თუ სწავლის დაწყების პირველ დღეს შვილების ფოტოების სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებას აპირებთ – რჩევები უსაფრთხოებისთვის
16 სექტემბერს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყება.
იმ მშობლების საყურადღებოდ, ვინც სწავლის დაწყების პირველ დღეს შვილების ფოტოების სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებას აპირებს, პირად მონაცემთა დაცვის სამსახური სასარგებლო რჩევებს უზიარებს.
EDU.ARIS.GE რჩევებს უცვლელად წარმოგიდგენთ:
“სანამ ბავშვების ფოტოებს საჯაროდ განათავსებთ, უსაფრთხოებისთვის, რამდენიმე საინტერესო რჩევას გიზიარებთ.
ბავშვების შესახებ ინფორმაციის უსაფრთხოება – სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული ფოტოების გადაღება და გაზიარება
ბავშვებს, სრულწლოვანი პირების მსგავსად, ციფრულ გარემოში პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება აქვთ. აღნიშნული მოიცავს მათი პერსონალური მონაცემების და პირადი კომუნიკაციების კონფიდენციალურობის დაცვას.
აღნიშნულ უფლებას პატივი უნდა სცეს ყველამ, მათ შორის, ბავშვის მშობლებმა ან/და კანონიერმა წარმომადგენლებმა.
ხშირად რთულია ციფრულ გარემოში ბავშვის პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება, შეეთავსოს მშობლების და საზოგადოებრივ ინტერესებს. მშობლის, ისევე როგორც ბავშვის ონლაინ აქტივობების დროს, ბავშვების პოტენციური რისკებისგან დაცვის მიზანი უნდა დაბალანსდეს მათი პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებასთან (და სხვა უფლებებთან, როგორიცაა გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლება).
ხშირ შემთხვევაში არასრულწლოვნებს არ აქვთ შესაძლებლებლობა თავად განსაზღვრონ მათი რა მონაცემები შეიძლება გახდეს ხელმისაწვდომი მესამე პირებისთვის, განსკუთრებით ციფრულ გარემოში მონაცემების გაზიარებისას. აღნიშნულმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს მათ უფლებებზე არამხოლოდ არასრულწლოვნობის პერიოდში, არამედ ცხოვრების შემდგომ ეტაპებზეც.
დაფიქრდი, სანამ გააზიარებ
ახალი სასწავლო წლის დაწყება მნიშვნელოვანი მოვლენაა მოსწავლეებისთვის, მათი მშობლებისთვის და სასწავლო დაწესებულებებისთვის. შესაბამისად, ამ პერიოდში სოციალურ ქსელებში ბავშვების უამრავი ფოტო ვრცელდება. აღნიშნულს უმეტეს შემთხვევებში თან ახლავს აღწერილობები, რომელიც შეიცავს მოსწავლის შესახებ ინფორმაციას (მაგალითად, სახელი, გვარი, სასწავლო დაწესებულება, კლასი და სხვა.)
სოციალურ ქსელში ბავშვების ფოტოსურათების გამოქვეყნებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მათი პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას.
ბავშვების თანხმობა ფოტოების გადაღება/გაზიარებასთან დაკავშირებით
ფოტოსურათი, სადაც ბავშვია გამოსახული, მისი პერსონალური მონაცემია, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ფოტოს გაზიარებამდე არასრულწლოვნის მოსაზრება იყოს გათვალისწინებული.
თუ ბავშვები მათი ფოტოსურათების სოციალურ მედიაში გაზიარებაზე არ არიან თანახმა – არ უნდა გამოვაქვეყნოთ ისინი. ფართო აუდიტორიისთვის გასაჯაროების ნაცვლად, უმჯობესია ბავშვის ფოტოსურათები მხოლოდ ვიწრო წრეს გავუზიაროთ (მაგალითად, დახურულ ჯგუფში, პირად მიმოწერაში).
თუ კადრში სხვა ბავშვებიც ხვდებიან, ძალიან მნიშვნელოვანია მათი და მათი მშობლების ნებართვის მოპოვებაც.
თუ ფოტოს გადაღება ხდება სკოლის წარმომადგენლების მხრიდან, მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეთ მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა, როგორც გადაღებაზე ისე გასაჯაროებაზე.
სკოლის პირველ დღეს გადაღებული ფოტოების სოციალურქსელებში განთავსებამდე,
საჭიროა შემდეგი მარტივი რჩევების გათვალისწინება:
- შევზღუდოთ დიდი რაოდენობით ინფორმაციის გაზიარება!
სოციალურ ქსელებში, სკოლის პირველ დღეს ხშირად შევხვდებით ფოტოებს, სადაც ბავშვებს სკოლის მერხზე უდევთ ან ხელში უჭირავთ ფურცელი მათი სახელის, ასაკის, კლასის და სხვა ინფორმაციის მითითებით.
რეკომენიდრებულია, ბავშვისთვის/ბავშვებისთვის ფოტოსურათის გადაღებისას გავითვალისწინოთ, რომ მასზე დატანილი ინფორმაცია არ იწვევდეს არასრულწლოვნის შესახებ გადამეტებული ინფორმაციის გასაჯაროებას (ასაკი, კლასი, სასწავლო დაწესებულება, გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და ა.შ).
ფოტოსურათის გადაღებისას და მის გაზიარებამდე რეკომენდირებულია შემდეგი საკითხების გათვალისწინება:
– ჩანს თუ არა ფოტოზე ისეთი რამ, რაც იმაზე მეტ ინფორმაციას გასცემს ბავშვის შესახებ, ვიდრე გვსურს?
მაგალითად: სკოლის უნიფორმა ან მისი ლოგო, რომელიც მიანიშნებს ბავშვის სასწავლო დაწესებულებაზე;
– მონიშნულია თუ არა სურათზე სასწავლო დაწესებულება, სადაც ბავშვი სწავლობს;
– ფოტოს გადაღების ადგილი: შესაძლოა ფოტო გადაღებული იყოს სახლის ან ეზოს კარის წინ, სადაც ჩანს ბავშვის სახლის მისამართი, ან გეოგრაფიული მდებარეობა;
– თუ ფოტო სკოლის ტერიტორიაზე გადავიღეთ, ჩანს თუ არა სკოლის სახელწოდება, ნომერი ან მისამართი;
პირთა წრე, ვინც ნახავს ფოტოსურათებს
ფოტოს გასაჯაროებამდე რეკომენდირებულია წინასწარ განვსაზღვროთ აუდიტორია, ვისთვისაც ის ხელმისაწვდომი გახდება. მაგალითად, თუ სოციალური მედიის გვერდი „კონფიდენციალურია“ (“private account”), ბავშვის ფოტოს მხოლოდ ჩვენი მეგობრები ნახავენ.
ბევრ ადამიანს სოციალურ მედიაში ისეთი მეგობრები ანდა გამომწერები ჰყავს, რომლებსაც რეალურ ცხოვრებაში არ შეხვედრია ან მისთვის სრულიად უცხო პირია. შესაბამისად, ბავშვების პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია (როგორიცაა ფოტოსურათი, ვიდეო ან პოსტის აღწერილობითი ნაწილი) მათთვისაც გახდება ხილვადი. აღნიშნული კი ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა საფრთხეებს შეიცავდეს არასრულწლოვნის პერსონალურ მონაცემთა დაცვის (და არა მხოლოდ) კუთხით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი არასრულწლოვნების პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ
ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისათვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს არასრულწლოვნების პერსონალური მონაცემების დამუშავების სპეციალურ სტანდარტს.
თანხმობა მონაცემთა დამუშავებაზე: კანონის მე-7 მუხლით მოწესრიგებულია არასრულწლოვნის შესახებ მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობის გაცემის წესი და პირობები.
არასრულწლოვნის შესახებ მონაცემთა დამუშავებისას დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, გაითვალისწინოს და დაიცვას მისი საუკეთესო ინტერესები. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, არასრულწლოვანს მიაწოდოს ინფორმაცია მარტივ და მისთვის გასაგებ ენაზე.
რეკომენდაციები ბავშვების მხრიდან მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობის მოსაპოვებლად:
- თანხმობა უნდა იყოს მკაფიო და სხვა საკითხებისგან გარჩევადი, გასაგები და მარტივად ხელმისაწვდომი;
- გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვების ასაკი და მათი განვითარების დონე;
- დაუშვებელია კონფიდენციალურობის ვრცელი პოლიტიკის გამოყენება, რომლის გაგებაც რთულია;
- მონაცემთა შეგროვებამდე მკაფიოდ უნდა იყოს განმარტებული რისთვის გვთხოვენ თანხმობას;
- თანხმობის გამოხმობა – თანხმობის გაუქმება ისეთივე მარტივი უნდა იყოს, როგორც მისი გაცემა. ეს ნიშნავს, რომ თანხმობის გაუქმების პროცესი უნდა იყოს ადვილად ხელმისაწვდომი და ერთსაფეხურიანი. თუ შესაძლებელია, მონაცემთა სუბიექტს უნდა შეეძლოს თანხმობაზე უარის თქმა იმავე მეთოდებით, რა გზითაც გასცა თანხმობა.
ავსტრალია ბავშვებისთვის სოციალური ქსელების გამოყენებაზე ასაკობრივი შეზღუდვის დაწესებას გეგმავს
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 005-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის II კვარტალში by ინფოLIFE
- სკოლის მანდატურების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა – რეგიონების სია, ხელფასი და საკონკურსო პირობები by ინფოLIFE
- სამხედრო ფიცი განახლდა – ტექსტი პრემიერ-მინისტრის ახალი დადგენილებით by ინფოLIFE