GE

„სამინისტრო არასერიოზულად უყურებს ცვლილებებს ესგ–ში და ხედვა მინისტრების ცვლასთან ერთად იცვლება“

მიუხედავად იმისა, რომ მე-7-9 კლასის მოსწავლეები გაკვეთილების შემცირების დაპირების შეუსრულებლობამ გაანაწყენა, სპეციალისტები და პედაგოგები განათლების სამინისტროს ინიცირებულ ცვლილებებში სხვა პრობლემებსაც ხედავენ და მიხეილ ჩხენკელის უწყებას თვალებში ნაცრის შეყრაში ადანაშაულებენ.

საბაზო საფეხურის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის პროექტის თანახმად, მე-8 კლასის მოსწავლეებისთვის მცირდება ინგლისური ენის საგაკვეთილო საათები. ასევე, მე-7, მე-8, მე-9 კლასებში ერთი საათით მცირდება ისტორიის გაკვეთილი. სამაგიეროდ, საგაკვეთილო საათი იმატებს მათემატიკაში, მე-7 და მე-8 კლასებში კი „მოქალაქეობა“ შემოდის. ჩნდება არჩევითი საგნის ბლოკიც. საბაზო საფეხურის საათობრივი ბადის პროექტის გათვალისწინებით, მე-7 და მე-8 კლასებში იმატებს საგაკვეთილო საათები, ის მე-9 კლასისას უთანასწორდება და თითოულ სემესტრში 33 საათი ხდება.

სამინისტროს პროექტს აკრიტიკებენ ინგლისური ენის სპეციალისტები და EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ როგოგრც ინგლისურ ენაში, ისე ისტორიაში საგაკვეთილო საათების შემცირება განათლების ხარისზე უარყოფიათად აისახება. მათივე შეფასებით, განათლების სამინისტრო ამით რეპეტიტორების ინსტიტუტის გააძლიერებას უწყობს ხელს, ვინაიდან უცხო ენისთვის არათუ შემცირებული, არამედ არსებული საათებიც კი არ იყო საკმარისი.

როგორც ქობულეთის, ლეღვას N2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი ლელა ხინიკაძე EDU.ARIS.GE -სთან საუბრისას ამბობს, სამინისტრო გაკვეთილების შემცირების მაგივრად საათებს ზრდის და „ნაცარს გვაყრის“… „მიჩნდება მოსაზრება, რომ ეს ხალხი არ იცნობს, ძველ ეროვნულ სასწავლო გეგმას. არ ვიცი, მე, როგორც პედაგოგი და როგორც მშობელი ძალიან ვნერვიულობ“.

„გაკვეთილების შემცირების მაგივრად 7 საათით მეტი ექნება მე-7-8 კლასის მოსწავლეებს, ეს არის დაპირებული შემცირება, თვალებში, ნაცარს გვაყრიან. მოქალაქეობაც ემატება ისტორიის ხარჯზე, მაგრამ ინგლისურის დაკლება არჩევითი საგნის გამო არასწორად მიმაჩნია, ვინაიდან არჩევით საგანს მოსწავლეები ნაკლებ ყურადღებას უთმობენ ან ისეთ საგანს ირჩევენ, რომ არ ჰქონდეთ რაიმე სასწავლი.

„მე ჩემს მოსწავლეებს სკოლაში ნასწავლი ინგლისურით ბარიერის გადალახვის შანსს ვაძლევ, ოღონდ უნდა მომყვეს. არ შეიძლება, განათლება ასე საცდელ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე იყოს დაფუძნებული. ძალიან უჭირთ ბავშვებს 7 გაკვეთილი, ეს იწყებოდა მე–9 კლასიდან ახლა უკვე მე-7 კლასის მოსწავლეს, ყოველდღე ექნება 7 გაკვეთილი, შესაბამისად ეს არის ზედმეტი დროის კარგვა და არ არის ნაყოფიერი. მიჩნდება მოსაზრება, რომ ეს ხალხი არ იცნობს, ძველ ესგ-ს. არ ვიცი, მე, როგორც პედაგოგი და როგორც მშობელი ძალიან ვნერვიულობ, როგორც ჩემს სამ შვილზე, ისე ყველა მოსწავლეზე“.

საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის საგაკვეთილო საათების მომატებას და ინგლისური ენისთვის საათის მოკლებას უარყოფითად აფასებს ინგლისური ენის მასწავლებელი გვანცა მოლაშხიაცEDU.ARIS.GE -სთან საუბრისას პედაგოგი აღნიშნავს, რომ განათლების სამინისტროს საათობრივი ბადის ახალი პროექტი პირდაპირ ურტყამს ოჯახების ბიუჯეტს, ვინაიდან, ისინი იძულებულნი იქნებიან ბავშვები კერძო რეპეტიტორთან მიიყვანონ.

„ძალიან ცუდი ქნეს… მაშინ, როცა ბავშვი უკვე იმ ასაკშია, რომ უცხო ენა ინტენსიურად უნდა ისწავლოს და ამისთვის ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მზადაა, სახელმწიფო ამის საშუალებას აღარ აძლევს. იმის ნაცვლად, რომ ზედა კლასებში ერთი საათი დაემატებინა და ამით ხელი შეეწყო ბავშვებისთვის, პირიქით მოიქცა. ეს დარტყმას მიაყენებს ოჯახების ეკონომიურ მდგომარეობასაც. რადგან ოჯახს იძულებულს ხდიან, ბავშვები კერძო მასწავლებლებს მიაბარონ, ვინაიდან სკოლა უკვე ამ მხრივ უკან იხევს. არ ვიცი რა ვთქვა, რა აზრი აქვს თქმას.

„ამასთან, კვირაში სამჯერ 7 გაკვეთილი ძალზედ დამღლელია. ფაქტობრივად, ბოლო გაკვეთილი უკვე არაპროდუქტიულია – არც ტვინია აქტიური და ბავშვსაც აღარ აქ სწავლის სურვილი… ბოლო გაკვეთილი ეს უფრო ფორმალური ხასიათის იქნება… ბავშვებს კვება ან დასვენება ხომ სჭირდებათ… როგორ უნდა მოვითხოვოთ, მშიერ და დაღლილ ბავშვი იყოს აქტიური?!“, – აცხადებს ინგლისური ენის პედაგოგი გვანცა მოლაშხია.

განათლების მკვლევარი სიმონ ჯანშია EDU.ARIS.GE -სთან საუბრისას აცხადებს, რომ პრობლემა არა საგაკვეთილო სათების მომატებისა თუ შემცირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაა, არამედ ის რომ განათლების სამინისტრო არ ახდენს შემოთავაზებული სიახლის მიღების დასაბუთებასა და ანალიზს.

„პრობლემა არის ის, თუ როგორ იღებენ გადაწყვეტილებას. ნებისმიერი მსგავსი გადაწყვეტილება საათების მოკლების თუ მომატების შესახებ უნდა გამომდინარეობდეს პრობლემების ანალიზიდან. უნდა ვიცოდეთ რა პრობლემებია, არსებობდეს ამ პრობლემების გადაჭრის ალტერნატიული გზები და შემდგომ უკვე ავირჩიოთ ამ გზებიდან საუკეთესო. თუ ეს გულისხმობს ახალი საგნის შემოტანას ან ძველის გაძლიერებას, შემდგომ უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, როგორ მოხდეს ეს გაძლიერება ან შემცირება და ა.შ.

„ჩემი აზრთ, თავისთავად საგაკვეთილო საათების რაოდენობის ზრდა არ მოიტანს განსაკუთრებით დადებით შედეგს. პრობლემა ის კი არ არის, რომ ცოტა საათებია, არამედ ის რომ საქართველოში სწავლის დღეების რაოდენობა არის მცირე და ეს დღეები გადატვირთულია. არის 6-7 გაკვეთილი, საბაზო საფეხურზე დაწყებითთან შედარებით სწრაფად რთულდება პროგრამა, ეს კი ხშირად იწვევს იმას, რომ მოსწავლეებში იკლებს მოტივაცია და ვფიქრობ, უფრო მეტად ამის შემცირებაზე უნდა ეზრუნათ“, – აცხადებს სიმონ ჯანაშია.

ჯანაშია აღნიშნავს, რომ ნებისმიერი საათის მომატება ან დაკლება გულისხმობს მასწავლებელთა რაოდენობის მომატებას ან ზრდას, მაგრამ თვლის, რომ არც ამ და სხვა რესურსების სათანადო მომზადებას განათლების სამინისტრო არ ახდენს და ცვლილებებს არასერიოზულად უდგება.

„საათების გარდა ბევრი სხვა რაღაც იცვლება, მაგალითად ერთი ის არის, რომ მასწავლებლებს მეტი თავისუფლება ეძლევათ თავად დაგეგმონ პროგრამები, თუმცა ესეც დასაბუთებულად უნდა გაკეთდეს, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და რა პრობლემის მოგვარებას შევძლებთ. მეორეს მხრივ, სხვა სისტემური ელემენტებიც ამ ყველაფერთან თანხვედრაში უნდა იყოს. მაგალითად, საგაკვეთილო საათების ცვლილება არ შეიძლება რესურსების ცვლილების გარეშე მოხდეს. ნებისმიერი საათის მომატება ან დაკლება გულისხმობს მასწავლებელთა რაოდენობის მომატებას ან ზრდას, ან  თითოეული მასწავლებლის დატვირთვის ცვლილებას. ასევე, სახელმძღვანელოების ცვლილებას.

„სამწუხაროდ, არც მასწავლებლების და არც სხვა რესურსების მომზადება სათანადოდ არ ხდება. მგონია, რომ განათლების სამინისტრო არასერიოზულად უყურებს ცვლილებების განხორციელებას. ეს იქიდანაც ჩანს, რომ სასწავლო გეგმების დეპარტამენტს უკვე ნახევარი წელია ხელმძღვანელი არ ჰყავს. ამ დეპარტამენტის სახელით საუბრობს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც საგანმანათლებლო სივრცეში არ არის ცნობილი როგორც განათლების სპეციალისტი. ეს ამ ყველაფრის ერთ-ერთი ილუსტრაციაა. პრობლემა ის არის, რომ სამინისტროს ხედვა ძალიან სწრაფად იცვლება მინისტრების ცვლილებასთან ერთად“, – ამბობს ჯანაშია.

განათლების სპეციალისტი მიიჩნევს, რომ საბაზო საფეხურის მოსწავლეებსთვის საგაკვეთილო საათების გაზრდა რაიმე განსაკუთრებული შედეგის მომტანი არ იქნება. ასევე არ ეთანხმება აზრს, რომ ინგლისური ენის ერთი საათით შემცირება რეპეტიტორის ინსტიტუტის მეტად გაძლიერებას შეუწყობს ხელს:

„არ მგონია, ამ ცვლილებამ რეპირტოტორების გავლენაზე იმოქმედოს, ვინაიდან საქართველოს სკოლებში იმდენად ცუდად ასწავლიან უცხო ენას, რომ თუ ადამიანს მართლა უნდა უცხო ენის სწავლა, ის ხშირად მიმართავს რეპეტიტორს. ძალიან იშვიათია სკოლები, სადაც მასწავლებლებს სკოლის პროგრამის ფარგლებში შეუძლიათ უცხო ენა ასწავლონ ბავშვებს. ამიტომ, მათ უწევთ სხვადასხვა წყაროებისთვის მიმართავა და ეს განსაკუთრებით აქტუალური ხდება გამოცდებისთვის მომზადების პერიოდში. შესაბამისად, არ მგონია, ამ საათობრივმა ცვლილებამ დამატებითი ინტერესი გააჩინოს ამ სისტემაში, სადაც ინტერესი ისედაც ძალიან მაღალია“.

დაპირებული შემცირების ნაცვლად, მე–7, მე–8, მე-9 კლასის მოსწავლეებს გაკვეთილები დაემატათ

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური