GE

თქვენი განათლების რეფორმის შედეგები ხელშესახები გრძელვადიან პერიოდში იქნება – სავალუტო ფონდის დირექტორი

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი კრისტინ ლაგარდი იმყოფება.

ლაგარდი ქართველი სტუდენტების წინაშე საქართველოს ეკონომიკის შესახებ მოხსენებით წარსდა, სადაც მან ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ განვლილ გზაზე და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელთა გადალახვაც საქართველოს დღევანდელი ეკონომიკური განვითარების მისაღწევად მოუწია.

კრისტინ ლაგარდი მიმდინარე განათლების რეფორმასაც გამოეხმაურა.

„განათლების რეფორმა საქართველოს ეკონომიკის ძირითად გამოწვევას, ეკონომიკისა და შრომის ბაზრის მოდერნიზებას ემსახურება. თქვენ კომპანიებისა და ანტერპრენერებისგან გამუდმებით გესმით, – “ჩვენ უბრალოდ ვერ ვპოულობთ საკმარისი რაოდენობის კვალიფიციურ მუშახელს.”

“სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობა ფუნდამენტური რეფორმის განხორციელებას გეგმავს, რათა შეიქმნას მეტი შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, რათა შემდგომში მათ გაზარდონ ქვეყნის პროდუქტიულობა და მოიპოვონ მაღალანაზღაურებადი სამსახურები – განსაკუთრებით კი – ფინანსურ, სატრანსპორტო და ტურიზმის სექტორებში. რა თქმა უნდა, განათლების რეფორმის შედეგები ხელშესახები იქნება არა მოკლევადიან, არამედ გრძელვადიან პერიოდში. მოკლევადიან პერიოდს რაც შეეხება, აქ შესაძლებელია დაინერგოს უფრო მოქნილი პოლიტიკა, რაც მაგალითად გადამზადების კურსების დანერგვას და უახლესი მეთოდების – ონლაინ სწავლების ინსტრუმენტების და სამსახურების ძებნის ახალი სისტემების შემოღებას მოითხოვს”, – აღნიშნა კრისტინ ლაგარდმა.

დღესვე გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მადლობა გადაუხადა სავალუტო ფონდის დირექტორს განათლების რეფომის განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის.

„მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხაო ქალბატონ ლაგარდს და ფონდს იმ ძალიან მნიშვენლოვან რეფორმაში მონაწილეობისთვის, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ეროვნულ იდეას და ეს არის განათლება… ეს არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვენლოვანი რეფორმა, აქ ჩვენ ველოდებით ისეთ შედეგებს, რომელიც საშუალებას მოგვცემს საქართველო გავხადოთ ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი ქვეყანა XXI  საუკუნეში”, -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ა.წ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური