GE

ორ წელიწადში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 1 062 მოზარდი დაშავდა – არის თუ არა რისკის ზონა სკოლების მიმდებარე ტერიტორიები

რამდენიმე დღის წინ თბილისის 59-ე საჯარო სკოლასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მე-4 კლასელ გოგონას, რომელიც სკოლაში მიდოდა სწრაფად მიმავალი ავტომობილი დაეჯახა. არასრულწლოვანის მდგომარეობა სტაბილურია, მას კიდურების მოტეხილობა აქვს და მკურნალობას გადის. საგანგაშოა ის, რომ მსგავსი საფრთხის წინაშე არაერთი მოსწავლე დგას, რადგან ქვეყანაში არც მძღოლების კულტურა და არც საგზაო ინფრასტრუქტურა შესაბამისი სტანდარტების არ არის.

თუ აქამდე მოსწავლეების მშობლებისთვის ნომერ პირველი პრობლემა დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებული სირთულეები იყო, სკოლების გახსნის შემდეგ მგზავრობის უსაფრთხოებაც გახდა. პრობლემა აქტუალურია რეგიონებში და განსაკუთრებით ქვეყნის დიდ ქალაქებში.

სახელმწიფოს სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, ახლადრეაბილიტირებულ გზებზე უსაფრთხოების გარკვეული ელემენტები გათვალისწინებულია, თუმცა მოქალაქეების დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ სკოლებისა და სასწავლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიებზე ტრანსპორტის მზარდი ნაკადების გამო, მოსწავლეების გადაადგილება უსაფრთხო არ არის.
ქუჩების გადაკვეთის დროს არსებული საფრთხისგან თავისუფალი არიან მხოლოდ ის მოზარდები, რომლებსაც სახელმწიფო თუ კერძო მომსახურების ფარგლებში სასკოლო ავტობუსები ემსახურება და ბავშვები სახლიდან სასწავლო დაწესებულებაში მიჰყავს, ან პირიქით.

სახელმწიფოს საჯარო სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტირებით უზრუნველყოფისთვის ყოველწლიურად 15 მილიონამდე ლარს ხარჯავს, თუმცა ქვეყანაში გაცილებით დიდია იმ მოსწავლეების რიცხვი, რომლებიც დიდ ქალაქებში ცხოვრობენ და მათი დამოუკიდებელი გადაადგილება გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. ამის შესახებ მშობლების ნაწილი საუბრობს.

„ჩემი შვილი ქუთაისი 41-ე საჯარო სკოლაში სწავლობს, სკოლა ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზეა, რუსთაველის გამზირზე. სკოლასთან ნამდვილად არის ზებრა გადასასვლელი დახაზული, მაგრამ პიკის საათებში ისეთი მოძრაობაა, დაწყებითი კლასის მოსწავლე გზას მარტო ვერანაირად ვერ გადაკვეთს, ალბათ, უფროს კლასშიც რომ იქნება მაშინაც ვერ გავრისკავ მარტო გავუშვა. შუქნიშანი, რომ იყოს გაცილებით უსაფრთხო იქნებოდა მოსწავლეების გადაადგილება. მეორე ბავშვი კერძო სკოლაში დაგვყავს აღმაშენებლის გამზირზე, იქ ზებრაც არ არის და ისეთი გადასასვლელია, ყოველდღე სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად გვიწევს გზის გადაჭრა“, – ამბობს მე-2 და მე-4 კლასელი მოსწავლეების მშობელი ნატა მახვილაძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

„თბილისში ვცხოვრობთ, გლდანში, როგორც იცით, საკმაოდ დიდხანს მიმდინარეობდა ხიზანიშვილი-ვეკუას ქუჩებზე გზის რეაბილიტაცია. ბევრი წუწუნებს ამდენ შუქნიშანზე და საცობზე, მაგრამ ძალიან კარგია. აღნიშნულ ქუჩებზე მე ჩემი შვილების გაშვება აღარ მეშინია, თუმცა, არის კიდევ ერთი მაგრამ – სკოლები ძირითადად მთავარი ქუჩის პარალელურ ქუჩებზე მდებარეობს, კი გაივლის ბავშვი ამ ახალ შუქნიშნებს მშვიდობიანად, მაგრამ სკოლასთან ისეთი საცობი და ისეთი მოძრაობა ხვდება, მე ძალიან მეშინია და ამხელა ბავშვს თან დავყვები. მოსახლეობასაც რომ ჰკითხოთ, ასეთი პრობლემა ძალიან ბევრი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზეა მაგალითად 39-ე, 173-ე, 191-ე, 115-ე, მე-6 საჯარო სკოლებთან, ეს რაც პირადად ვიცი, რადგან ამ ტერიტორიებზე მიწევს მგზავრობა. მართალია, გზებზე სკოლებთან არის სიჩქარის შემზღუდავი წინაღობები, მაგრამ პიკის საათებში ეს არაფერს ნიშნავს, იმდენად ინტენსიური მოძრაობაა. გარდა ამისა, ჩვენი მძღოლების დიდ ნაწილს არ გააჩნია შესაბამისი ცოდნა და კულტურა, რომ სასწავლო დაწესებულებასთან დაბალი სიჩქარით იმოძრაოს“, – ამბობს კიდევ ერთი მშობელი, მე-3 და მე-8 კლასელი მოსწავლეების დედა ნონა გაბუნია ჩვენთან საუბარში.

„ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ხელმძღვანელი ეკა ლალიაშვილი აცხადებს, რომ სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოების ბარიერები ზოგჯერ სიმბოლურადაა და რეალურ ფუნქციას ვერ ასრულებს.

„პრობლემა არის არამარტო თბილისში, არამედ სხვა ქალაქებშიც. ჩვენი არასრულწლოვანი ბავშვები, რომლებიც სკოლაში დადიან, იმის გამო, რომ ინფრასტრუქტურა არ არის სათანადო სტანდარტის, რჩებიან მაღალი რისკის ქვეშ, რიგ შემთხვევებში სკოლები და ბაღები, განსაკუთრებით კერძო დაწესებულებები. ჩვენ შემოვიარეთ სკოლების ნაწილი და არის მაგალითად საგზაო ნიშნები, რომელიც მძღოლს დაბალ სიჩქარეზე მიუთითებს, არის სიჩქარის შემაკავებელი ბორცვები, რომელიც მძღოლს აიძულებს შეანელოს ტრანსპორტი, მაგრამ ეს წინაღობები რიგ შემთხვევაში ან გაცვეთილია, ან დაზიანებულია და მიზანს ვერ ემსახურება. სკოლებთან საჭიროა ბარიერები ტროტუართან, რომ ბავშვს არ ჰქონდეს საშუალება მაშინვე ქუჩაში აღმოჩნდეს. საჭიროა შუქნიშნით რეგულირებული ზებრა გადასასვლელები. უნდა იყოს გარანტირებული ტრანსპორტის 20კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა, რომ საჭიროების შემთხვევაში უცებ დამუხრუჭება შეძლონ“, – ამბობს ეკა ლალიაშვილი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.
მისივე თქმით, ბოლო წლებია თბილისის მერია დიდი ყურადღებას უთმობს სატრანსპორტო პოლიტიკას, თუმცა სასწავლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აქცენტი არასდროს გაკეთებულა.

„თბილისის მერია აქტიურად მუშაობს სატრანსპორტო პოლიტიკაზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე, თუმცა მე არ მსმენია არც ერთი განცხადება, სადაც ხაზგასმით იქნებოდა საუბარი სკოლის მიმდებარე ტერიტორიებზე. კი, ბევრი ზებრა გადასასვლელი გაკეთდა და შუქნიშანი დაიდგა, მაგრამ კონკრეტულად სკოლის ზონების გამოყოფას და ბავშვებს უსაფრთხოებაზე თანმიმდევრულ მუშაობას, ჩვენ ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ“, – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დაცული მონაცემების თანახმად, ბოლო წლებში ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაღუპული და დაშავებული მოზარდების რიცხვი მცირე არაა. უწყების ოფიციალური მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 0-დან 16 წლამდე 20 მოზარდი გარდაიცვალა, 209 კი – დაშავდა. 2019 წელს გარდაიცვალა 19 და დაშავდა – 853 ბავშვი.

ეს სტატისტიკა რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ ყველა შემთხვევა სასწავლო დაწესებულებებში ტრანსპორტირებასთანაა დაკავშირებული, თუმცა საფრთხეები რეალურად არსებობს და ამაზე თავად მოქალაქეები საუბრობენ.

მოსწავლეები ლურჯი მიკროავტობუსებით უფასოდ იმგზავრებენ, სტუდენტები და მასწავლებლები – შეღავათიანი ტარიფით

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური