GE

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება რუსთაველის ფონდის მუშაობის პარალიზებას გამოიწვევს? – რას ამბობენ სპეციალისტები

„საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას“, – კონსტიტუციის ამ 41-ე მუხლის საფუძველზე, ეთნომუსიკოლოგმა (ქართული ხალხური მუსიკის მკვლევარმა) თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დოქტორანტმა გიორგი კრავეიშვილმა 27 მარტს საქართველოს მთავრობას საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი მოუგო. EDU.ARIS.GE– ამის შესახებ ცოტა ხნის წინ წერდა. სასამართლოში ეთნომუსიკოლოგის წარმომადგენელი მამამისი, თამაზ კრავეიშვილი იყო.

აღნიშნული გადაწყვეტილება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელის მარინე ჩიტაშვილის თანამდებობიდან წასვლის მიზეზიც გახდა. მან განცხადებით მიმართა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს.

საკონსტიტუციო სასამართლომ „საქართველოს მთავრობის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ დადგენილება N 84“ არაკონსტიტუციურად ცნო. რაც იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან სახელმწიფო გრანტების გამცემი კომისიის ექსპერტების ვინაობა საიდუმლო აღარ იქნება. აქამდე კი საქართველოს მთავრობის N 84 დადგენილების მეცხრე მუხლის  4-ე პუნქტის თანახმად, დამოუკიდებელ ექსპერტთა ვინაობა კონფიდენციალური იყო.

„სასამართლოს აზრით, ექსპერტის ვინაობის  ცოდნა მნიშვნელოვანია მის მიერ გაკეთებული დასკვნის შესაფასებლად. კერძოდ,  დაინტერესებულ პირს, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ექსპერტების დასკვნებთან დაკავშირებით ეჭვქვეშ დააყენოს  შეფასების როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური ფაქტორები.

საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ სადავო რეგულირება განსაზღვრულია არა კანონით, არამედ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით – მთავრობის №84 დადგენილებით და სახეზე არ არის პარლამენტის მიერ აღნიშნული საკითხის მოწესრიგების თაობაზე უფლებამოსილების მთავრობისთვის კანონით დადგენილი წესით დელეგირება. ამრიგად, ვინაიდან სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს ფორმალურ კრიტერიუმს უფლების შეზღუდვის კანონით დადგენის აუცილებლობის თაობაზე, იგი არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, რომლითაც დაცულია სახელმწიფოს ოფიციალურ დოკუმენტებში დაცული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება“, – ასე დაასაბუთა საკუთარი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ.

unnamed (1)გიორგი კრავეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს იმიტომ მიმართა, რომ მისი თქმით, კონსტიტუციის 41-ე მუხლი აძლევდა უფლებას, სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებული სრული ინფორმაცია სცოდნოდა. მათ შორის ექსპერტის ვინაობაც, რომელიც მისი პროექტის შეფასებაზე აწერს ხელს და ის არის თითოეულ სიტყვაზე პასუხისმგებელი.

ეთნომუსიკოლოგმა რუსთაველის ფონდში ფუნდამენტური კვლევების კონკურსში შეიტანა საპროექტო განაცხადი, თუმცა გრანტი ვერ მიიღო. კრავეიშვილი მიიჩნევს, რომ მისი პროექტის ბედი მესამე ექსპერტის შეფასებებმა გადაწყვიტა და ადრე რომ სცოდნოდა მისი ვინაობა, მოტივირებული შენიშვნების საფუძველზე  აიცილებდა შეფასებიდან და პროექტი გაიმარჯვებდა.

„რუსთაველის ფონდმა ტარიელ ფუტკარაძის ხელმძღვანელობით წარდგენილი ჩემი პროექტი (მუჰაჯირ ქართველთა და აფხაზთა მეტყველება და ფოლკლორი)თავიდან შეაფასებინა 2 ექსპერტს. მათ დაწერეს კეთილსინდისიერი დასკვნა და შეფასებები. მესამე ექსპერტს გადაუგზავნეს მოგვიანებით, რომელმაც დაწერა ასეთი დასკვნა: „მე ვერ ვიგებ, რა კავშირია თურქეთში მცხოვრებ ქართველებსა და აფხაზებს შორის. ვერ ვიგებ, რატომ უნდა დაელაპარაკონ თურქეთში მცხოვრები აფხაზები ქართველ მკვლევარებს, როდესაც საქართველო-აფხაზეთს შორის არსებობს საომარი მდგომარეობა?“

რატომ უნდა ეყრდნობოდეს და ითვალისწინებდეს, საერთოდ, ფონდი მიკერძოებული ექსპერტის ასეთ შეფასებას? მე ვმუშაობ საქართველოს მოწყვეტილი კუთხეების ხალხურ მუსიკაზე,  და  რატომ უნდა შემიფასონ ქართველოლოგია უცხოელმა ექსპერტმა, არ მესმის!

მეორე ექსპერტსაც ჰქონდა ერთი შენიშვნა: უფრო კარგი იქნებოდა გაგეღრამვებინათ და კარგად გეთქვათ, რა კავშირია ქართველებსა და აფხაზებს შორისო. მაგრამ ისეთ ანტიქართულ შენიშვნას  რატომ უნდა ენდობოდეს და ითვალისწინებდეს ფონდი, რომელიც მესამე ექსპერტს ჩემს პროექტზე ჰქონდა?

2014 წელს სამი კვირით ჩავატარე ექსპედიცია ლაზეთში. ეს ფონდის მიერ მომზადებულ სიუჟეტშიც და  პროგრამულ და ფინანსურ ანგარიშებშიც არის. ასე რომ ფონდმა კარგად იცოდა, მე რა გავაკეთე ლაზეთში. არ უნდა გაეთვალისწინებინა ამიტომ მესამე ექსპერტის დასკვნა.

ასეთი შეფასება საერთოდ უნდა გაუქმდეს და თუ თანხა არ ჰყოფნით, ღირსეულ პროექტებს ექსპერტების და კომისიების საშუალებით ხელოვნურად ქულები კი არ უნდა დააკლონ, საიდანაც უნდათ, იქიდან მოიძიონ პროექტების დასაფინანსებელი თანხები! განათლების სამინისტროს ექვემდებარება ბოლოს და ბოლოს ფონდი და თანხის მოძიება არ არის ჩემი პრობლემა. უნდა განისაზღვროს, საერთოდ, რა არის სახელმწიფოს პრიორიტეტი და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა არის თუ არა პრიორიტეტი!“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან საუბარში გიორგი კრავეიშვილი.

მას ასევე საერთო სასამართლოს პირველ ინსტანციაში აქვს გასაჩივრებული ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის შედეგები, სადაც ითხოვს, ექსპერტის ვინაობის გამხელას (რაც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დააკმაყოფილა და საერთო სასამართლოში ვეღარ იდავებს), მაგრამ მეორე მოთხოვნა არის მესამე, მიკერძოებული  ექსპერტის შეფასების გაუქმება. თუ ჩაიხსნება მისი შეფასება, დანარჩენი ორი ექსპერტის შეფასების ქულათა საშუალო არითმეტიკულით პროექტი დაფინანსდება.

როგორც უკვე ვთქვით, საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას მალევე მოჰყვა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მარინე ჩიტაშვილის თანამდებობიდან წასვლა:

„პროფესიულად მე არ ვიზიარებ ამ გადაწყვეტილებას. მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილება არღვევს სამეცნიერო ფონდს, როგორც ინსტიტუციას. ქმნის რისკს ფონდის ფუნქციონირებისთვის და წინააღმდეგობაშია ფონდის მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის სტარატეგიასთან. შესაბამისად, ვეღარ შევძლებ შევასრულო დაკისრებული მოვალეობა – ვიყო ფონდის გენერალური დირექტორი“, –  აღნიშნა მარინე ჩიტაშვილმა განათლების და მეცნიერების მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით გაკეთებულ განცხადებაში.

რა შეიცვლება სამეცნიერო გრანტის გაცემის პროცედურაში, ჯერ-ჯერობით უცნობია. როგორც რუსთაველის ფონდში აცხადებენ, საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ფონდის მუშაობას გაართულებს იმ მხრივ, რომ გაძნელდება იმ ექსპერტთა მოძიება, ვინც თანახმა იქნება საკუთარი ვინაობის გამხელაზე.

mako-mikaberidzeრუსთაველის სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მანანა მიქაბერიძის თქმით, მსგავსი პრაქტიკა ევროკავშირის და ამერიკის შეერთებულ შტატებშის სამეცნიერო საზოგადოებაში არ არსებობს. ეს, ამასთან ერთად, ამცირებს ექსპერტის დაცულობის ხარისხს.

„ისეთი ექსპერტების მოძიება, რომელიც ამავე დროს იქნებიან თანახმა, საჯარო გახდეს მათი ვინაობა, საკმაოდ რთულია. ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა, კონკურსი გამოცხადდეს, მაგრამ მისი შედეგები რამდენად დაიდება იმ ვადებში, რაც აქამდე იყო დაგეგმილი, ამას ვერ ვიტყვით. რადგან არ ვიცით, როგორ წავა ექსპერტების მოძიების საკითხი.

უცხოელი ექსპერტის მონაწილეობა კონკურსში არის მოცემულობა. საქართველოში აქტიურ მეცნიერთა რაოდენობა არც ისე ბევრია. ვინც არის აქტიური მეცნიერი, მონაწილეობს ფონდის კონკურსებში. თუ მონაწილეობს კონკურსებში, ამავე დროს ხომ ვერ შეაფასებს საკუთარ საგრანტო პროექტს? ინტერესთა კონფლიქტი ექნება. გარდა ამისა, ქვედარგში მოღვაწე მეცნიერები, როგორც წესი, არიან ან მეგობრები, ან კოლეგები, თანამშრომლები. ან არის შემთხვევები, რომ ისინი არიან მოწინააღმდეგეები და ესეც ინტერესთა კონფლიქტია.

როდესაც ინტერესთა კონფლიქტი ძალიან დიდია,  ჩვენნაირი პატარა ქვეყნები, მაგ. ესტონეთი, ფინეთი, იგივე ავსტრია, იყენებენ ამ პრინციპს და გააქვთა საგრანტო კონკურსების შეფასება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. იქ ექსპერტთა მონაწილეობა პროექტების შეფასებისას კონფიდენციალურია. ევროკავშირში და ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსპერტთა ვინაობა არის კონფიდენციალური!“ – ამბობს მანანა მიქაბერიძე.

რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ახლა ეძებენ გზებს, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ფონდის მუშაობა არ იყოს პარალიზებული. რომ  ფონდმა კვლავ შეძლოს  საუკეთესო ხარისხის პროექტების შერჩევა კონკურსში დარეგისტრირებული პროექტებიდან.

„გასაგებია ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი, მაგრამ არის გარკვეული გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც უნდა ხდებოდეს ექსპერტების კონფინდენციალობის დაცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია, მივიღოთ მიუკერძოებელი მაღალი ხარისხის შეფასება. ექსპერტსაც აქვს უფლებები და ისიც ადამიანია. მასაც აქვს უფლება, რომ დაცული იყოს განრისხებული აპლიკანტისგან. როგორ დაიცავ ექსპერტებს, როცა მათი ვინაობა იქნება გახსნილი?

მცდელობას გავაგრძელებთ, რომ მოვიძიოთ ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც ითანამშრომლებენ ამ პირობებით. რომ გავაგრძელოთ შეფასება უცხოელი ექსპერტების გამოყენებით. რაც ძალიან მნიშვენლოვანია, როცა გვინდა საუკეთესო ხარისხის, მსოფლიო სტანდარტის პროექტების გამოვლენა“, – აცხადებს რუსთაველის ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლი.

zaalkokaiaლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი)  ღეროვანი უჯრდების ცენტრის დირექტორი,  პროფესორი, ნეირობიოლოგი, ბიოტექნოლოგი რუსთაველის ფონდის საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ზაალ კოკაია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას ამბობს, რომ ის ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო ინსტიტუციის პრაქტიკას, რომელიც ითვალსწინებს იმას, რომ რეცენზენტების კონფიდენციალობა დაცულია და შეუძლებელია კონკრეტული რეცენზენტის იდენტობის დაკავშირება კონკრეტული გრანტის შეფასებასთან.

„ეს პრინციპი არის მიუკერძოებელი და თავისუფალი შეფასების ქვაკუთხედი და ამ პრინიციპით მუშაობს ყველა განვითარებული ქვეყნის სახელმწიფო თუ კერძო დამფინანსებელი ორგანიზაცია. მე, პირადად, ათეულობით ევროპულ და საერთაშორისო გრანტების შემფასებელ ჯგუფში მიმუშავია, მსოფლიოს მრავალი სამეცნირო ფონდის დაკვეთით ასეულობით გრანტზე დამიწერია რეცენზია და ვერ ვიხსენებ ვერც ერთ შემთხვევას, როდესაც რეცენზენტების კონფიდენციალობა არ ყოფილიყოს დაცული. ძალიან მიჭირს იმის დაჯერება, რომ ევროკავშირის და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებს ნაკლები გამჭვირვალობა და მიუკერძოებლობა აქვთ ვიდრე საქართველოს, მაგრამ ყველა ამ ქვეყნაში რეცენზენტის კონფიდენციალობა დაცულია“, – ამბობს პროფესორი.

ზაალ კოკაია მიიჩნევს, რომ  გადაწყვეტილების შედეგად კვალიფიციური და გამოცდილი საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების უმრავლესობა უარს იტყვის გრანტების შეფასებაზე და ეს, თავის მხრივ, გააუარესებს როგორც შეფასების ხარისხს, ასევე გაზრდის შეფასებაში უხეში შეცდომების და უზუსტობების სიხშირეს.

„ჩემი აზრით, გაიზრდება არასწორად და მიკერძოებულად დაფინანსებული გრანტების რაოდენობა და დაფინანსების გარეშე დარჩენილი მეცნიერების ძალიან დიდი ნაწილი გაასაჩივრებს გადაწყვეტილებას და ძირითადი მიზეზი იქნება რეცენზენტის არაკვალიფიციურობა და მიკერძოებულობა. ასევ ვთვლი, რომ დაქვეითება რუსთაველის ფონდისადმი საერთაშორისო ნდობა. თუკი ვერ ახერხებ შემფასებელი ექსპერტების კონფიდენციალობის დაცვას, ეს უდავოდ გააძნელებს საერთაშორისო საგრანტო სტრუქტურებთან თანამშრომლობას და ინტეგრაციას“, – აღნიშნავს ზაალ კოკაია.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე ძალაშია. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალი საგრანტო კონკურსები ამიერიდან  შემფასებელი ექსპერტების ვინაობის მითითებით  გამოცხადდება. როგორ აისახება ეს გრანტების გაცემაზე, ასევე რუსთაველის ფონდის და ზოგადადად, ქვეყნის საერთაშორისო მეცნიერულ კავშირებზე, ამას დრო და შედეგები გვიჩვენებს.

რატომ დატოვა თანამდებობა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელმა

სამეცნიერო გრანტის მიმნიჭებელი ექსპერტების შემადგენლობა გასაიდუმლოებული აღარ იქნება – სასამართლო

მეცნიერებას დაფინანსება შეუმცირდა

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური