GE

სასკოლო ზონებში ტრანსპორტის სიჩქარის ლიმიტის 30 კმ/საათამდე შემცირებას ითხოვენ 

დედაქალაქში უსაფრთხო გადაადგილების მიზნით სიახლეებს უნდა ველოდოთ. ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებმა სიჩქარის ლიმიტის შემცირებაზე კომუნიკაცია დედაქალქის მერიასთანაც დაიწყეს და მოითხოვენ სიჩქარის ლიმიტის შემცირებას, როგორც სკოლებთან და მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებთან, ასევე ცენტრალურ ქუჩებზე.

საუბარია, რომ თბილისის ცენტრალურ ქუჩებში მაქსიმალური სიჩქარე განისაზღვროს 30-40 კმ/საათით და ამავდროულად, ორივე სანაპიროზე დაშვებული სიჩქარის (70 კმ/საათის) ლიმიტი შემცირდეს.

ფონდის, „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი, ირაკლი იზორია აცხადებს, რომ დღეს სკოლებთან ავტომობილების სიჩქარე 60, 70, 80 კმ/საათიცაა დაფიქსირებული ცენტრალურ ქუჩებში და ამიტომ, მნიშვნელოვანია, რეგულაცია მივიღოთ.

ორ წელიწადში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 1 062 მოზარდი დაშავდა – არის თუ არა რისკის ზონა სკოლების მიმდებარე ტერიტორიები

„ჩვენ, აუდიტის სამსახურთან ერთად გარკვეულ სკოლებთან სიჩქარის რადარით ე.წ შეფასება ჩავატარეთ და ვნახეთ, რომ 30 კმ/საათი კი არა, ხშირ შემთხვევაში, სკოლებთან 60,70,80 კმ/საათიცაა დაფიქსირებული, ცენტრალურ ქუჩებში. ამიტომ, მნიშვნელოვანია მივიღოთ  რეგულაცია“, – განაცხადა ირაკლი იზორიამ დღეს, 21 თებერვალს გამართულ პრეს-კონფერენციაზე, სადაც სასკოლო ზონებში 30 კმ/საათიანი სიჩქარის რეგულაციის მიღების აუცილებლობაზე ისაუბრა.

ფონდის ხელმძღვანელმა საერთაშორისო კვლევების შედეგებზე ისაუბრა და სხვა ქვეყნების მაგალითიც მოიყვანა.

„საერთაშორისო კვლევებით და მით უმეტეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევებით დასტურდება, რომ ბავშვებს ადრეული ასაკიდან სჭირდებათ უსაფრთხო და მწვანე გარემო, რაც მათ განვითარებას უწყობს ხელს როგორც ფიზიოლოგიურად, ისე ფსიქოლოგიურად. ამიტომ მნიშვნელოვანია, ბავშვებთან მიმართებაში გაზიარებული იყოს წარმატებული მაგალითები.

„ჩვენი ფონდი დაახლოებით 2 წელია, რაც სასკოლო ზონების მიმართულებით მუშაობს . ეს არის ადგილი, სადაც ბავშვთა საგზაო უსაფრთხოება მაქსიმალურად  უნდა იყოს დაცული და შესაბამისად, ვფიქრობთ და გვინდა, როგორც ევროპაში, თბილისშიც ისე იყოს ყველა სასკოლო ზონა 30კმ/საათი და ჩვენი ბავშვები იყვნენ დაცულები. მნიშვნელოვანია, მივიღოთ ეს რეგულაცია და ზუსტად მოთხოვნა ის იყოს, რომ სასკოლო ზონებთან იყოს 30 კმ/საათი“, – განაცხადა ირაკლი იზორიამ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური