სამინისტრო: სპეცმასწავლებლისთვის მასწავლებლის სტატუსის მინიჭება მომდევნო წლიდან მოხდება
განათლების სამინისტრო 2018 წლიდან სპეციალური მასწავლებლის სტატუსის განსაზღვრას იწყებს – ამის შესახებ განათლების სამინისტროს ინკლიზური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსმა ეკა დგებუაძემ პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ადამიანებს სჭირდებათ დაფასება და პროფესიული განვითარება.
„დავიწყებთ მუშაობას და სპეციალურ მასწავლებელს ვაღიარებთ, როგორც მასწავლებელს. დავიწყებ მათ პროფესიის განვითარებას. არსებობს სპეციალური პედაგოგებისთვის სამაგისტრო პროგრამა. მიუხედავად იმისა, რომ გვყავს საგანმანათლებლო ბევრი საჭიროების მქონე მოსწავლე, მათ სჭირდებათ დამატებითი სპეციალისტები, სპეციალური მასწავლებლის სახით,“ – აღნიშნა დგებუაძემ.
მისივე განმარტებით, სპეცმასწავლებლის საჭიროება არსებობს არა მხოლოდ სკოლის საფეხურზე, არამედ დღისა და სარეაბილიტაციო ცენტრებში, რადგან „სწორედ ეს პროფესიაა ძალიან მოთხოვნადი და ამ პროფესიის ადამიანებს სჭირდებათ განვითარება“.
ის, რომ კანონი აღიარებს სპეცმასწავლებელს, მაგრამ სისტემა არ ცნობს მას მასწავლებლად, ამ პრობლემის შესახებ EDU.ARIS.GE – აქამდეც წერდა.
დღევანდელი მოცემულობა ასეთია, მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური მასწავლებელი სკოლაში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს, არ არსებობს სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემა, რომელიც საშუალებას მისცემს მათ განავითარონ პროფესიული უნარ–ჩვევები და აიმაღლონ კვალიფიკაცია. ისინი სკოლაში ადმინისტრაციულ, ან ტექნიკურ პერსონალად მოიაზრებიან. შესაბამისად, ვერ სარგებლობენ ყველა იმ შეღავათით, რითაც მასწავლებლის სტატუსის მქონე პირი სარგებლობს საჯარო სკოლაში.
ამასთან, დღეს სპეციალური მასწავლებლის ხელფასი 260 ლარია, მათი რაოდენობა კი ქვეყანაში 1500–მდე.
„კანონი აღიარებს ადამიანს სპეციალურ მასწავლებლად, მაგრამ სისტემა არ ცნობს მას!“
მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა
-
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 19 742 პირი ჩაირიცხა გასულ წელს – რას ამბობს პრემიერ-მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სქემაში მასწავლებლების გადანაწილება სტატუსების შესაბამისად – 2025 წლის მაჩვენებლები
by ARIS.GE-განათლება
-
სკოლებში ელექტრონული საშუალებების გამოყენების წესები დამტკიცდა – სკოლისა და მოსწავლის უფლებები და ვალდებულებები
by ARIS.GE-განათლება