GE

საქართველოს პროკურატურა ტექნიკური უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის 1 ლარად გადაცემის საკითხს შეისწავლის

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 17 ოქტომბერს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საინტერესო იქნება, წინა ხელისუფლების პირობებში, ტექნიკური უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის ერთ ლარად გადაცემის ფაქტის საქართველოს პროკურატურის მიერ შესწავლა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველამ ძალიან კარგად იცის, რაც მოხდა ამ უნივერსიტეტთან დაკავშირებით.

“საქართველოს ტექნიკური უნივრსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა ერთ ლარად გადაეცა პრეზიდენტის ოჯახის წევრს [მიხეილ სააკაშვილის დედას], რაც არის აბსოლუტურად ღია თავხედობა. რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება ამ საკითხის შესწავლა, დანარჩენი, დაველოდოთ შესაბამისი უწყების პასუხს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, დღეს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ, საქართველოს პროკურატურას განცხადებით მიმართა, სადაც ითხოვს, რომ “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შენობა დაყადაღდეს და შემდეგ ტექნიკურ უნივერსიტეტს დაუბრუნდეს”.

„მოგეხსენებათ, რომ წინა ხელისუფლების დროს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონების უდიდესი ნაწილი ფაქტობრივად, მიიტაცა ყოფილი პრეზიდენტის ოჯახმა. არის ეჭვი, რომ იყო სავარაუდოდ, სისხლის სამართლის დანაშაული. ამიტომ ჩვენმა უნივერსიტეტმა, პირადად მე, უნივერსიტეტის კანცლერმა, კოლეგიალურმა ორგანოებმა, აკადემიურმა საბჭომ, წარმომადგენლობითმა საბჭომ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ მიგვემართა საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს არც ერთი „კაპიკი“ არ მიუღია. მან [გიული ალსანია] გადაიხადა თუ არა საქართველოს ბიუჯეტში, ეს უკვე გენერალური პროკურატურის მოკვლევის საგანია. ეს არის უდიდესი ტერიტორია, ისტორიულად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტერიტორია, დაახლოებით 22 ათასი კვაადრატული მეტრი შენობა-ნაგებობებია“, – განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ პროკურატურაში, ჟურნალისტებთან საუბრისას.

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მიერ საქართველოს უნივერსიტეტის ქონების დაყადაღებისა და ჩამორთმევის მოთხოვნას ყკვე გამოეხმაურა საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, კონსტანტინე თოფურია.

მისი თქმით, არსებული ქონება საქართველოს უნივერსიტეტმა ეკონომიკის სამინისტროსგან შეიძინა და სამართლებრივად ამ საქმეს არანაირი პერსპექტივა აქვს.

“რაც შეეხება შეძენას, ეს არის უტიფარი ტყუილი, რომელიც წლების განმავლობაში მეორდება, ჩვენ არაერთხელ სასამართლოში შევიტანეთ, გავასაჩივრეთ ეს, თუმცა რა თქმა უნდა, რეაგირება რა ამას არ ჰქონია. ეს ქონებები, თვითონ გურგენიძეც აღიარებს და მისი პრორექტორი კოპალიანიც აღიარებს, რომ იყო თავის დროზე, რამდენიმე მილიონად შეძენილი. როცა საუბრობენ, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტს კაპიკი არ მიუღიაო, ეს ლოგიკურია. წულუკიანმაც განუმარტა, რომ ეს ქონებები ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა და შემდეგ ფული შეუვიდა ეკონომიკის სამინისტროს.

ეს ქონებები იყო არა ტექნიკური უნივერსიტეტის საკუთრება, არამედ ეს იყო ეკონომიკის სამინისტროს საკუთრება, ეს იყო დაუმთავრებელი მშენებლობები, აქ არასოდეს “გეპეი” არ ახორციელებდა სასწავლო საქმიანობას, არც კვლევით საქმიანობას, ეს იყო ეკონომიკის სამინისტროს დაუმთავრებელი მშენებლობები, რომლებიც ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე გაყიდა და საქართველოს უნივერსიტეტმა რამდენიმე მილიონად შეიძინა”, – განაცხადა “ტელეკომპანია ფორმულასთან” საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური