GE

სკოლამ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლის მიმართ შესაძლო ძალადობის შესახებ პოლიციას მიმართა

თელავში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის მიმართ ოჯახური ძალადობის სავარაუდო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მეხუთე კლასის მოსწავლის სახეზე სილურჯეები სკოლაში პედაგოგმა შენიშნა. სკოლის დირექტორმა ამის შესახებ პოლიციას შეატყობინა, რის შემდეგაც ბავშვი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმის განცხადებით, არასრულწლოვანს სახეზე და სხეულის სხვადასხვა ადგილზე დალურჯებები აღენიშნებოდა. შესაბამისი მკურნალობის შემდეგ მოზარდი სახლში გაწერეს.

თელავის პირველი სკოლის დირექტორის მაია ოთარაშვილის თქმით, მოსწავლეს სახეზე დაზიანება ადრეც შეამჩნიეს, თუმცა ბავშვმა ძალადობის ფაქტი მაშინ თავად უარყო და თქვა რომ კატამ დაკაწრა.

საკითხის მოგვარებაში სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სამხარეო სამსახური ჩაერთო და არასრულწლოვანზე დროებით ზრუნავა მამიდას დაეკისრა. როგორც გაირკვა, არასრულწლოვანის მშობლები ერთად არ ცხოვრობენ და საქართველოში არ იმყოფებიან, რის გამოც ბავშვი დედის დედასთან, ბებიასთან ცხოვრობდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ბებიას მოზარდზე მეურვების კანონიერი უფლება არ ჰქონდა.

წინასწარი ინფორმაციით ვარაუდობენ, რომ ბავშვს ფიზიკურად ბებია გაუსწორდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური