GE
19 სექტემბერი, 2024 12:00

„ისეთი არაა, როგორზეც მშობლები მიყვებოდნენ“ – პირველკლასელის პირველი კვირა სკოლაში

ფერად-ფერადი ტანსაცმელი, მასწავლებლისთვის საგულდაგულოდ შეფუთული ნაზი ყვავილები, ტკბილეული და, რაც მთავარია, ინტერესით სავსე, აციმციმებული თვალები. ასე დაიწყო პირველკლასელების პირველი დღე სკოლაში. აი, უკვე კვირის ბოლოა და ჩვენს პატარებსაც შეუძლიათ უფრო თამამი პასუხები გასცენ EDU.ARIS.GE-ს კითხვას, რომლითაც უფროსები არ ასვენებენ – „აბა, მოგწონს სკოლა?!“.

თინათინ (თინია) ხუროძე თბილისის 221-ე საჯარო სკოლის პირველკლასელია. პირველ დღეს მან საყვარელი კომიქსის პერსონაჟის, ჰარლი ქვინის სტილი მოირგო. როგორც გავარკვიეთ, ადრე უნდოდა, მოცეკვავე ყოფილიყო, ახლა კი გადაწყვიტილი აქვს, რომ ისეთი მოსწავლე იყოს „ქიმიის გაკვეთილზე ცდების სწორად ჩატარება რომ გამოსდით”.

„მომეწონა ჩემი კლასელები, თამაში და ცეკვა. ძალიან მომეწონა ჩემი კლასი, მაგრამ ჯერ არ ვიცი სხვა კლასები როგორია. ჩემს კლასში ბრჭყვიალა რაღაცები იყო ჩამოკიდებული. ბავშვებმა ჩამოაგდეს ეგ ბრჭყვიალები და არ მომეწონა. ისე, მეც ვცელქობდი”,- გვიყვება თინია.

პირველკლასელი დეტალურად გვიამბობს, როგორია მისი თვალით დანახული სკოლის პირველი კვირა.

აი, რა შთაბეჭდილებებს გვიზიარებს ის:

„ძალიან მომეწონა ჩემი თეონა დამრიგებელი (თეონა გოგოლაძე), ულამაზესი მასწავლებელი მყავს. არის კეთილი და მხიარული. არ მიბრაზდება, როცა ვცეკვავ. მირჩია, ცეკვა კარგად გამოგდის და ასწავლე სხვა ბავშვებსაცო. მშობლებმა მითხრეს, არ თქვა ცუდი სიტყვებიო, მაგარი იქნება სკოლაშიო, გაერთობიო და ახალ მეგობრებს გაიჩენო. ისეთი არაა, როგორზეც მშობლები მიყვებოდნენ, მაგრამ არც ისეთია, მე როგორიც მეგონა.

„მეგონა ფართისავით იქნებოდა – ბევრი გართობა, მაგრამ მთლად ასეთი არაა. არა უშავს. იცი, კიდევ რა მომეწონა, პირველ დღეს ახალი თამაში ვისწავლე. ძნელი არ არის სწავლა, მაგრამ ვიღაცები არ მომეწონენ და მთელი დღე მათთან ერთად რომ უნდა გავატარო, არ მომწონს. იმედია, ჩემი მეგობრები გახდებიან”, – აგვიხსნა თინიამ.

აბა, მშობლებო, თქვენი პირველკლასელები რას ფიქრობენ? როგორია საყვარელი პატარების პირველი კვირა სკოლაში?

ასევე იხილეთ:

როგორ ჩავდო ინვესტიცია შვილის განათლებაში სწორად და შედეგიანად – მშობელი გამოცდილებას გაგიზიარებთ

ჩემი შვილი ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი – სპეციალისტი გამოსავლის პოვნაში დაგეხმარებათ

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში