„კანონი აღიარებს ადამიანს სპეციალურ მასწავლებლად, მაგრამ სისტემა არ ცნობს მას!“
სპეციალური მასწავლებელი სკოლაში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს, თუმცა არ არსებობს სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემა, რომელიც საშუალებას მისცემს მათ განავითარონ პროფესიული უნარ–ჩვევები და აიმაღლონ კვალიფიკაცია. თუ სკოლის დირექტორს ურეკავთ და სპეციალურ მასწავლებელზე ეკითხებით, ის არცკი განიხილავს მას დანარჩენ პედაგოგებთან ერთად, მინიმუმ იმიტომ, რომ მასთან სხვა მასწავლებლების მსგავსი არც სახელფასო და არც სხვა ვალდებულებები აკავშირებს. დღეს სპეციალური მასწავლებლის ხელფასი 260 ლარია, მათი რაოდენობა კი ქვეყანაში 1500–მდე.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ სპეციალურ მასწავლებელს მასწავლებლად აღიარებს, დღესდღეობით სკოლებში ისინი ადმინისტრაციულ, ან ტექნიკურ პერსონალად მოიაზრებიან. შესაბამისად, ისინი ვერ სარგებლობენ ყველა იმ შეღავათით, რითაც მასწავლებლის სტატუსის მქონე პირი სარგებლობს საჯარო სკოლაში.
სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მასწავლებლის სტატუსთან გათანაბრების მოთხოვნით, რომლის ადრესატი საქართველოს პარლამენტია, პეტიცია შეიქმნა. პეტიციამ ხმების საჭირო რაოდენობა უკვე მოაგროვა. პეტიციის ერთ-ერთი ავტორი, სპეციალურ პედაგოგიკაში დამოუკიდებელი ექსპერტი, ჟანა კვაჭაძე EDU.ARIS.GE-ს დეტალურად ესაუბრება, რა პრობლემების წინაშე დგანან მასწავლებლის სტატუსის არარსებობის გამო სპეციალური მასწავლებლები, დირექტორები, მშობლები და თავად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები.
–რა პრობლემებს ქმნის ის ფაქტი, რომ სპეციალური მასწავლებლებს სკოლებში ხელშეკრულება უფორმდებათ როგორც ტექნიკურ პერსონალს და რატომ არ აქვთ მათ განვითარების და წინსვლის საშუალება?
-ჩვენ ვითხოვთ სპეცმასწავლებლის აღიარებას მასწავლებლად. მიუხედავად იმისა, რომ კანონის მიხედვით გაკეთდა კიდეც სპეციალური მასწავლებლის სტანდარტი, მას სისტემა მასწავლებლად მაინც არ აღიარებს.
ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც სპეციალურ მასწავლებელს სკოლა უფორმებს ხელშეკრულებას, მას ხელშეკრულება უფორმდება როგორც ტექნიკურ პერსონალს და არა როგორც მასწავლებელს. შესაბამისად, ეს კავშირშია სტატუსთან. მისი სტატუსი სკოლაში მაღალი არ არის, მასწავლებლად არ აღიქმება. განვითარების არანაირი შესაძლებლობა არ აქვს, გარდა 120-საათიანი კურსისა „მასწავლებლის სახლში“, რომელიც თავისთავად ტრენინგების ძალიან კარგი კურსია, მაგრამ სპეციალური მასწავლებლებისთვის მხოლოდ 120-საათიანი კურსი საკმარისი არ არის. მით უმეტეს, მათთვის, ვისაც სპეციალური მასწავლებლის კვლიფიკაცია არ აქვს და არის ან ფსიქოლოგი, ან პედაგოგი. მას ბევრად უფრო მეტი სჭირდება, რადგან სპეციალური მასწავლებელის სხვადასხვა მიმართულება არსებობს: სმენის, მხედველობის დარღვევები, აუტიზმის სპექტირის და ა.შ ეს 120 საათი ზღვაში წვეთია, მინიმალურია და ამის ამარად ვტოვებთ ჩვენ პეციალურ მასწავლებლებს, რომლებსაც ხელფასიც ძალიან დაბალი აქვთ. პროგრამული დაფინანსებით არიან ისინი და არ აქვს არანაირი სარგებელი, რითაც სხვა მასწავლებლები სარგებლობენ და ეს ქმნის ძალიან ბევრ და სერიოზულ პრობლემას.
პირველი სერიოზული პრობლემაა, როდესაც კვალიფიციური კადრი ხვდება სკოლაში, დირექტორები ამბობენ, რომ ასეთი კადრები მალე წერენ განცხადებას და მიდიან სკოლიდან, იმიტომ რომ უფრო მაღალანაზღაურებად სამსახურს პოულობენ. ერთ-ერთმა დირექტორმა მითხრა, რომ წელიწადში 2-ჯერ აქვთ სპეციალური მასწავლებლის ვაკანსია, იმიტომ რომ მოდიან მასწავლებლები, ხელფასი არ აკმაყოფილებთ და უხდებათ ახალი კადრის მოძიება, რაც მშობლების პროტესტსაც იწვევს. ბავშვებსაც პრობლემა აქვს, იმიტომ რომ ეჩვევიან ამ მასწავლებელს. უცებ ეს მასწავლებელი ქრება და მოდის სხვა. ასეთი სახის პრობლემები გვაქვს.
მეორეს მხრივ, უფრო გლობალურად რომ შევხედოთ საკითხს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის უფლებასაც ვარღვევთ ჩვენ და სპეცმასწავლებლისაც. კანონი აღიარებს ადამიანს სპეციალურ მასწავლებლად, მაგრამ სისტემა არ ცნობს მას.
–ხელფასზე არ ახდენს გავლენას ის ფაქტი, თუ რამდენი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე ჰყავს მასწავლებელს?
–ესეც პრობლემატური საკითხია. ახლა ძალიან სქემატურად ხდება სპეცმასწავლებლის აყვანა. 6 ბავშვზე გათვლილია 1 სპეციალისტის არსებობა, სპეციალური მასწავლებელი, ფსიქოლოგი, ან ინკლუზიური განათლების კოორდინატორი. მაშინ როდესაც ერთი მოსწავლე შეიძლება იყოს ისეთი, რომ ორი სპეციალისტი სჭირდებოდეს. გააჩნია ბავშვის საჭიროებას, რამდენად მძიმეა დარღვევა. არის თუ არა ქცევის პრობლემა, რა ხარისხის არის ინტელექტუალური სახის დარღვევა. შეიძლება იყოს ბავშვი, რომელსაც მუდმივად სჭირდება ერთი ადამიანი რომ გვერდით ჰყავდეს. ეს დღეს ასე არ ხდება.
ახლა მექანიკურად არის დათვლილი, ექვს ბავშვზე 1 მასწავლებელი. 12 ბავშვი თუ არის, 2 -სპეციალისტი. თუმცა 4 სპეციალურ მასწავლებელზე მეტის აყვანის უფლება სკოლას არ აქვს. 36 თუ არის სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, მაინც არ არის იმ სკოლაში 4-ზე მეტი მასწავლებელი. ეს უკვე სხვა ტიპის ტექნიკური პრობლემაა, რომელიც ფინანსებს უკავშირდება.
დისკრიმინაციაა, როდესაც სკოლაში ვუშვებთ ისეთ კადრს, რომელსაც არ აქვს მასწავლებლის სტატუსი. რატომ ვაკეთებთ ამ დაშვებას? ვინაიდან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვია, მას არ სჭირდება მაღალი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებელი?
მეორეს მხრივ, სასაცილო სიტუაციაში ვარ. მაგალითად, თუ მაგისტრის ხარისხი მაქვს, ან დოქტორის ხარისხი სპეციალურ პედაგოგიკაში, როგორც კი სკოლასთან ვაფორმებ ხელშეკრულებას, ვკარგავ მასწავლებლის სტატუსს და ვარ ტექნიკური პერსონალი. შესაბამისად, მე თუ ვარ მაღალი დონის სპეციალისტი, რატომ უნდა წავიდე ტენიკურ პერსონალად სკოლაში?
ამ მიდგომით ჩვენ იმთავითვე ვუბლოკავთ გზას მაღალი დონის სპეციალისტებს სკოლისკენ. სკოლაში არიან მაღალი დონის სპეცმასწავლებლები, რომლებიც ასევე დისკრიმინირებულად გრძნობენ თავს. ვინაიდან, მათ აქვთ მაღალი კვალიფიკაცია, მიხედავად ამისა, ხელფასი აქვთ 260 ლარი და არ არიან აღიარებული მასწავლებლად.
–ყველა სპეციალურ მასწავლებელს 260 ლარი აქვს ხელფასი?
–უმეტესობას! თუმცა სკოლას ასევე აქვს უფლება, დაუმატოს, თუ ამის ფინანსური შესაძლებლობა აქვს. მაგრამ ისიც ლიმიტირებულია. მხოლოდ 20%-ის დამატების უფლება აქვს და ასეთი ძალიან ცოტა სკოლაა. ანუ სკოლების უმეტესობა არც არაფერს უმატებს, იმიტომ რომ ამის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს. ის კი არა სხვა რესურსისთვისაც არ რჩება თანხა.
–სამინისტროსთან, მასწავლებლეთა სახლთან თუ გქონიათ ამაზე საუბარი და რა დამოკიდებულება არსებობს მათი მხრიდან ამ პრობლემასთან დაკავშირებით?
–მე თვითონ წლების მანძილზე ვმუშაობდი „მასწავლებლის სახლში“. დღეს ვითვლები დამოუკიდებელ ექსპერტად. პირველი სტანდარტი სპეციალური მასწავლებლის, ჩემი მონაწილეობით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ არის გაკეთებული. „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ როდესაც შევიდა განმარტება, ამაშიც მონაწილეობდა განათლების სამინისტროსთან ერთად „მასწავლებლის სახლი“.
როდესაც მასწავლებლის სქემა შემუშავდა, ჩემს კოლეგებთან ერთად მასწავლებლის სახლში დავსხედით და შევიმუშავეთ ალტერნატიული სქემა, როგორ უნდა მომხდარიყო სპეცმასწავლებლის ინტეგრაცია სქემაში და მზად ვიყავით იმისთვის, რომ გაგვეკეთებინა ალტერნატიული სქემა. მაგრამ მე, პირადად, და ჩემმა კოლეგებმა ვერასოდეს ვერ მოვახერხეთ განათლების მინისტრთან შეხვედრა. თუმცა ამისთვის ვემზადებოდით.
მაშინ ქალბატონი თამარ სანიკიძე გახლდათ განათლების მინისტრი. გვინდოდა, უშუალოდ მისთვის აგვეხსნა, რატომ არის სპეციალური მასწავლებელი მასწავლებელი, იმიტომ რომ ეს შეკითხვა ძალიან ხშირად მომისმენია განათლების სპეციალისტებისგან. აღმოჩნდა, რომ ჩვენ ვერ ვასხვავებთ სპეცმასწავლებელს ასისტენტისგან და გამოდის, რომ ის ტექნიკური პერსონალია. ეს შეხვედრა ვერასოდეს ვერ მოვახერხეთ ვერც ალექსანდრე ჯეჯელავასთან.
–სურვილი არ გამოუთქვამს სამინისტროს და მინისტრს, თუ რატომ ვერ შედგა ეს შეხვედრა?
–ვერ გეტყვით. ჩვენი მხრიდან ეს სურვილი იყო. როდესაც ვერ მივაღწიეთ რომ სპეციალური მასწავლებელი ჩაგვერთო სქემაში, გადავწყვიტეთ მინისტრთან მიგვეტანა ეს ინფორმაცია. როდესაც სახელმწიფო სტრუქტურაში ვმუშაობდი, ჩემთვის ძნელი აღმოჩნდა ასეთ უმაღლეს ინსტანციასთან პირდაპირი კომუნიკაცია. თუმცა მე ვიცი, რომ მშობლები შეხვდნენ განათლების მინისტრს.
სპეცმასწავლებლის სქემაში ჩართვის მზაობა „მასწავლებლის სახლში“ იყო. რაც მე მშობლებისგან გამიგია, ეს უკავშირდება ფინანსებს. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ სპეცმასწავლებელბის რაოდენობა არც ისე ბევრია, ამან არ შეიძლება რომ ძალიან არსებითად შეცვალოს სურათი. ამ ეტაპზე ათასზე მეტია სპეცმასწავლებლების რაოდენობა. ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. სადღაც იქნება 1500-მდე.
მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ეს საკითხი მწვავედ დგას. თავად სკოლის დირექტორები, სპეციალური მასწავლებლები აღნიშნავენ ამას, ასევე – ბავშვების მშობლები. ყველასთვის მწვავედ დგას ეს პრობლემა. ეს უშუალოდ კავშირშია ინკლუზიური განათლების ხარისხთან. თუ სპეციალური მასწავლებელი მაღალკვალიფიციურია სკოლაში, თუ მისი ავტორიტეტი მაღალია, გამოცდილებამ აჩვენა, რომ სადაც არის მაღალკვალიფიციური კადრი, იქ სიტუაციაც სხვანაირია სკოლაში.
P.S. „ინკლუზიური განათლება – გულისხმობს ყველა ტიპის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროცესში თანატოლებთან ერთად. ინკლუზიური განათლება ასევე გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების ინდივიდუალური და/ან მოდიფიცირებული სასწავლო გეგმებით სწავლებას“, – ასეთი განმარტება გვხვდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, თუმცა რამდენად ეძლევათ ასეთი საჭიროების მქონე მოსწავლეებს ჯეროვანი განათლების მიღების შესაძლებლობა, ჩვენს რესპონდენტთან საუბრის შემდეგაც ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება
- დაიწყო რეგისტრაცია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით – ინსტრუქცია და ვადები by ARIS.GE-განათლება