GE

სამეცნიერო გამომცემლობა ELSEVIER BV-ს ბაზებზე წვდომის განახლებისთვის სახელმწიფო მილიონ 700 ათას ლარზე მეტს გადაიხდის

შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდი, სამეცნიერო გამომცემლობა ELSEVIER BV-ს ბაზებზე ერთწლიანი წვდომის განახლებისთვის მილიონ 700 ათას ლარზე მეტს გადაიხდის. შესაბამისი გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მოთხოვნით უწყება შესყიდვების სააგენტოს მიმართავს.

შესყიდვის ღირებულება 413 000 ევროა, სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში განმარტავენ, რომ უნივერსიტეტების, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებს-სტუდენტებს, აკადემიურ-სამეცნიერო, ადმინისტრაციულ პერსონალს წვდომა ჰქონდათ ელსევიერის საგამომცემლო სახლის ბაზებზე, (Scopus, Science Direct, Funding Institutional (Schival Funding). დამატებით, ფონდს ELSEVIER-ისგან გამოწერილი ჰქონდა ექსპერტების საძიებო ბაზა Experts Look up. აღნიშნული ხელშეკრულების ვადა 2020 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა.

„არსებობს მოთხოვნილება საქართველოში რეგისტრირებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან, რომ გაგრძელდეს ELSEVIER BV-სთან შეთანხმება წლის ბოლომდე (2021 წლის 31 დეკემბერი) და ზემოაღნიშნულ ორგანიზაციებს ჰქონდეთ წვდომა სხვადასხვა დარგში უახლეს სამეცნიერო პუბლიკაციებზე, რომლებიც ქვეყნდება ELSEVIER-ის ბაზების მეშვეობით“, – ნათქვამია ფონდის მიერ შესყიდვის დასაბუთების დოკუმენტაციაში.

გამომცემლობა ELSEVIER BV-ს და სამეცნიერო ფონდს შორის გამოწერის შეთანხმება 2014 წელს გაფორმდა. შეთანხმება 2017 წლის 7 მარტს განახლდა, რომლის ფარგლებში შეიქმნა 21 ორგანიზაციისგან შემდგარი კონსორციუმი, სადაც გაერთიანდა სახელმწიფო უნივერსიტეტები, შესაბამისი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები, 3 კვლევითი ცენტრი, 1 სამეცნიერო ინსტიტუტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სამეცნიერო საზოგადოებას ჰქონდათ სრული წვდომა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო გამომცემლობის ELSEVIER-ის ბაზებთან (ScienceDirect, SCOPUS) და შეეძლოთ უსასყიდლოდ ჩამოეტვირთათ და ესარგებლათ მსოფლიოში გამოქვეყნებული უახლესი სამეცნიერო ლიტერატურით (სამეცნიერო სტატიები, წიგნები, წიგნების თავები, აბსტრაქტები) მათი კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობისთვის.

ELSEVIER-დან დამატებით გამოწერილი იყო SciVal Funding and Reviewer Finder შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სარგებლობისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსებში შემოსული პროექტების შეფასებისას საერთაშორისო ექსპერტების შერჩევისა და საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისით. აღნიშნული ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 2018 წლის 31 დეკემბერს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივით, ფონდმა 2019 წელს შექმნა 55 ორგანიზაციისგან შემდგარი კონსორციუმი, რომელშიც საქართველოში ავტორიზებულ სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებთან ერთად შევიდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული ფონდი, სამეცნიერო კვლევითი ცენტრები, სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სსიპ საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.

დამატებით, ELSEVIER-ის გამომცემლობა კვლავ უზრუნველყოფს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წვდომას ELSEVIER-ის ბაზის ინსტრუმენტზე – Expert Lookup, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფონდისთვის საექსპერტო ბაზის განახლების პროცესში.

შესყიდვების ფარგლებში მოთხოვნილი პროდუქტებია:

ScienceDirect® online – Elsevier B.V. ვებ-გვერდი – sciencedirect.com

Scopus® online – Elsevier B.V. ვებ-გვერდი – scopus.com

Funding Institutional -™ –Elsevier B.V. ვებ-გვერდი – elsevier.com/solutions/funding-institutional

Expert Lookup –Elsevier B.V.*

შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ინფორმაციით, ხელშეკრულების განახლებულ ვერსიაზე მოსამზადებელი სამუშაოები 2020 წლის დეკემბრიდან დაიწყო, მხარეებმა ხელშეკრულების დეტალები განიხილეს და საბოლოო ხელშეკრულების პირობებზე თანხმობა 2021 წლის აპრილში იქნა მიღწეული. ხელშეკრულების განახლება და ბაზებზე კონსორციუმის წვდომა 2021 წლის მაისის თვიდან უნდა მოხდეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური