეფხისტყაოსნიდან“ იყო დასაწერი და ისეთ მარადიულ ღირებულებებს ეხებოდა, როგორიცაა მიტევება და შემწყნარებლობა. დრო ბოლო წუთამდე გამოვიყენე და ვფიქრობ, საკმაოდ კარგად დავწერე“.
მეორე სესია
მეორე სესიიდან გამოსული აბიტურიენტები დაზუსტებით ვერ იხსენებენ, გივი გეგეჭკორის რომელი ლექსი შეხვდათ განსახილველ საკითხად – „თევდორე“ თუ „ფეოდალი“. ერთი ნაწილი ერთს ასახელებს, მეორე – მეორეს. როგორც EDU.ARIS.GE-ს ერთ-ერთმა ქართულის რეპეტიტორმა განუმარტა, შესაძლოა, ბავშვების დაბნეულობა იმან გამოიწვია, რომ გეგეჭკორის ორივე ეს ლექსი მედროვეობაზეა და თეზისიც ეს იყო ტესტში.
ნანა ნემსაძე – თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი: „არ იყო მარტივი საკითხები. ჰაგიოგრაფიას ყველა რეპეტიტორი პირველ რიგში გვასწავლის, როგორც ძირითად მასალას და კარგად გვქონდა გავლილი, მით უმეტეს, „აბოს წამება“. მეორე თემა იყო გეგეჭკორის ლექსი მედროვეობის კრიტიკის შესახებ. საინტერესო იყო ორივე და საზოგადოებრივი საკითხები შემოიტანეს. თეზისი იყო ის, რომ ასეთი პრინციპების ერთგულება ეხმარება თუ არა შიშის დაძლევაში. მე კმაყოფილი ვარ, ასეთი თემების წერა უკეთ გამომდის, ვიდრე მარტივ საკითხებზე. არგუმენტებად მოვიყვანე საბჭოთა კავშირის ინტელიგენცია და ჟანა დარკი“.
თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტები: „გივი გეგეჭკორის ეს ლექსი არ მქონდა წაკითხული, მადლობა „ნაეკს“, რომ წამაკითხა. მართლა კარგი ლექსია. თხზულებას რაც შეეხება, რამდენად ეხმარება ადამიანს შიშის დაძლევაში პრინციპების დაცვა, რამდენად მატებს გამბედაობას. მოვიყვანე ქეთევან წამებულის მაგალითი, ჩერჩილის ფრაზა გმირობის შესახებ და ეპიზოდი ფილმიდან „მკვდარი პოეტების საზოგადოება“. ჯამში კმაყოფილი ვარ, რთული იყო, მაგრამ საინტერესო თემები“.
„ყველაზე ნაკლები დრო რედაქტირებისთვის დამჭირდა. 4 სასვენი ნიშანი იყო გამოტოვებული. ერთი იყო ჩამოთვლის წინ ორი წერტილი, დანარჩენი კი მძიმეები და წერტილი წინადადების ბოლოს. ასევე, საუკუნის წინ „მე“ ნაწილაკი და იგივეს ნაცვლად იმავე. რაც მახსოვს ესაა, ჯგუფშიც დაწერენ და უკეთ გავიხსენებთ“.
დათო ბენდელიანი – თბილისის 191-ე საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი: „ჩემთვის საერთოდ არ იყო რთული დავალება. დიდად არც მოვმზადებულვარ, მაგრამ არც გამჭირვებია. უფრო რთულს ველოდი. თემებს რაც შეეხება, მე აბო თბილელი ავირჩიე, რომლის თეზისიც იყო ასეთი: პრინციპულობა და ერთგულება გვეხმარება თუ არა შიშის დაძლევაში ადამიანებს. მეორე ლექსი იყო, მაგრამ მასზე დიდი დრო არ დამიხარჯავს. ეგრევე აბოს თემის წერა დავიწყე. მე თეზისს დავეთანხმე და სხვადასხვა მაგალითები მოვიყვანე. დავწერე, რომ თუ ადამიანს რაღაცის გაკეთება უნდა ან ეშინია, მას საქმეში პრინციპულობა, ერთგულება და საქმისადმი სიყვარული აუცილებლად დაეხმარება. მოკლედ რომ გითხრათ, მგონია, რომ პრინციპულობა ყველა შიშის უფრო მარტივად დაძლევაში გვეხმარება. რედაქტირების ნაწილში ყველაზე ხშირად იყო სინტაქსური და პუნქტუაციური შეცდომები. მოცემული იყო ნინო ნიკოლაძის ტექსტი, ფოთის სატრანსპორტო სისტემის შესახებ“.
ლუკა უკაშვილი – თბილისის 191-ე საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი: „თემებიდან აბო თბილელის თემა ავირჩიე. მოცემული გვქონდა გაქრისტიანებამდე პერიოდი და გაქრისტიანების შემდეგ სამწლიანი მსახურების დრო. თემისთვის მოცემულ პირობას დავეთანხმე და დავწერე, რომ, ჩემი აზრით, საკუთარი პრინციპების დაცვა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისება ადამიანისთვის. აქვე გავავლე პარალელი შუშანიკის წამებასთან, როცა საკუთარი შეხედულებისა და პრინციპების დასაცავად შუშანიკი სიკვდილსაც არ შეუშინდა. მარტივი იყო ტექსტის რედაქტირებაც. ძირითადად მძიმეებში იყო შეცდომა და სიტყვები ეწერა არასწორად“.
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება